საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით კეზერაშვილი დააკავეს
მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი დააკავეს.
დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.
დავით კეზერაშვილს ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა, რასაც ბოროტად იყენებდა, აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით.
ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ, დავით კეზერაშვილის მიმართ, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წელს გამოცხადდება
სტრასბურგის სასამართლოში, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე, გადაწყვეტილება, 2014 წლის განმავლობაში გამოცხადდება. ეს პასუხი იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს სტრასბურგის სასამართლოში, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრი საჩივრის ბედით დაინტერესდა და სტრასბურგის სასამართლოს შეახსენა, რომ საქმეზე ზეპირი განხილვა, ჯერ კიდევ 2012 წლის ივნისში იყო დასრულებული. სტრასბურგის სასამართლოს წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაგვიანდა გადაწყვეტილების გამოქვეყნების პროცესი.
რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საქართველომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, სტრასბურგში 2007 წლის მარტში შეიტანა. 2009 წლის 16 აპრილს, გაიმართა ზეპირი განხილვა საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქართული და რუსული მხარეები მონაწილეობდნენ. 2009 წლის 30 ივნისს, სასამართლომ, საქართველოს საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.
თბილისში ნარკორეალიზატორები დააკავა
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1965 წელს დაბადებული გიორგი ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული ორი ათასი ლარი, შვიდასი დოლარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“-ს შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინ“-ს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს ,,ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).
პატრულმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა „მიცუბიში“-ს მარკის ავტომანქანა, წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო.
სამართალდამცველებმა, ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ვალტერი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) მიმდინარეობს.
საქართველო ფრთხილობს რუსეთთან
ამ სათაურით სტატიას „ლე მონდის“ ინტერნეტგამოცემა აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ თბილისში დიდი სურვილი აქვთ ურთიერთობა დაალაგონ მოსკოვთან, თუმცა აშინებთ მოტივები, რითაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს აკონტროლებთ. მოსკოვში ამას, თბილისის მხრიდან პროპაგანდისტულ ისტერიას უწოდებენ, თმცა რუსები ძალიან ახლოს არიან საქართველოს ტერიტორიასთან. მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დიდი სურვილისა, დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ყოველდღიურად იცვლება.
რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ოსეთის ხელისუფლებისგან მხარდაჭერა აქვთ, სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, მავთულხლართებით საქართველოს მხარეს საზღვარს წევენ. სექტემბერში სოფელი დიცი, ამ ინცინდენტის ეპიცენტრი გახდა. ადგილობრივების თქმით, ისინი ვეღარ მიდიან ფერმებში და სოფლის სასაფლაოზე. ევროკავშირის დამკვირვებლები სიტუაციას მონიტორინგს უწევენ და რუსებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, თუმცა არც ისინი არიან უფლებამოსილები სრულად აკონტროლონ სიტუაცია საზღვრის მეორე მხარეს.
ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ–ის 108–ე მუხლით) მიმდინარეობს.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
პატრიარქის ხელდასმულნი
ჟურნალი ,,geoelite" საპატრიარქოს ანსამბლ ,,დები გოგოჭურების“ ერთ-ერთ წევრს თამარ გოგოჭურს ესტუმრა, რომელიც ანსამბლის შემოქმედებით გზაზე გვესაუბრა.
თამარ გოგოჭური: ჩვენ ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან ვმღერით. ანსამბლში ჯერ ათნი ვიყავით, ბიძაშვილები გოგოჭურები. მაგრამ ახლა, სასიმღერო კარიერას ოთხნი შემოვრჩით: მე, ქეთევანი, მარიამი და მანანა. უკვე მეოთხე წელია, რაც საპატრიარქოს ანსამბლი ოფიციალურად გავხდით. ვასრულებთ ხალხურ სიმღერებს.
სანამ საპატრიარქოს ანსამბლი გავხდებოდით, ანსამბლის დაშლის საშიშროება იყო, რადგან ჩვენი გამოსვლები ძალიან ერთფეროვანი გახდა. არ გვქონდა არანაერი პერსპექტივა. ერთხელ გვთხოვეს, უწმინდესის იუბილეზე გვემღერა, ილია II-მ მოგვცა კურთხევა, ჩავსულიყავით სნოში და გვემღერა კონცერტზე. მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ საპატრიარქოს ანსამბლი უნდა ვყოფილიყავით. ძალიან ვინერვიულეთ, როდესაც უწმინდესთან ერთად პატარა ოთახში ვიჯექით და თავად გვირჩევდა რეპერტუარს, თუ რა უნდა შეგვესრულებინა კონცერტზე. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ემოციები. როგორც მოგახსენეთ, ანსამბლში, თავიდან ათნი ვიყავით, მაგრამ ზოგი გაბედნიერდა; ერთ-ერთი ბიძაშვილი, მზექალა გოგოჭური მონასტერში წავიდა, რომელსაც ახლა მორჩილი ნინო ჰქვია. მას ყველაზე ძლიერი ხმა ჰქონდა. ჩვენს შორის იყვნენ ბიჭებიც, გიორგი, იმედა და თორღუა. მაგრამ ისინი დღეს უკვე აღარ მღერიან.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
მამა თავმასი: გაუფრთხილდით სიყვარულს და ნუ გააუბრალოებთ გრძნობას
,,თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისგან უფალმა, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა და მიუყვანა. თქვა ადამმა: ,,ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბად. 2,18,22-24).
ჟურნალი ,,ნათლია" ქორწინების საიდუმლოზე სასაუბროდ, ჯვრის მამის ეკლესიის მოძღვარს, დეკანოზ მამა თავმასს ესტუმრა.
- დაგვლოცეთ მამაო
- ღმერთმა დაგლოცოთ.
- მამაო, რაში მდგომარეობს ჯვრისწერის საიდუმლო?
- ახალი ოჯახის კურთხევისთვის, ეკლესიამ ქორწინების საუდუმლო - ჯვრისწერა დაადგინა. ყოველი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა გააკეთოს. საცოლეც და საქმროც, უნდა მართმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი იყოს: მაზიარებელი, მლოცველი, ინახავდეს მარხვას და შემდეგ, შვილებიც ღვთისნიერად უნდა აღზარდონ. რაც მთავარია, მათი ურთიერთკავშირი ჯვრისწერით უნდა იყოს განმტკიცებული.
- ჯვრისწერის დროს მეუღლეებს თავზე გვირგვინს რატომ ადგამენ?
- გვირგვინის დადგმა, ქორწინების საიდუმლოს მთავარი მომენტია: მღვდელი ადგამს გვიგვინს, სამეფო ჯვარის სახით გარდასახავს მათ, ამთხვევინებს საცოლე-საქმროს, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, რომელიც გვირგვინზეა მიმაგრებული, თან წარმოსთქვამს სიტყვებს: ,,გვირგვინოსანი იქნება მამა ღვთისა და მხევალი ღვთისა". გვირგვინი მეუფებას ნიშნავს.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
თვითნასწავლი მხატვრისა და მწერლის - მარსიანის შემოქმედებითი საღამო
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, თვითნასწავლი მხატვრისა და მწერლის (პოეტი, პროზაიკოსი, თვითნასწავლი მხატვარ–გრაფიკოსი, ლიტერატურის ყოფილი კრიტიკოსი) - მარსიანის ( გიორგი ბენიძის) ნახატების გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო.
მარსიანი, რომელიც ხელოვნებით ცოცხობს. პროფესიით ფილოლოგია, გამოცემული აქვს 5 წიგნი. 1983 წელს, ნაირა გელაშვილმა მისი რომანი „ პეპლობის თვე“ გამოსცა. მას შექმნილი აქვს საგალობლები, თუმცა მუსიკალური განათლება მიღებული არ აქვს. არა ერთ ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 11 წელია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ მუშაობს.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
არსებობს შინაგანი ბრძოლები, რის გამოც მუშაობა შეუძლებელია
ქეთევან ყურაშვილი 1983 წელს დაიბადა, დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი - ფერწერის განხრით, ასევე სამხატვრო აკადემიის - რესტავრაციის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში, ბოლო კურსზე ყოფნისას მუშაობა დაიწყო ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მასწავლებლად და უკვე ექვსი წელია ბავშვებს ხატწერას ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის ხატწერა ხელოვნებაზე მეტია.
ქეთევან ყურაშვილი: მერვე ან მეცხრე კლასში ვიყავი დამესიზმრა: სიონის ტაძარში პატრიარქთან მივედი, მან თავზე გვირგვინი დამადგა, რომელიც იმდენად მამძიმებდა ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ხშირად მიფიქრია ამ სიზმარზე, წლების შემდეგ, მივხვდი , ის გვირგვინი იყო ჩემი ცხოვერბის ჯვარი, როცა ხატმწერად მაკურთხა. მიხარია ყველაფერი პატრიარქის მადლით რომ ხდება.
- როდის და რატომ გაგიჩნდათ ხატწერის შესწავლის სურვილი?
- პატრიარქის პირველი მონაზონი დედა ნატალია (მანდარია) ჩემი მამიდაა. ფაქტობრივად საპატრიარქოში გავიზრდე. როდესაც ტექნიკუმში ვაბარებდი, მამიდაჩემმა გამოცდების წინა დღეებში დასალოცად პატრიარქთან მიმიყვანა. უწმინდესმა ფერწერის ნაცვლად ხატწერაძე ჩაბარება მირჩია და მაკურთხა.
აკადემიაში სწავლის გაგრძელება ფერწერის განხრით მინდოდა, თუმცა სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. აღმოჩნდა, რომ იქ ხატწერა ბარდებოდა, ორ თვეში დავეუფლე და ჩავირიცხე, მას შემდეგ ათი წელია ხატმწერი ვარ. პატრიარქის მადლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმდენად შეყვარებული ვიყავი ფერწერაზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხატმწერი გავხდებოდი.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
„აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებული საქართველოს შვილები“
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებილი საქართველოს შვილები. “
კონფერენციას ესწრებოდნენ : მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აფხაზეთიდან დევნილები.
შესავალი სიტყვა მეუფე ანანიამ წარმოთქვა: „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებით! აფხაზეთი ყველა ჩვენგანის გულია, საქართველოს წმინდა მიწა, ქრისტიანული სარწმუნოების კერა იყო, მადლობა უფალს, ქრისტიანული ძალის შენარჩუნებისათვის. არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, აფხაზეთი საქართველოს საწყისია, ჩვენი ძლიერება სწორედ აქედან დაიწყო.“
,,სოთბის“ აუქციონზე ზენგის „საიდუმლო სერობა“ 23.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზენგ ფანჯის ნახატი „საიდუმლო სერობა“, ჰონ-კონგის ,,სოთბის“ აუქციონზე 23.3 მილიონ დოლარად გაიყიდა და რეკორდი მოხსნა. ესაა აზიელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი. სათაური - „საიდუმლო სერობა“ - მხატვარმა, ლეონარდო დავინჩის, ამავე სახელწოდებიდან აიღო. ტილო დაახლოებით 13 ფუტის სიგრძისაა და იგი ნამდვილი ,,სააუქციონო ომის“ შემდეგ გაიყიდა. ტილოსთვის 2 პირი იბრძოდა, რომლებიც პროცესში ტელეფონით იყვნენ ჩართული. ხოლო გამოფენის დარბაზში, ამ ყველაფრის მოწმე 600 კაციანი აუდიტორია გახდა. „სოთბის“ მესვეურებმა არ გაამხილეს მყიდველის ვინაობა. მესვეურები აშკარად კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან თავდაპირველად ამ ტილოს უმაღლესი ფასი, 10.3 მილიონ ამერიკულ დოლარად ჰქონდათ განსაზღვრული, ხოლო რეალურმა ფასმა მათ ვარაუდს 10 მილონი დოლარით გადააჭარბა.