შემოგვიერთდით facebook-ზე
არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სკოლის ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა
17-09-2013, 14:55  /  ნახვა: 1773

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, პედაგოგებს შეხვდა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ორსართულიან სასწავლო დაწესებულებაში პირველ სართულზე საკლასო ოთახები, ხოლო მეორეზე სარეაბილიტაციო ცენტრია განთავსებული. ცენტრის სივრცე რამდენიმე მრავალფუნქციური ოთახისგან, ასევე ჯგუფური თერაპიისა და სოციალურ მუშაკთან ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი კაბინეტებისგან შედგება. სკოლას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ, დამატებით საკითხავი, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა მოიძიონ.  სასწავლო დაწესებულებაში განახლებულია აღჭურვილობაც.

სკოლის შენობა, რომლის აშენების სურვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურუდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გასული წლის 1 ნოემბერს გამოთქვა, ექსპლოატაციაში უკვე რამდენიმე კვირაა შევიდა.  მშენებლობა 2013 წლის თებერვალში, დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. მინისტრის დაპირებისამებრ, არასრულწლოვანების სპეციალიზებულ N11 დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო.

ახალი სკოლა 100-მდე მოსწავლის საჭიროებაზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულების აგების სანაცვლოდ კი,  საცხოვრებელი ფართი გაიზარდა. არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რამდენიმე თვის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, განახლდა და კეთილმოეწყო კომპიუტერული კაბინეტიც.

ამჟამად, არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში 43 მსჯავრდებული იმყოფება. მათი 90% სასკოლო ასაკისაა და სწავლას განაგრძობს. არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სწავლების პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმით ხორციელდება და ქვეყანაში არსებული განათლების სტანდარტებს შეესაბამება. სასწავლო პროცესს, არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში, განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის N123 საჯარო სკოლა ახორციელებს.

ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზების მიზანი არასრუწლოვან მსჯავრდებულთათვის ზოგადი ან პროფესიული განათლების მიცემა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა.
 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა