სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში, ხანგრძლივი პაემნისათვის განკუთვნილი, სასტუმროს ტიპის შენობა გახსნა და რვა, ხანგრძლივ პაემანზე გათვლილი, კეთილმოწყობილი ოთახი დაათვალიერა.
ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ ფართში ყველა პირობაა შექმნილი 24 საათის კომფორტულად გასატარებლად. გარემონტებულ ოთახებში შეტანილია შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა. ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ.
მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან ან ძმასთან. კანონის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი 24 საათის განმავლობაში გრძელდება.
ხანგრძლივი პაემნის დასანიშნად, მსჯავრდებულმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ორი კვირით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს. ხანგრძლივ პაემანზე დაიშვება ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ერთი არასრულწლოვანი.
მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ასევე 2 - წახალისების სახით. რაც შეეხება არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, მათ უფლება აქვთ წელიწადში სამი ხანგრძლივი პაემნით ისარგებლონ, ხოლო წახალისების ფორმით - 2 დამატებითი პაემნით.
ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემანი სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში მოქმედებს. კერძოდ, რუსთავის N6 დაწესებულება; არასრულწლოვანთან N11 დაწესებულება, გეგუთის N14 დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება, რუსთავის N17 დაწესებულება. ხანგრძლივი პაემნის სერვისი მალე ამოქმედდება ბათუმის N4 და რუსთავის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
„პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ვალდებულია 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.