ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთში მოწამეობრივად აღსრულებილი საქართველოს შვილები. “
კონფერენციას ესწრებოდნენ : მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აფხაზეთიდან დევნილები.
შესავალი სიტყვა მეუფე ანანიამ წარმოთქვა: „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგესალმებით! აფხაზეთი ყველა ჩვენგანის გულია, საქართველოს წმინდა მიწა, ქრისტიანული სარწმუნოების კერა იყო, მადლობა უფალს, ქრისტიანული ძალის შენარჩუნებისათვის. არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, აფხაზეთი საქართველოს საწყისია, ჩვენი ძლიერება სწორედ აქედან დაიწყო.“
ქართველი ანდრია ყურაშვილის და აფხაზი გიორგი (იური) ანუას, მოწამეობრივი აღსასრული საქართველოსა და აფხაზეთის ერთიანობის სიმბოლო გახდა.
1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთში, სოფელ კამანში მოწამეობრივად აღესრულნენ კამანის წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ქართველი ანდრია ყურაშვილი და ქველმოქმედი, აფხაზი გიორგი( იური) ანუა. ისინი ეკლესიის ეზოში გვერდიგვერდ განისვენებენ. მათ საფლავზე წმინდა სანთელი მუდამ ანთია, ნიშანი იმისა, რომ უფალმა ქართველ და აფხაზ ხალხს ერთმანეთის მოფრთხილება და სიყვარული დაუწესა.
„ეს ორი ადამიანი ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების სიმბოლოა, ერთად ბრძოლის, ქვეყნისა და რწმენისათვის. ამ კონფერენციის მიზანია ქართველებმა და აფხაზებმა ჩანგრეული ხიდი აღვადგინოთ, ერთმანეთის სიყვარულით ამ ქვეყანაზე.“ – განაცხადა აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ზაურ ლომთათიძემ.
კონფერენციის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ - ანდრია ყურაშვილის და გიორგი (იური) ანუას ვიდეო ფილმი იხილა.