შემოგვიერთდით facebook-ზე
რა უპასუხა გიორგი ვაშაძის ბრალდებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ?!
14-03-2014, 13:21  /  ნახვა: 1461

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს - დავით ახალბედაშვილს, მალხაზ გურულს და მორის ფუხაშვილს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დასდო ბრალი.

ყველას შევახსენებთ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ხოლო ამავე კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ახდენს პარლამენტის წევრის ზემოაღნიშნული განცხადების ფაქტის, ისევე როგორც ამ განცხადების მიზეზთა პოლიტიკურ შეფასებას, თუმცა, იმავდროულად საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლოსა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს შეურაცხყოფა ან/და მასზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ისევე როგორც მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი ხალხის ნდობის დაკარგვას

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა