პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პეგილირებული ინტერფერონის პირველი ინექცია გაკეთდა.
სპეციალურად მომზადებულმა პერსონალმა პაციენტებს მათთვის გასაგებ ენაზე აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდა, ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული გამოკვლევები ჩაუტარა და მკურნალობისთვის მოამზადა. პროგრამის პირველი პაციენტი უვადო პატიმარია. მკურნალობის შედეგები 24 კვირაში გახდება ცნობილი.
პროგრამის კომიტეტმა, რომელშიც ექიმები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, პირველ სხდომაზე 9 პაციენტის მკურნალობაში ჩართვაზე მიიღო გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 100-125 პაციენტის ჩართვა მკურნალობაში. მკურნალობაში ჩართვა სპეციალური, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რომელიც ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრების მიერ არის დამტკიცებული და გამორიცხავს პროგრამის განხორციელების დროს უსამართლობას და სისტემაში ინფიცირებულ პირთა ხელოვნურად შემოდინებას მკურნალობის მიზნით.
პარალელურად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის ვირუსზე მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტ პატიმარს ჩაუტარდება.
C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება და მკურნალობის დასაწყებად დაწესებულების შეცვლა საჭირო არ არის.