შემოგვიერთდით facebook-ზე
დედა ანას ცხოვრება და ღვაწლი
17-09-2013, 12:08  /  ნახვა: 28694

დედა ანა 1939 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, დაბა წყნეთში, მორწმუნეთა ოჯახში დაიბადა. მაშინდელი ათეისტური რეჟიმის მიუხედავად, მშობლებმა, მიხეილ ოთარაშვილმა და მარიამ ასიტაშვილმა, ორი წლის გოგონა (მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მონათლეს.

მისი დაბადების სახელი ნათელაა. უფლის დიდი სიყვარულით ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა. მაშინ, როცა სხვა ბავშვები ჩვეულებრივი თამაშით ერთობოდნენ, მას დილიდან საღამომდე ეკლესიაში ყოფნა და საგალობლების ღიღინი სურდა. წირვა-ლოცვაზე ბებიას, ცისანა შავგულიძეს დაჰყავდა, რომელიც, ასევე ძალიან ღრმად მორწმუნე და ღვთის მოშიში იყო.

პატარა ნათელა ყოველ დღესასწაულზე საზეიმოდ გამოეწყობოდა და ეკლესიაში წასვას ითხოვდა. თუ შემთხვევით, მის წაყვანას ვერ მოახერხებდნენ, სახლის სახურავზე ავიდოდა და საათობით გაჰყურებდა ეკლესიისკენ მიმავალ მლოცველებს.

მშობლებს მის გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავდათ. ოთხი ძმის სიყვარულის გარემოცვაში გაზრდილი, სხვათაგან უფლის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა, იგი თავიდანვე უფლის რჩეული იყო. ღმერთმა ამ ქვეყნად განსაკუთრებული მისიისთვის მოავლინა.

დედა ანას ცხოვრება და ღვაწლი

ოჯახი

დედა ანა მშობლებმა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცდასამი წლის ასაკში, გაათხოვეს. მეუღლე - კეთილშობილი პიროვნება, ეროვნებით სომეხი - შოთა (აშოტ) პეტროსიანი იყო, თუმცა მორწმუნე მართლმადიდებლის გვერდით ცხოვრებამ, ისიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლად აქცია და ნათლობის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს. მეუღლის მხრიდან დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად, დედა ანას ცხოვრებაში ბევრი ტკივილიც იყო. ტკივილი, რომელიც მის შვილებს უკავშირდება... ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი იმ დიდი მისიისა, რისთვისაც უფალმა ამქვეყნად მოავლინა. მას საკუთარი შვილებისა და ოჯახის ნაცვლად სხვა ადამიანებზე უნდა ეზრუნა, გაეცა უფლისგან კურთხეული ის მადლი, რომელიც ახლა ყველასთვის ხილული სასწაულია. საკუთარის ნაცვლად, ათასობით სულიერი შვილი აჩუქა და დღედაღამ მათზე ლოცულობს.

მის სულსა და გულს ყოველთვის მონასტერი უხმობდა, ამიტომ ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტა. სურვილი მეუღლეს გაანდო და ურჩია, ხელახლა დაოჯახებულიყო. მეუღლემ არაფერი უპასუხა,  მეორე დღეს კი პატრიარქს მანაც მორჩილებაში ყოფნის კურთხევა და ჯვრის მონასტერში გაგზავნა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ნათელა კი, 1972 წელს, უწმინდესის კურთხევით მორჩილი თამარი გახდა და სიონში მსახურობდა. იქ მსახურების დროს აცნობეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ შეიქნა, რომელიც ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯვრის მონასტრიდან სახლში გადმოიყვანეს და მისი მოვლა დედა თამარს დაევალა. მან დღედაღამ ლოცვითა და ზრუნვით ავადმყოფი მეუღლე გამოაჯანმრთელა და ფეხზე დააყენა, რის შემდეგ გარდაცვალებამდე, იგი დედა ანას გვერდით ედგა და უფლის სასიკეთო საქმეებს აკეთებდა. მასთან ერთად ფიზიკურად შრომობდა და გარდაცვალებამდე მძლეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენებასა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის აღდგენაში ეხმარებოდა...

დედა ანას ცხოვრება და ღვაწლი

დედა ანა - ეკლესიის მშენებელი

დედა ანას სიონში მორჩილად მსახურებისას ხილვა ჰქონდა, რის შესახებ პატრიარქს უამბო. უწმინდესმა მითითებები მისცა, რომ წყნეთში არსებული ეკლესიების თაობაზე (რომელთა მდგომარეობა სავალლო იყო) შესაბამისი სამსახურებისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა. უარყოფითი პასუხის მიუხედავად არ გაჩერებულიყო, სანამ მიზანს არ მიაღწევდა.

ასეც მოიქცა, უარის შემდეგ მალე დადებითი პასუხიც მოვიდა. თანხმობის წერილით დედა ანა წყნეთის მაშინდელი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით ზარიძესთან მივიდა, რომ წყნეთში არსებულ წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიების გასუფთავებისა და აღდგენის საშუალება მიეცა. მაშინ იქ პურის საცხობი და ჭურჭლის საწყობები იყო განთავსებული. თავმჯდომარემ უარით გამოისტუმრა. დედა ანა გულდაწყვეტილი გამობრუნდა...

მისი წამოსვლის შემდეგ დავით ზარიძე მალე მიხვდა საკუთარ შეცდომას და თბილისში სასწრაფოდ ჩასვლა გადაწყვიტა, რათა დედა ანასთვის ტაძრების გასაღები მიეცა.

უწმინდესის კურთხევით

დედა ანა უწმინდესის კურთხევით დაუყოვნებლივ დაბრუნდა წყნეთში. წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები თავისი ხელით გაასუფთავა, აღადგინა და წლების მდუმარების შემდეგ, იქ უფლის სადიდებელი ლოცვები აღევლინა.

თბილისში დაბრუნებისას, გზად მძლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად შევიდა. XI საუკუნის ეს ეკლესია წყნეთში ასასვლელ გზასთან ახლოს, ერთ-ერთ გორაკზე მდებარეობს, სადაც ხშირად დადიოდა სალოცავად დავით აღმაშენებელი.

იქ მისულ დედა ანას მძიმე სურათი დახვდა. ტაძარი, რომელმაც წარსულში საუკუნეებს გაუძლო, იმდროინდელი კომუნისტური რეჟიმის უდიერმა დამოკიდებულებამ ნანგრევებად აქცია. კაცთაგან მიტოვებული სალოცავი გაპარტახებული იყო, მისასვლელი გზა კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.

ნანახმა დედა ანა შეძრა, ამის შესახებ უწმინდესს და უნეტარესს ილია II-ს გულნატკენმა უამბო, მონასტრის აღდგენაზე მისგან კურთხევა მიიღო და მძლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წავიდა, სადაც უკვე ოცი წელია მოღვაწეობს და დღედაღამ მუხლ-ჩაუხრელად შრომობს.

დედა ანას ცხოვრება და ღვაწლი

დედა ანა თავისი ხელით ეზიდებოდა რიყის ქვებს გზის გასაკეთებლად, რათა მლოცველებს იქ მისვლა არ გასჭირვებოდათ. მთელ დროს სამლოცველოში ატარებდა, ასუფთავებდა, აკეთებდა ტერასებს, რგავდა ნერგებს. მისი დაუღალავი შრომით და კეთილი ადამიანების დახმარებით აშენდა ახალი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, შემდეგ კი აღდგა დავით აღმაშენებლის სახელობის სამლოცველო, რომლისგანაც მხოლოდ ერთი კედელიღა იყო დარჩენილი. გაკეთდა ტაძრამდე მისასვლელი სამანქანე გზა, ჭიშკარი, გალამაზდა შემოგარენი, გაშენდა ყვავილნარი.

ტაძრის მშენებლობის დღიდან, დედა ანას ფიზიკურად და ფინანსურად მუდმივად ეხმარებიან ძმა და ძმისშვილი - ოთარ და ჯონი ოთარაშვილები. ისინი არაფერს იშურებენ სავანის მოვლასა და გალამაზებისთვის. უვლიან მთელ ტერიტორიას, რგავენ ხეხილს, მოჰყავთ ბოსტნეული და აქ მოსულ გაჭირვებულ ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან.

ახლა, უკვე სამოცდათორმეტი წლის დედა ანა ამ სავანეში 1992 წლიდან მოღვაწეობს, ეს სათნო მოხუცი ჯვრით ხელში, თავისი მადლიანი ლოცვით უანგაროდ ემსახურება ხალხს. მუხლ-ჩაუხრელად იღვწის და უფლის ნებით უდიდეს საქმეს - ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ განკურნებას ემსახურება. სწორედ მძლეთის წმინდა გიორგის ტაძარში მოღვაწეობისას აკურთხა უწმინდესმა იგი მონაზვნად და იმ დღიდან იწოდება დედა ანად!

დედა ანა, რომლის სახელიც უკვე მთელ საქართველოში იციან და არამარტო საქართველოში, მასთან დასალოცად უცხოეთიდანაც მოდიან. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენასა და სიყვარულს ითხოვს.

მისი ლოცვის ძალით წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარიტების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლის, ცხოვრების აზრს უბრუნებს. სწორედ, ამიტომ ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის, მის სასწაულზე ჰყვებიან და მადლიერ სიტყვებს არ იშურებენ.

დედა ანას ცხოვრება და ღვაწლი

ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა