თბილისში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება
თბილისის პრობაციის ბიუროს დახმარებით, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
სამუშაოების მწარმოებელი „საინჟინრო სერვისების კომპანიისათვის“, პრობაციონერთა დასაქმების რეკომენდაციით მიმართვამდე, თბილისის პრობაციის ბიურომ, ინდივიდუალურად შეისწავლა ხუთივე მათგანის რისკები და საჭიროებები.
შესაბამისი შეფასებების გათვალისწინებით, ყველა პირობით მსჯავრდებულთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პრობაციონერები სამშენებლო ობიექტზე, სხვადასხვა დამხმარე სამუშაოებს შეასრულებენ და ყოველთვიურად 550 ლარს გამოიმუშავებენ.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პრობაციის ბიუროები მუდმივად ზრუნავენ პირობით მსჯავრდებულთათვის სამუშაო ადგილების მოძიებაზე. მიმდინარე წელს, მათი ხელშეწყობით, უკვე 120 პრობაციონერი დასაქმდა.
ქალი მსჯავრდებულები C ჰეპატიტზე გამოიკვლიეს
პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, C და B ვირუსულ ჰეპატიტზე ქალ მსჯავრდებულებს გამოკვლევა ჩაუტარდათ. ტესტირება ნებაყოფლობით 222-დან 148 დაინტერესებულმა პატიმარმა ჩაიტარა. მიმდინარე კვირაში ქალ მსჯავრდებულთა შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები, უკვე ცნობილი იქნება.
პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე მიზნობრივი ჯგუფია, სადაც ტესტირება მასობრივად ჩატარდა. პროგრამის დაწყების ადრეულ ეტაპზე ტესტირება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს უკვე ჩაუტარდათ. 1 წლის განმავლობაში სულ 10 000-ზე მეტი პატიმრის ტესტირება იგეგმება.
პროგრამის მეორე ფაზა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2 წლის განმავლობაში, მკურნალობა 1000 პატიმარს ჩაუტარდება. პაციენტები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სპეციალური სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.
არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ნარდის ჩემპიონატი გაიმართა
არასრულწლოვანთა N11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარდის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაში 28 არასრუწლოვანი მსჯავრდებული მონაწილეობდა. ჩემპიონატის მიმდინარეობისას მსაჯობა ნარდის ასოციაციის პრეზიდენტმა თემურ ქურციკიძემ, ნარდის მსოფლიო პირველობის მფლობელმა ომარ დვალმა, მომღერალმა ეთერ კაკულიამ და ასოციაციის სხვა წევრებმა გასწიეს. ტურნირში გამარჯვებული მოზარდები ნარდის ასოციაციის წევრებსაც შეეჯიბრნენ. საბოლოოდ, გუნდურ თამაშებში მასპინძელთა ნაკრებმა გაიმარჯვა.
ღონისძიების დასასრულს, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოზარდებს სტუმრებმა სამახსოვრო მედლები და სიგელები გადასცეს. ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასულები, დამატებით, ნარდით დააჯილდოვეს. მხიარული შეჯიბრება სტუმრების მიერ მორთმეული ნარდის ფორმის ტორტის დაგემოვნებით დასრულდა.
ჩემპიონატს ორგანიზება დაწესებულების ფსიქო-სოციალურმა განყოფილებამ გაუწია.
პოლიციამ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გივი ვ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,6 გრ ჰეროინი.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გივი ვ. ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ხონის რაიონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ტრისტან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის განიხილოს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობის საკითხი და წარუდგინოს ინიციატივები მთავრობასა და პარლამენტს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ უკვე ინიცირებულია პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტია ჯარიმის განახევრება 100-დან 50 ლარამდე უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში.
აღნიშნულ ინიციატივაში, რაც წარდგენილია პარლამენტში, უარი ითქვა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დაჯარიმებაზე და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შემოდის მართვის უფლების შეჩერების ინსტიტუტი.
როგორც ეს, ასევე სხვა ცვლილებებიც დაკავშირებულია არა ფისკალურ ეფექტთან და ბიუჯეტში თანხების მობილიზებასთან, არამედ თითოეული ადამიანის, მათ შორის სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან.
ასევე გვსურს მოგახსენოთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და ასევე გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა.
საპატიმროებს კიდევ 36 პატიმარი დატოვებს
2013 წლის 23 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 300 მსჯავრდებულის საქმეს გადახედა. შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 36 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის ორი ქალბატონია.
მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთ მსჯავრდებულ მამაკაცს, რომლის საქმის განხილვაც ზეპირი მოსმენით განხორციელდა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
კომისიის წევრებმა, იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
გადაწყვეტილება მსჯავრდებულებს ვადამდე გათავისუფლების კომისიის წევრებმა, მათ შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს შს სამინისტროს 2013 წლის ანგარიშში, დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული, თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
2013 წლის ანგარიშში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1946 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა რომ, ალექსანდრე ს-მ ნარკოტიკული საშუალება რუსეთის ფედერაციიდან ამანათით მიიღო. სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ქალის ფეხსაცმელში იყო მოთავსებული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტრეფიკინგის წინააღმდეგ
23 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, მოწვეულ სტუმრებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებებისა და ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის პრევენცია; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა; ტრეფიკინგის დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ტრეფიკინგში დამნაშავე პირებისადმი. გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე უწყებათაშორის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა.
შეიარაღებული ყაჩაღები გატაცებული ავტომანქანით ავარიაში მოყვნენ
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს და საგურამოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა კ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა „მერსედესი“, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები, მომხდარიდან რამდენიმე საათში მცხეთაში დააკავეს.
გამოძიებამ, ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ.