შემოგვიერთდით facebook-ზე
არსებობს შინაგანი ბრძოლები, რის გამოც მუშაობა შეუძლებელია
11-10-2013, 16:43  /  ნახვა: 4301

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
ქეთევან ყურაშვილი  1983 წელს დაიბადა, დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი -  ფერწერის განხრით, ასევე სამხატვრო აკადემიის - რესტავრაციის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში, ბოლო კურსზე ყოფნისას მუშაობა დაიწყო ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მასწავლებლად  და უკვე ექვსი წელია ბავშვებს ხატწერას ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის ხატწერა ხელოვნებაზე მეტია.
ქეთევან ყურაშვილი: მერვე ან მეცხრე კლასში ვიყავი დამესიზმრა: სიონის ტაძარში პატრიარქთან მივედი, მან თავზე გვირგვინი დამადგა, რომელიც იმდენად მამძიმებდა ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ხშირად მიფიქრია ამ სიზმარზე, წლების შემდეგ, მივხვდი , ის გვირგვინი იყო ჩემი ცხოვერბის ჯვარი,  როცა ხატმწერად მაკურთხა. მიხარია ყველაფერი პატრიარქის მადლით რომ ხდება.
- როდის და რატომ გაგიჩნდათ ხატწერის შესწავლის სურვილი?
- პატრიარქის პირველი მონაზონი დედა ნატალია (მანდარია) ჩემი მამიდაა. ფაქტობრივად საპატრიარქოში გავიზრდე. როდესაც ტექნიკუმში ვაბარებდი, მამიდაჩემმა გამოცდების წინა დღეებში დასალოცად პატრიარქთან მიმიყვანა. უწმინდესმა ფერწერის ნაცვლად ხატწერაძე ჩაბარება მირჩია და მაკურთხა. 
აკადემიაში სწავლის გაგრძელება ფერწერის განხრით მინდოდა, თუმცა სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. აღმოჩნდა, რომ იქ ხატწერა ბარდებოდა, ორ თვეში დავეუფლე  და ჩავირიცხე, მას შემდეგ ათი წელია ხატმწერი ვარ. პატრიარქის მადლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმდენად შეყვარებული ვიყავი ფერწერაზე,  ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხატმწერი გავხდებოდი.
- სად დაეუფლეთ  ხატწერის  კანონიკას?
- ხატწერის კანონიკას სიონის სამრევლო სკოლაში დავეუფლე, სადაც ორი თვე დავდიოდი, შემდეგ თვითონ ვმეცადინეობდი.  ქართველი ხატმწერებიც დამეხმარნენ, ვკითხულობდი თეორიულ მასალას, ვეკითხებოდი მათ, სწორად თუ ვქმნიდი ნამუშევარს. ასევე  ინტერნეტის საშუალებით ბერძენი ხატმწერების ვიდეოებს ვუყურებდი.
- როგორ  ემზადებით  მუშაობის  დაწყებისთვის და რაზე ფიქრობთ შემოქმედების პროცესში?
- რა თქმა უნდა ჯერ სულიერად ვმშვიდდები, ვიწყებ ლოცვას. აუცილებელია, ხატზე კონცენტრირება მუშაობის დროს, გონება თუ გაგეფანტა და სულიერად დამშვიდებული არ ხარ, ეს ნამუშევარსაც ეტყობა.
- რა  დრო  გჭირდებათ  ხატის  შესაქმნელად და დღის რომელ პერიოდს არჩევთ სამუშაოდ?
- ხატის შესაქმნელად საშუალოდ ორი კვირა მჭირდება. არის შემთხვევები, რამდენიმე ხატს ერთად ვიწყებ , როდესაც სახის ამოწერა იწყება, ისევ პირველს ვუბრუნდები. მუშაობა ღამე მიყვარს, უფრო მშვიდად ვარ.
- რომელი წმინდანის ხატი დაწერეთ პირველად და სულ რამდენი ხატი გაქვთ შექმნილი?
- პირველი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი შევქმენი. ისე ძალიან ბევრი ხატი მაქვს შექმნილი.
- ძირითადად რა მასალით მუშაობთ და რა ფერებს იყენებთ?
-  ვმუშაობ ტემპერებით. რაც შეეხება ფერებს, ვცდილობ  მშვიდ ფერებში გადავწყვიტო და არ იყოს  ნამუშევარი აჭრელებული. სამოსის ფერს, თმის ფერს  ვითვალისწინებ. ასლებზე ვმუშაობ და რადიკალური განსხვავება არ არის, მაგრამ კანონიკის ფარგლებში ყველა ხატში რაღაც ჩემეულს ვცვლი.
- ხატის დაწერის პროცესში რას გრძნობთ?
- უფლის სიყვარულს ვგრძნობ, ხატწერა დიდი პასუხისმგებლობაა.
- ზოგჯერ არის შინაგანი ბრძოლები, რის გამოც იმ მომენტში მუშაობა შეუძლებელია. თქვენც გქონიათ ასეთი პერიოდები?
- ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია: გული მიხდებოდა ცუდად. არ მჩვევია მსგავსი რამ, ხატის წერას რომ ვიწყებ, არ გადავდებ იქამდე, სანამ არ დავასრულებ. ახლა ,,ელია წინასწარმეტყველის ეტლით ატაცების“ ხატს ვქმნი და მუშაობის პროცესი გამიგრძელდა, (იმის გამო, რომ ცუდად ვხდებოდი ) სამი თვეა თითქმის. როგორც ვიცი ამ ხატს პატრიარქს ჩუქნიან და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
- რა განცდა ახლავს ყოველი ხატის დასრულებას?
- ყოველი ხატის შექმნის შემდეგ რაღაცას ვსწავლობ, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე, სასიამოვნო განცდაა.
- თქვენი დაწერილი ხატი  თუ არის  დაბრძანებული ტაძარში?
- დიახ, ბევრ ტაძარში;  2012 წელს, პერსონალური გამოფენა მქონდა და  აღდგომის ხატი შევწირე სამების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს - მეუფე სტეფანეს. აღდგომის ხატმა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის ოცი ტაძარი ლოცვებით შემოიარა.
ყაზბეგში ,, წმინდა გიორგის“ ხატი, ,, სპირიდონ ტრიმიფუნტელის“ ხატი - სამტრედიაში შობის ტაძარში, ,,მაცხოვრის“ ხატი - კუკიაზე, ,წმინდა ნინოს ეკლესიაში, თერჯოლის რაიონში სოფელ ჭოხორში წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის ტაძარი აღადგინეს და მრევლმა ჩემი ნამუშევარი - მაცხოვრის ხატი შესწირა, ,,წმინდა ელია წინასწარმეტყველის ეტლით ატაცება“ დაბრძანებულია - წალკის რაიონში, სოფელ ხანდოში.
- რას  იტყვით თქვენს მოსწავლეებზე, რამდენად დაინტერესებულები არიან? (როგორ სწავლობენ?)
- ჩემი მოსწავლეები იმდენად მიყვარს, უკვე ჩემი შვილები მგონია. ორი წელია, რაც ვასწავლი. მონდომებულები არიან, ეკლესიურები, გვერდში მიდგანან, ამ წელს გამოფენაზე ძალიან მასახელეს. მათი ნამუშევრები უცხო სტუმრებმაც მოიწონეს,ხატებზე პირჯვარს იწერდნენ, უკვირდათ ბავშვის ნამუშევრები რომ იყო.
- თქვენს შემოქმედებაში დიდი სურვილი, რომელიც გინდათ განახორციელოთ...
- ძალიან მინდა კიდევ ერთი პერსონალური გამოფენის გაკეთება. ამჯერად უფრო მეტი კომპოზიციური ხატები რომ შევქმნა: აღდგომა, შობა, ამაღლება. მინდა საკუთარი სახელოსნო  მქონდეს, მასალები, ფართი... დიდი ხატების შექმნა მინდა... ჩემი პატარა სტუდიაც , რათა უფრო მეტ ბავშვს შევასწავლო ხატწერა.


 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა