იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესა და საშინაო საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრებზე განაცხადა მინისტრმა, მთავრობის მიზანია, ინსტიტუტების დონეზე დემოკრატიის მშენებლობა; ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ეკონომიკურად ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ნებისმიერი მომავალი მთავრობის ხელში შეუქცევადი იქნება.
იუსტიციის მინისტრი ევროკომისრებს იმ რეფორმების შესახებაც ესაუბრა, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უდგას სათავეში; მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეორე ტალღის, „შრომის კოდექსის“, „სისხლის სამართლის კოდექსის“, ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სხვათა შესახებ.
„ჩვენ ახლა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება. ქართველ ხალხს, რომელიც შეუსვენებლივ აგრძელებს სვლას ევროპისკენ, თქვენი ხელშეწყობის იმედი აქვს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შტეფან ფულე და სესილია მალმსტრომი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობითაც დაინტერესდნენ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
მინისტრმა მიმოიხილა ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო, ისაუბრა კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით კომისიის შემადგენლობა გაფართოვდა: კომისიის წევრები გახდნენ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, ხოლო არასამთავრობო სექტორის უფრო ფართო სპექტრს საშუალება მიეცა, დემოკრატიული პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გამხდარიყო.
„დღეს საარჩევნო გარემო თვისობრივად შეცვლილია. ძალადობას როგორც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, დღეს აღარ აქვს. ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიას თავისუფალ გარემოში ატარებს.
ჩვენ გასულ წელს დემოკრატიულად შევცვალეთ პარლამენტი. წელს ვაჩვენებთ, რომ ასეთივე გზით შევცვლით პრეზიდენტსაც“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
სესილია მალმსტრომმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის პირველ ფაზას შეაფასებენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, ვილნიუსის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელში თეა წულუკიანის შეხვედრები.
„შტეფან ფულესა და სესილია მალმსტრომისგან მივიღეთ მტკიცე გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ვიზადიალოგისა და ასოცირების ხელშეკრულებისათვის. მთავარია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ ერთი მიზანი − საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. სწორედ ეს მიზანი იქნა ხაზგასმული და მხარდაჭერილი ევროკომისრების მხრიდან“, − განაცხადა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო.