შემოგვიერთდით facebook-ზე

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N19 დაწესებულების კონტროლიორი პაატა ლომიძე.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა ლომიძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს N19 დაწესებულებაში მობილური ტელეფონის და სიმბარათების შეტანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 4 000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

14-03-2014, 13:35

რა უპასუხა გიორგი ვაშაძის ბრალდებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ?!

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს - დავით ახალბედაშვილს, მალხაზ გურულს და მორის ფუხაშვილს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დასდო ბრალი.

ყველას შევახსენებთ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ხოლო ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

14-03-2014, 13:21

გურჯაანში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ნელი ხ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნელი ხ. გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი ბინის ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდა. იგი ასევე ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში.

სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით ოთხი ქალბატონი დაკითხეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

 

13-03-2014, 14:50

პოლიციამ იმერეთში საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1984 დაბადებული გიგა მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 134 ცალი საბრძოლო ვაზნა და „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 1 ცალი ხელყუმბარა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

13-03-2014, 12:25

რუსთავში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი დავით ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებულია 91,81 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 7,1201 გრ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

13-03-2014, 12:21

ორ მსჯავრდებულს აკრძალული საგნების შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა

2014 წლის 10-11 მარტს, მსჯავრდებულებს ზ.ხ.-სა და დ.ნ.-ს  საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

გამოძიების თანახმად, 2013 წლის 15 სექტემბერს, ქსნის №15-ე დაწესებულების საკანში ჩატარებული მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერებისას,  დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულ ზ.ხ.-ს კუთვნილი კუსტარულად დამზადებული აკრძალული საგნები, ბანქო და დანა ამოიღეს.

კუსტარულად დამზადებული ბანქო აღმოუჩინეს  მსჯავრდებულ დ.ნ.-საც  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5-ე  დაწესებულების თანამშრომლებმა საკნის გეგმიური შემოწმება-დათვალიერებისას.

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ

 

 

 

12-03-2014, 16:08

გურჯაანში ორი პირი ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმას გეგმავდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კობა ზ. და 1968 წელს დაბადებული გივი ნ. ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალაქ გურჯაანში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი ჯავშანმანქანის მოძრაობის განრიგი და მარშრუტი.

12-03-2014, 15:49

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნიკოლოზ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ გ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ეგვიპტიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მისი პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 22 აბი ,,ტრამადოლი“, 2,52 გრ კანაფის ფისი და 1,79 გრ ოპიუმი.

11-03-2014, 17:43

შსს-მ ძებნილი დააკავა

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2010 წლის 10 თებერვლიდან ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ლაშა ვ. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში დააკავეს.

ლაშა ვ-მ 2009 წლის 7 მაისს მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 4 თებერვალს ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლი), ცივი იარაღის ტარების (238-ე პრიმა მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117-ე მუხლი) ფაქტებზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

11-03-2014, 17:36

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მკურნალობა დაიწყო

პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პეგილირებული ინტერფერონის პირველი ინექცია გაკეთდა.

სპეციალურად მომზადებულმა პერსონალმა პაციენტებს მათთვის გასაგებ ენაზე აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა, ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაუტარა და მკურნალობისთვის მოამზადა. პროგრამის პირველი პაციენტი უვადო პატიმარია. მკურნალობის შედეგები 24 კვირაში გახდება ცნობილი.

პროგრამის კომიტეტმა, რომელშიც ექიმები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, პირველ სხდომაზე 9 პაციენტის მკურნალობაში ჩართვაზე მიიღო გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 100-125 პაციენტის ჩართვა მკურნალობაში. მკურნალობაში ჩართვა სპეციალური, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რომელიც ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრების მიერ არის დამტკიცებული და გამორიცხავს პროგრამის განხორციელების დროს უსამართლობას და სისტემაში ინფიცირებულ პირთა ხელოვნურად შემოდინებას მკურნალობის მიზნით.

პარალელურად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის ვირუსზე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტ პატიმარს ჩაუტარდება.

C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება და მკურნალობის დასაწყებად დაწესებულების შეცვლა საჭირო არ არის. 

 

 

 

10-03-2014, 17:12

ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავეს

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალციხეში, ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ტყისმცველი მამუკა ე. და სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის ტყისმცველი შალვა გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ე. და შალვა გ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ტყის უკანონოდ გაჩეხვის უფლებას აძლევდნენ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

10-03-2014, 17:02

შსს-მ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ალექსანდრე ე. ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თამბაქოს სავაჭრო ჯიხურში ყალბი კუპიურის გასაღებას ცდილობდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ყალბი 556 ათასი რუსული რუბლი (17 850 ლარის ეკვივალენტი) და 2 ცალი ყალბი 10-ლარიანი კუპიურა, ხოლო მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ფერადი პრინტერი ამოიღეს.

ალექსანდრე ე. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

10-03-2014, 16:38



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა