ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1946 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა რომ, ალექსანდრე ს-მ ნარკოტიკული საშუალება რუსეთის ფედერაციიდან ამანათით მიიღო. სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ქალის ფეხსაცმელში იყო მოთავსებული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტრეფიკინგის წინააღმდეგ
23 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, მოწვეულ სტუმრებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებებისა და ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის პრევენცია; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა; ტრეფიკინგის დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ტრეფიკინგში დამნაშავე პირებისადმი. გოჩა ლორთქიფანიძემ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე უწყებათაშორის თანამშრომლობაზეც ისაუბრა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა.
მოამზადა
მზია კევლიშვილმა
სელენა გომესი ჯასტინ ბიბერზე ნამღერმა სიმღერამ აატირა
ოთხშაბათს, ბრუკლინში გამართულ კონცერტზე, სელენა გომესმა საკმაოდ ემოციურად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით: ,,სიყვარული გემახსოვრება". ეს სიმღერა მის ყოფილ ბოიფრენდს, ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის. სიმღერის ბოლოს სელენას თვალები ცრემლით აევსო.
,,ძალიან ცუდი დღეები გამოვიარე, მაგრამ თქვენ ბიჭებო ვერასდროს იგრძნობთ იმას, რასაც მე ვგრძნობ, ეს ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ბავშვობაში დაბრუნება გსურს, რადგან იქ ყველაფერი მარტივია!" - განუცხადა სელენამ დარბაზში მყოფ ხალხს.
როგორც ირკვევა, ცრემლები ჯასტინ ბიბერს არ ეკუთვნოდა.
,,ასეთი ლამაზი შოუ არასდროს მთავრდება ცრემლების გარეშე, მადლობას ვუხდი ბრუკლინს ". თქვა სელენამ.
ამ სიმღერის მობილური ვერსია, ჯასტინ ბიბერმა ინტერნეტში მანამდე გაავრცელა, სანამ მას ჩაწერდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჯასტინისთვისაც და სელენასთვისაც საკმაოდ ძვირფასი სიმღერაა.
მოამზადა
მზია კევლიშვილმა
2013 წელს გამართულ ვიქტორია სიკრეტის ჩვენებაში მირანდა კერი მონაწილეობას არ მიიღებს
მირანდა კერიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას ამ წელს გამართულ ვიქტორია სიკრეტის ჩვენებაში, რადგან მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს მეუღლესთან და თავის პატარა ვაჟიშვილთან ერთად. ბრენდის უფროსმა ედი რაზეკმა, კერის ფანები დაარწმუნა, რომ მიუხედავად მისი უარისა, მირანდა მაინც მიიღებს მონაწილეობას ჩვენებაში.
ავსტრალიელმა სუპერმოდელმა უარყო ედი რაზეკის სიტყვები და განუცხადა ფანებს, რომ ის გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
,,მათ მთხოვეს ჩვენებაში მონაწილეობის მიღება. ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ვერ შევძლებ ,რადგან იმ დროისთვის აუცილებლად უნდა გავემგზავრო აზიაში." - განაცხადა მირანდამ.
მირანდა კერი მხოლოდ 2010 წელს გამართულ ჩვენებაში არ გამოჩენილა, რადგან ის იმ დროისთვის ორსულად გახლდათ.
,,ედმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია ჩემზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა" - ღნიშნა კერიმ.
ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
კადრი წყვეტს ყველაფერს
გიორგი აბდალაძე: ფოტორეპორტიორი, საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ საინტერესო ადგილზე ნამყოფი. ფიქრობს, რომ ფოტოგრაფები არიან ადამიანები, ვინც გარკვეულწილად ისტორიას ქმნიან, კვალდაკვალ მისდევენ კადრებს, რომელსაც დღეს ფასი არ აქვს, მომავალში კი აუცილებლად ექნება...
- პირველი პროფესიონალური ფოტო როდის გადაიღეთ და რა იყო?
- ოცი წლის წინ, ფოტორეპორტაჟისას, ერთ-ერთი თანანმდებობის პირი გადავიღე.
- ყველაზე მეტად რისი გადაღება გსიამოვნებთ?
- რეპორტაჟის.
- რამდენი გამოფენა გაქვთ მოწყობილი?
- არ დამითვლია, ბევრი... უახლოეს მომავალში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მექნება გამოფენა.
- თქვენი საყვარელი ნამუშევარი და ფოტო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
- საყვარელი ნამუშევრის რა გითხრათ, მაგრამ გორში, აგვისტოს ომის დროს, დაჭრილი ქალის გადაღებულმა ფოტომ, რომელიც შველას ითხოვდა... ამ სურათმა, საზოგადოებაზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ოლიმპიადა „გადაყლაპა“...
- ვის ან რის გადაღებაზე ოცნებობთ?
- ჩვენი ქვეყანა ულამაზესია და ვოცნებობ: ხალხის ბედნიერებისა და სილამაზის გადაღებაზე, ამის დანახვა ძალიან მინდა, შესაბამისად - ასახვა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...
- ჰობი - ხატვა. რაც შეეხება ცხოვრების დევიზს: „კადრი წყვეტს ყველაფერს“...
ავტორი
ნინო კერატიშვილი
ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ
მხატვარ ელენე გამგონიძის ნამუშევრები, მნახველს ორიგინალური და განსხვავებული ფერწერით იზიდავს. სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები და ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა, საოცარი ტექნიკით შესრულებული ტილოები, მისი სავიზიტო ბარათია. მუშაობს ზეთის საღებავებით და რაც ყველაზე საინტერესოა, ცეცხლის მოწვის ტექნიკით უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. მისთვის მხატვრობა სიცოცხლის აზრია, რომელიც ადამიანის სულში არსებულ სიცარიელეს ავსებს.
- ქალბატონო ელენე, ხატვა როდის დაიწყეთ?
- პირველად 3 წლის ასაკში დავხატე. მაშინ, დედას უკვე სჯეროდა, რომ მხატვარი გავხდებოდი, რადგან კარგი ნამუშევრები გამომდიოდა. თერთმეტი წლის ვიყავი, სამხატვრო სტუდიაში რომ მივედი, სადაც ჩემი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი გია გუგუშვილი იყო. ჩემს ნამუშევრებს თავსატეხს უწოდებდა, რადგან რამდენიმე ფიგურას ერთმანეთში ვხატავდი. აზროვნება და სირთულეები მიყვარს, რასაც ზოგჯერ მხატვრები უარყოფენ. ჩემთვის კი აუცილებელია. ხელოვნება ძალიან მიყვარს, მუსიკასაც კარგად აღვიქვავ, მაქვს სმენა და ვმღერი.
- რა მიმდინარეობა იგრძნობა თქვენს ნახატებში?
- აზროვნება ძალიან მიყვარს, კონკრეტულ თემატიკას ვერ გამოვყოფ. სხვადასხვა ჟანრში ვხატავ და მაინც სულ ძიებაში ვარ. ორსახოვან პორტრეტებსაც ვქმნი. თითქმის ყველა ნამუშევარს რელიგიური საფუძველი აქვს, ეს ალბათ ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
სამოთხე დედამიწაზე
პოეტი, დიპლომატი და საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფლის“ პრეზიდენტი მიხეილ ტყებუჩავა, ლექსებს 22 წლის ასაკიდან წერს. ახლა ცხრა კრებულის ავტორია, მათგან ერთ-ერთი ათას სტროფიანი პოემაა, რომელსაც ,,წამის ათასწლეული“ ჰქვია. პირველი ლექსი მთა-თუშეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დაწერა, მაშინ, როცა ,,ივერის ღვთისმშობლის“ ხატის ასლი მთელ საქართველოში მოგზაურობდა. მისპირველ ლექსს სახელად ,,სამოთხე დედამიწაზე" ჰქვია.
- რატომ გადაწყვიტეთ, საკუთარი სახლის სადარბაზოში, სამლოცველოს და ბიბლიოთეკის გაკეთება?
- ეს ისტორია 7 წლის წინ დაიწყო. ყველაფერი ლიფტში ჩამსხვრეული სარკით დაიწყო, რომელიც ჩემს სადარბაზოში მოხდა. ამას მავნებელი ცელქი ბავშვები ჩადიოდნენ. ერთ დღეს, ექსპერიმენტისთვის, ჩამსხვრეული სარკის ადგილას, ათი მცნება ჩამოვკიდე, რის შემდეგაც მას ხელი აღარავინ მოკიდა. ათი მცნების გვერზე პატარა ამონარიდები დავკიდე და ბაგრატიონთა გენეოლოგია, სადარბაზო მუზეუმად გადაიქცა. შემდეგ პატარა სამლოცველო გავაკეთე, რომელიც 24 საათი ღიაა. კვირაში ერთხელ პარაკლისი ტარდება და სამლოცველო ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელს ატარებს. ასევე, გავაკეთე ბიბლიოთეკა, სადაც უკვე 2000-მდე წიგნია დაცული, ბიბლიოთეკა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) სახელობისაა. რაც ყველაზე სასიხარულოა, წიგნები არ იკარგება, კითხულობენ და ისევ უკან აბრუნებენ. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ხალხს, იმიტომ, რომ კეთილ ადამიანებს, არაერთი საინტერესო წიგნი უჩუქებიათ ბიბლიოთეკისათვის.
მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
ვადაგასული სანიტარი
რუსეთის ვიცე პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა, პეკინში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი სანიტარი თანამდებობას ტოვებს. ონიშენკო, რომლის ბრძანებითაც, ბოლო წლების განმალობაში, ქართული ღვინისა და ბორჯომის ექსპორტი რუსეთში აკრძალულია, ამაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს. ვიცე პრემიერის განცხადებით, ონიშენკოს თანამდებობიდან წასვლა, მის ასაკს უკავშირდება. იგი ამ თანამდებობაზე 1996 წლიდან მუშაობს და როგორც პრემიერმა განაცხადა, მალე ონიშენკოს პენსიაზე გასვლა მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ონიშენკოს ადგილს მისი მოადგილე ანა პოპოვა დაიკავებს.
მოამზადა
გიორგი გაბაშვილმა
27 ოქტომბრის არჩევნებში დსთ-ს დამკვირვებლები მონაწილეობას არ მიიღებენ
ამ სათაურით ავრცელებს სტატიას რუსული გამოცემა ,,ნეზვისიმაია” გაზეტა. სტატიის მიხედვით, დსთ-ს სადამკვირვებლო მისია, 27 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება, საინფორმაციო პორტალს ეს ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ მიაწოდა.
მომავალ არჩევნებს 60 ადგილობრივი და 63 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს მისიები, ამერიკის საერთაშორისო ინსტიტუტი.
არჩევნების მიმდინარეობას 84 ადგილობრივი და 35 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი გააშუქებს.
ორშაბათს, უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, რომლის საერთო რაოდენობაც 3 537 719-ია.
შეიარაღებული ყაჩაღები გატაცებული ავტომანქანით ავარიაში მოყვნენ
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს და საგურამოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა კ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა „მერსედესი“, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები, მომხდარიდან რამდენიმე საათში მცხეთაში დააკავეს.
გამოძიებამ, ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“ დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ხუთდღიანი ტრენინგი „მოწმის გამოკითხვა“ დაიწყო. ღონისძიება იუსტიციის
მინისტრის მოადგილე -ალექსანდრე ბარამიძემ გახსნა.
პროგრამის მიზანი პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის − „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ − განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურების ამოქმედებამდე საჭირო ტრენინგების განხორციელებაა. სასწავლო პროგრამა სახელმწიფო წარმომადგენელთა ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს და, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, პოტენციურ მოწმეებთან პროფესიულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ტრენინგს ამერიკელი ექსპერტები უძღვებიან. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 140-მდე სახელმწიფო წარმომადგენელი გადამზადდება. მათ შორის, პროკურატურის, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლები. პროგრამის მეორე ეტაპზე გადამზადების დროს შერჩეული 40 ტრენერი მოწმეთა გამოკითხვის ახალ პროცესთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული გამომძიებლების გადამზადებას უზრუნველყოფს.
მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ტრენინგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მეორე ეტაპი − 2014 წლის ბოლომდე.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოწმეთა გამოკითხვის პროგრამის ადმინისტრირებასა და კოორდინაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადება გაყალბებულ ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ელექტრონული ფოსტის "სქრინშოტები", რომლებიც თითქოსდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიასა და ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner Research-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯერემი როზნერის მიმოწერას ასახავენ. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული მიმოწერა გაყალბებულია, ხოლო მიმოწერაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები არც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და არც ჯერემი როზნერს არ ეკუთვნით.