„ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ბექა თ. ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული აღიარებს ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრია. მას ურთიერთობა ჰქონდა პატიმრობაში და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „ქურდული სამყარო“-ს წევრებთან.
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული სულიკო ლ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქობულეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „მაკაროვი“-ს სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, 3 ხელნაკეთი პისტოლეტი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატის 4 მჭიდი, „ერ-გე-დე“-ს ტიპის ერთი ხელყუმბარა, „ეფ 1“-ის ტიპის ერთი ხელყუმბარა, დენთის 234 ცალი ფეთქებადი ჩხირი და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის 199 საბრძოლო ვაზნა.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეცნიერმა გიორგი ცხადაიამ საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრმა გიორგი ცხადაიამ, საჯარო ლექცია - „თანამედროვე სოციალური მოძრაობები" - წაიკითხა.
გიორგი ცხადაიამ, მუშათა კლასზე, გერმანელ ,,მწვანეებზე”, სოციალურ დემოკრატიულ წყობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ახალ, თანამედროვე სოციალურ მოძრაობებს ორ ნაწილად ყოფს: პირველი, რომელიც პოლიტიკაში შედიოდა, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ტადიციულ პოლიტიკაში არ შედიოდა.
მან განმარტა, თუ რას წარმოადგენენ სოციალური მოძრაობები, რა იდეები აქვთ, რა მიზნებს ემსახურებიან, რომ მათი წარმომადგენლები თვითრეფლექსიას მისდევენ. ისინი ძირითადად საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავენ და ინტელექტუალურ დისკუსიებში არიან ჩართულები.
„ჩემი ლექციის მიზანია, უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ფიქრი პრობლემებზე, რომელიც თანაბრად აწუხებთ დედამიწის მაცხოვრებლებს, ეს გლობალური დისკუსიის ნაწილია. იმისათვის, რომ რაღაცის შეცვლა შევძლოთ, პირველ რიგში მოქმედებაა საჭირო და კიდევ, ახალი სოციალური მოძრაობები, ჩვენი სივრციდან არ უნდა განვდევნოთ.“
იუსტიციის მინისტრი ევროკომისრებს - შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომს - შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრებზე განაცხადა მინისტრმა, მთავრობის მიზანია, ინსტიტუტების დონეზე დემოკრატიის მშენებლობა; ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ეკონომიკურად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ნებისმიერი მომავალი მთავრობის ხელში შეუქცევადი იქნება.
იუსტიციის მინისტრი ევროკომისრებს იმ რეფორმების შესახებაც ესაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში; მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეორე ტალღის, „შრომის კოდექსის“, „სისხლის სამართლის კოდექსის“, ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სხვათა შესახებ.
„ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ქართველ ხალხს, რომელიც შეუსვენებლივ აგრძელებს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა
პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ,,რივერ საიდთან” მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.
ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა. გოდერძი იობიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასჯელაღსრულების სამინისტრო ელისო კილაძის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სამინისტროს ინფორმაციით, კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტონელ მოსამართლეებს უმასპინძლა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ესტონეთის მოსამართლეთა და ადვოკატთა დელეგაცია იმყოფებოდა.
ესტონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლეა კივი, ქალაქ ტარტუს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები - ზაქარია ნემსიწვერიძე, ანდრეს მიილასთე და დონალდ კიიდიარვი, ადვოკატი ოლევ კუკლასე სასამართლოს თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მიიღო.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს შეხვდნენ და სამოქალაქო საქმეთა წარმოების შესახებ ინფორმაცია გაცვალე. კერძოდ, საოჯახო დავების განხილვისას ბავშვთა უფლებების დაცვის, სასამართლოში საქმის განხილვისას მშობელთა და შვილთა ურთიერთობის, მამობის დადგენისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მოსამართლეთა ინკვიზიციურობისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს სამოქალაქო საქმეების წარმოების სამართლებრივი პრაქტიკა გაუზიარეს.
პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, არაერთ საქმეს განიხილავს , რომლებშიც ფიქსირდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე წარმოებული, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, გამოსაძიებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის იქნა გადაცემული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სისხლის სამართლის საქმე მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N34 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანების დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ N178 ბრძანება პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, ანალოგიურად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიაკუთვნებდა.
არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში სკოლის ახალი შენობა ექსპლუატაციაში შევიდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, პედაგოგებს შეხვდა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ორსართულიან სასწავლო დაწესებულებაში პირველ სართულზე საკლასო ოთახები, ხოლო მეორეზე სარეაბილიტაციო ცენტრია განთავსებული. ცენტრის სივრცე რამდენიმე მრავალფუნქციური ოთახისგან, ასევე ჯგუფური თერაპიისა და სოციალურ მუშაკთან ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი კაბინეტებისგან შედგება. სკოლას აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ, დამატებით საკითხავი, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა მოიძიონ. სასწავლო დაწესებულებაში განახლებულია აღჭურვილობაც.
სკოლის შენობა, რომლის აშენების სურვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურუდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გასული წლის 1 ნოემბერს გამოთქვა, ექსპლოატაციაში უკვე რამდენიმე კვირაა შევიდა. მშენებლობა 2013 წლის თებერვალში, დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. მინისტრის დაპირებისამებრ, არასრულწლოვანების სპეციალიზებულ N11 დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო.
ახალი სკოლა 100-მდე მოსწავლის საჭიროებაზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულების აგების სანაცვლოდ კი, საცხოვრებელი ფართი გაიზარდა. არასრულწლოვანთა N11 სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რამდენიმე თვის წინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, განახლდა და კეთილმოეწყო კომპიუტერული კაბინეტიც.
იუსტიციის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბრიუსელს, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ევროკომისრებს − სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს, ევროკავშირის იუსტიციის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდება. იუსტიციის მინისტრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით წარდგება, სადაც საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოს სამართლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილებს.
დედა ანა 1939 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, დაბა წყნეთში, მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა. მაშინდელი ათეისტური რეჟიმის მიუხედავად, მშობლებმა, მიხეილ ოთარაშვილმა და მარიამ ასიტაშვილმა, ორი წლის გოგონა (მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მონათლეს.
პოეზიის საღამო სიცოცხლის გადასარჩენად
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, ამავე ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბმა და „ქალი პოეტები ქველმოქმედებისთვის“ საქველმოქმედო პოეზიის საღამო მოაწყვეს.
ღონისძიება ათი წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად გაიმართა. ექიმებმა, საქართველოში, მისი დიაგნოზი ვერ დაადგინეს, ის ამჟამად გერმანიაში გამოკვლევებზე იმყოფება.