შემოგვიერთდით facebook-ზე
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნებთან დაკავშირებიოთ განმარტებას აკეთებს
11-09-2013, 14:58  /  ნახვა: 2458

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  არჩევნების წინ, განმარტებებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის კვალდაკვალ, იუსტიციის სისტემის თანამშრომელთათვის, შემდეგი სახის განმარტებას აქვეყნებს:
არჩევნები 2013
განმარტებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შესაბამისი სსიპ-ების თანამშრომლებისათვის
არჩევნების დღე - 27 ოქტომბერი, 2013 წ.
არჩევნების დღეს კენჭისყრა არის ფარული. არჩევანის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველა თანამშრომლისათვის.
არჩევნებში ყველა კანდიდატი რომ თანასწორი იყოს, აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება:
მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლები (მაგ., დეპარტამენტის,  სამმართველოს უფროსი, განყოფილების დირექტორი, და სხვ.), ასევე, პროკურატურის თანამშრომლები არ შეიძლება აირჩნენ/დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.
სხვა საჯარო მოხელის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.
სამინისტროს თანამშრომელი შესაძლებელია, იყოს ცენტრალური საარჩევნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.
სამინისტროს თანამშრომლები არ შეიძლება იყვნენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი.
სამინისტროს თანამშრომელს (გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არ აქვს უფლება, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში.
აკრძალულია სამინისტროს შენობაში და მის მიმდებარედ წინაასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება. ასევე, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სამინისტროს ინტერიერსა და ექსტერიერში.
სამინისტროს თანამშრომელს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის  მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის, ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის, ქაღალდის, ბაინდერის, ტრანსპორტის, საწვავისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული სხვა ნებისმიერი ქონების გამოყენებას). 
იმ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება,  ეკრძალება:
სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას.
სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა.
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მინისტრსა და მის მოადგილეებზე.

არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია:
ისეთი პროექტების/ პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძოდ, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობის გაზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობის ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე  არანაკლებ 60 დღით ადრე.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზეც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან, ანუ 2013 წლის 07 სექტემბრიდან, კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გაცემის დაპირებით (ანუ საჯარო მოხელეს ეკრძალება საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ამ მოქმედების განხორციელება, მათ შორის, არასამუშაო პერიოდში). 
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება (ანუ საჯარო მოხელეს ეკრძალება, პირადი სახსრებით გაწიოს ისეთი სამუშაო, რომლის შესრულებაც სახელმწიფო ორგანოების ფუნქციაა. იგულისხმება არასამუშაო პერიოდიც).

პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის:

ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა