შემოგვიერთდით facebook-ზე
ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ
22-10-2013, 18:04  /  ნახვა: 3034

ავტორი
ნინო კერატიშვილი
მხატვარ ელენე გამგონიძის ნამუშევრები, მნახველს ორიგინალური და განსხვავებული ფერწერით იზიდავს. სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნახატები და ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა, საოცარი ტექნიკით შესრულებული ტილოები, მისი სავიზიტო ბარათია. მუშაობს ზეთის საღებავებით და რაც ყველაზე საინტერესოა, ცეცხლის მოწვის ტექნიკით უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. მისთვის მხატვრობა სიცოცხლის აზრია, რომელიც ადამიანის სულში არსებულ სიცარიელეს ავსებს. 
- ქალბატონო ელენე, ხატვა როდის დაიწყეთ?
- პირველად 3 წლის ასაკში დავხატე. მაშინ, დედას უკვე სჯეროდა, რომ მხატვარი გავხდებოდი, რადგან კარგი ნამუშევრები გამომდიოდა. თერთმეტი წლის ვიყავი, სამხატვრო სტუდიაში რომ მივედი, სადაც ჩემი პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი გია გუგუშვილი იყო. ჩემს ნამუშევრებს თავსატეხს უწოდებდა, რადგან რამდენიმე ფიგურას ერთმანეთში ვხატავდი. აზროვნება და სირთულეები მიყვარს, რასაც ზოგჯერ მხატვრები უარყოფენ. ჩემთვის კი აუცილებელია. ხელოვნება ძალიან მიყვარს, მუსიკასაც კარგად აღვიქვავ, მაქვს სმენა და ვმღერი.
- რა მიმდინარეობა იგრძნობა თქვენს ნახატებში?
- აზროვნება ძალიან მიყვარს, კონკრეტულ თემატიკას ვერ გამოვყოფ. სხვადასხვა ჟანრში ვხატავ და მაინც სულ ძიებაში ვარ. ორსახოვან პორტრეტებსაც ვქმნი. თითქმის ყველა ნამუშევარს რელიგიური საფუძველი აქვს, ეს ალბათ ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა. 
- ცეცხლის მოწვის ტექნიკით შესრულებული პორტრეტებიც გაქვთ...
- ძალიან მიყვარს სიძველე. ჯერ ფურცელს ვაძველებ და შემდეგ ცეცხლის საშუალებით ვხატავ. მახსოვს, ღვთისმშობლის პორტრეტზე, რომ ვმუშაობდი ორი ცეცხლი გაჩნდა. კომპოზიციას ვაკეთებდი, ცეცხლი საჭირო არ იყო, მაგრამ ყველაფერი ხომ უფლის ნებით ხდება. საოცარი მაინც მაცხოვრის პორტრეტზე მუშაობა იყო, რომელიც თვითონ შეიქმნა. ისეთი სურათია, მართალი ადამიანი თუ არ ხარ, ვერ შეხედავ. 

ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ
- როგორც ვიცით, გერმანიაში გამოფენა გქონდათ, გვესაუბრეთ ამის შესახებ...
- ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. მაშინ, მხატვარი გიორგი გურასპაშვილი გამოჩნდა, რომელსაც გერმანიასთან კავშირი ჰქონდა. გიორგიმ იქ წამიყვანა, სადაც გერმანელმა ექიმმა ჰელმუდ ტეოდორმა თავის გალერეაში გამოფენა მომაწყობინა. თანხა, რამდენიც მჭირდებოდა, იმდენი ღირებულების ნამუშევარი გაყიდეს და გამოკვლევები ჩამიტარეს. მას შემდეგ, ქველმოქმედი ქალბატონი ვერა მინკე წამლებს მიგზავნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. გერმანიაში გამოფენაზე, ახლაც მაქვს დატოვებული ჩემი ნამუშევრები და ისევ ვაპირებ ჩავლას. 
- რა განსხვავებაა ქართველ და გერმანელ შემფასებლებს შორის?
- გერმანიაში მხატვარი უყვართ. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებმა მხატვრობა და საერთოდ, ხელოვნება დავივიწყეთ. შესაბამისად, დავკარგეთ ხელოვანის პატივისცემაც. იქ, საზოგადოება გამოფენაზე ისე მიდის, როგორც ჩვენ ტაძარში და როგორც ქართველებმა ვიცით, რომ სანთელი არის შესაწირი, რითაც მღვდელი არსებობს, მათ ეს ხელოვანზე აქვთ გაცნობიერებული. მხატვარმა, რომ ფუნჯი და საღებავი იყიდოს, ამის ერთადერთი საშუალება ნამუშევარია, რომელიც უნდა გაიყიდოს. გერმანელები დღემდე მეხმარებიან.
- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქართველი ერის ცვლილება? 
- ოტია იოსელიანი ჩემთან მეგობრობდა და ხშირად ამბობდა: ,,მგონია მარტო ჩვენ ვმუშაობთ ამ ქვეყნადო". ადრე ვეკამათებოდი, გვინდოდა გადაგვერჩინა ქართველი ერი, ის მეუბნებოდა: ,,ერი, რომელსაც ზნეობაში შეეშლება, ის ერი განწირულიაო". რაც დრო გადის ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები. დედამ შვილი თუ ხელოვნებით არ გამოკვება, კარგი მუსიკა არ მოასმენინა, კარგი ფერწერა არ დაათვალიერებინა და განათლება არ მისცა, მისგან კარგსაც არ უნდა მოელოდეს. მხოლოდ პურით კვება ადამიანის სულს ამახინჯებს. ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და თუ მოვინდომებთ ერთმანეთს გადავარჩენთ. 

ისეთი პატარა ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, ერთმანეთს გადავარჩენთ
- მოგვიყევით, თქვენი და ოტია იოსელიანის ახლობლობაზე... 
- ერთმანეთი მწერალთა კავშირში გავიცანით. გაცნობისას ხელი რომ ჩავკიდეთ, შემდეგ აღარ გაგვიშვია. საოცარი ხელი ჰქონდა. ოტიამ ,,ჰეგენია" შემარქვა. ხშირად მეუბნებოდა: ,,ჰელენ შენ უნდა ხატო" და ეს ჩემთვის დიდი შეძახილი იყო. ერთხელ გამომცემლობაში დავრეკე და ოტიას უთქვამს: ,,დაკეტეთ ახლა ფანჯრები, თორემ ჰელენი შემოვა და გაფრინდებაო". ჰაეროვანი ურთიერთობა გვქონდა. მისი სიკვდილის შემდეგ, ოტია იოსელიანის ეზოში, პოეზიის საღამო გავმართეთ, სადაც მის მიერ დაწერილი ლექსები, დაძველებულ ფურცლებზე გადავიტანე და გამოვფინე. 
- რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?
- ყველა ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებით მაცხოვრის პორტრეტი მიყვარს, რომელიც ტილოზე მაქვს შექმნილი. 
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ქართულ-ჩინური კულტურის წარმომადგენლად ამირჩიეს. გარკვეული ხნის შემდეგ, შესაძლებელია, ჩინეთში ჩემი და სხვა მხატვრების გამოფენები მოეწყოს, რაც ქართული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა