ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, ამავე ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბმა და „ქალი პოეტები ქველმოქმედებისთვის“ საქველმოქმედო პოეზიის საღამო მოაწყვეს.
ღონისძიება ათი წლის გიორგი ჯიშკარიანის დასახმარებლად გაიმართა. ექიმებმა, საქართველოში, მისი დიაგნოზი ვერ დაადგინეს, ის ამჟამად გერმანიაში გამოკვლევებზე იმყოფება.
ღონისძიებაში მონაწილეობას პოეტები: თეა თაბაგარი, ნინო ჭინჭარაული, ეკატერინე დონდუა, თამთა გრიგოლია, მაია გონჯილაშვილი და ნათია აბულაძე იღებდნენ.
ლექსები შინაარსობრივად სხვადასხვა თემატიკას ეხებოდა. პოეტებმა აღნიშნეს, რომ საქველმოქმედო საღამო, მათი მხრიდან საზოგადოების მიმართ გზავნილია, გაერთიანებაა და მცირედი წვლილის შეტანა, გიორგის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.
„ვფიქრობ, საპასუხისმგებლო მისიით შევიკრიბეთ, ეს საღამო გვიჩვენებს: პოეზიის სიყვარულს შეუძლია, არათუ შეცვალოს, არამედ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე...“ - განაცხადა ეკატერინე დუნდუამ.
ღონისძიების ორგანიზატორი ნინო ჭინჭარაული იყო.
საღამო მუსიკალურად მაკა ცაავამ გააფორმა.