შემოგვიერთდით facebook-ზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტონელ მოსამართლეებს უმასპინძლა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ესტონეთის  მოსამართლეთა და ადვოკატთა დელეგაცია იმყოფებოდა.
ესტონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლეა კივი, ქალაქ ტარტუს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები - ზაქარია ნემსიწვერიძე, ანდრეს მიილასთე და დონალდ კიიდიარვი, ადვოკატი ოლევ კუკლასე სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრები  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდნენ და  სამოქალაქო საქმეთა წარმოების შესახებ ინფორმაცია გაცვალე. კერძოდ, საოჯახო დავების განხილვისას ბავშვთა უფლებების დაცვის, სასამართლოში საქმის განხილვისას მშობელთა და შვილთა  ურთიერთობის, მამობის დადგენისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მოსამართლეთა ინკვიზიციურობისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს სამოქალაქო საქმეების წარმოების  სამართლებრივი პრაქტიკა  გაუზიარეს.

17-09-2013, 16:01

პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არაერთ საქმეს განიხილავს , რომლებშიც ფიქსირდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე წარმოებული, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, გამოსაძიებლად  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის იქნა გადაცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სისხლის სამართლის საქმე მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და სხვა. 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N34 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N178 ბრძანება  პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, ანალოგიურად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიაკუთვნებდა.

17-09-2013, 15:44

არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სკოლის ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, პედაგოგებს შეხვდა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ორსართულიან სასწავლო დაწესებულებაში პირველ სართულზე საკლასო ოთახები, ხოლო მეორეზე სარეაბილიტაციო ცენტრია განთავსებული. ცენტრის სივრცე რამდენიმე მრავალფუნქციური ოთახისგან, ასევე ჯგუფური თერაპიისა და სოციალურ მუშაკთან ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი კაბინეტებისგან შედგება. სკოლას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ, დამატებით საკითხავი, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა მოიძიონ.  სასწავლო დაწესებულებაში განახლებულია აღჭურვილობაც.

სკოლის შენობა, რომლის აშენების სურვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურუდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გასული წლის 1 ნოემბერს გამოთქვა, ექსპლოატაციაში უკვე რამდენიმე კვირაა შევიდა.  მშენებლობა 2013 წლის თებერვალში, დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. მინისტრის დაპირებისამებრ, არასრულწლოვანების სპეციალიზებულ N11 დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო.

ახალი სკოლა 100-მდე მოსწავლის საჭიროებაზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულების აგების სანაცვლოდ კი,  საცხოვრებელი ფართი გაიზარდა. არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რამდენიმე თვის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, განახლდა და კეთილმოეწყო კომპიუტერული კაბინეტიც.

17-09-2013, 14:55

იუსტიციის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბრიუსელს, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.  
ვიზიტის ფარგლებში  თეა წულუკიანი ევროკომისრებს − სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს, ევროკავშირის იუსტიციის საქმეთა დეპარტამენტის  გენერალურ დირექტორს შეხვდება. იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით წარდგება, სადაც საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს სამართლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილებს.

17-09-2013, 14:02

შინაგან საქმეთა მინისტრმა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დაამტკიცა
2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს თითოეული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისუფალი არჩევანი. ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება გამოიყენონ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, სადაც არ იქნება არავის, მით უმეტეს, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან ზეწოლა და ძალადობა. შსს-ს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ისჯება კანონით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს.

13-09-2013, 13:54

,,რუსთავი 2"-ის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა
დღეს, 12 სექტემბერს, 10:28 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, სანდრო ეულის ქ. N5ა-ში „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან, იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, მიმდებარე ტერიტორია ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და პერიმეტრი დაიცვეს.

12-09-2013, 13:44

კახეთში ადამიანის უფლებათა დამცველებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს

გურჯაანში, პროექტის - „სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის საკონტაქტო პირის დანიშვნის გზით“ - პრეზენტაცია გაიმართა.  პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.  პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაფართოება და სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისთან ერთად, რეგიონში, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციების მომზადება. 
პრეზენტაციას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე,  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

12-09-2013, 12:10

ძებნილი სერგო გოგოლაძე ესპანეთში დააკავეს
თბილისის და მადრიდის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად საქართველოს მოქალაქე სერგო გოგალაძე ესპანეთში დააკავეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ სხეულის განზრახ მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა.

11-09-2013, 16:20

ჩოხატაურში პრობაციონერები დასაქმდნენ
გურიის პრობაციის ბიუროს ხელშეწყობით, ჩოხატაურის რაიონში კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

ჩოხატაურის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე აყვანისას, პირობით მსჯავრდებულმა ზაზა გ-მ განმარტა, რომ მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდა. პრობაციის ბიუროს ოფიცერმა პრობაციონერის დასაქმების რეკომენდაციით მიმართა სააქციო საზოგადოება „თბილისს“, რომელიც დაბა ჩოხატაურში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. კომპანიის ადმინისტრაციამ დააკამყოფილა პრობაციის ბიუროს თხოვნა, ზაზა გ. სამუშაოზე აიყვანა და ყოველდღიურ ანაზღაურებად 30 ლარი დაუნიშნა.

11-09-2013, 15:50

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნის სერვისი ამოქმედდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში, ხანგრძლივი პაემნისათვის განკუთვნილი, სასტუმროს ტიპის შენობა გახსნა და რვა, ხანგრძლივ პაემანზე გათვლილი, კეთილმოწყობილი ოთახი დაათვალიერა.

ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ფართში ყველა პირობაა შექმნილი 24 საათის კომფორტულად გასატარებლად. გარემონტებულ ოთახებში შეტანილია შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ.

მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან ან ძმასთან. კანონის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი 24 საათის განმავლობაში გრძელდება.

11-09-2013, 15:43

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნებთან დაკავშირებიოთ განმარტებას აკეთებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების წინ, განმარტებებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის კვალდაკვალ, იუსტიციის სისტემის თანამშრომელთათვის, შემდეგი სახის განმარტებას აქვეყნებს:
არჩევნები 2013
განმარტებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი სსიპ-ების თანამშრომლებისათვის
არჩევნების დღე - 27 ოქტომბერი, 2013 წ.
არჩევნების დღეს კენჭისყრა არის ფარული. არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველა თანამშრომლისათვის.
არჩევნებში ყველა კანდიდატი რომ თანასწორი იყოს, აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:
მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები (მაგ., დეპარტამენტის,  სამმართველოს უფროსი, განყოფილების დირექტორი, და სხვ.), ასევე, პროკურატურის თანამშრომლები არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.

11-09-2013, 14:58

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.
2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

11-09-2013, 13:42



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა