ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
გიორგი აბდალაძე: ფოტორეპორტიორი, საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ საინტერესო ადგილზე ნამყოფი. ფიქრობს, რომ ფოტოგრაფები არიან ადამიანები, ვინც გარკვეულწილად ისტორიას ქმნიან, კვალდაკვალ მისდევენ კადრებს, რომელსაც დღეს ფასი არ აქვს, მომავალში კი აუცილებლად ექნება...
- პირველი პროფესიონალური ფოტო როდის გადაიღეთ და რა იყო?
- ოცი წლის წინ, ფოტორეპორტაჟისას, ერთ-ერთი თანანმდებობის პირი გადავიღე.
- ყველაზე მეტად რისი გადაღება გსიამოვნებთ?
- რეპორტაჟის.
- რამდენი გამოფენა გაქვთ მოწყობილი?
- არ დამითვლია, ბევრი... უახლოეს მომავალში, ლონდონსა და ნიუ-იორკში მექნება გამოფენა.
- თქვენი საყვარელი ნამუშევარი და ფოტო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
- საყვარელი ნამუშევრის რა გითხრათ, მაგრამ გორში, აგვისტოს ომის დროს, დაჭრილი ქალის გადაღებულმა ფოტომ, რომელიც შველას ითხოვდა... ამ სურათმა, საზოგადოებაზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ოლიმპიადა „გადაყლაპა“...
- ვის ან რის გადაღებაზე ოცნებობთ?
- ჩვენი ქვეყანა ულამაზესია და ვოცნებობ: ხალხის ბედნიერებისა და სილამაზის გადაღებაზე, ამის დანახვა ძალიან მინდა, შესაბამისად - ასახვა.
- ჰობი და ცხოვრების დევიზი...
- ჰობი - ხატვა. რაც შეეხება ცხოვრების დევიზს: „კადრი წყვეტს ყველაფერს“...
- ფოტოგრაფიით თქვენი დაინტერესება რამ გამოიწვია?
- სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრირებაზე. ხატვა მიყვარს, სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო ამ საქმიანობას ჩამოვშორდი... თავდაპირველად, მეგობრის რჩევამ დამაფიქრა და სრულიად შემთხვევით თავი ფოტოჟურნალისტიკაში ამოვყავი. ბევრი მინუსის მიუხედავად, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროფესიაა, ეს საქმიანობა უზომოდ მიყვარს.
- რა არის თქვენთვის ფოტოხელოვნება?
- ფოტოხელოვნება ჩემთვის უკვდავებაა, წამის შეჩერება.
- რა დროა საჭირო, ფოტოგრაფიის საფუძვლების შესასწავლად?
- შინაგანად, ადამიანის ხედვა ინდივიდუალურია. მთავარია, ტექნიკური მხარე კარგად შეისწავლო, აპარატის მართვა შეძლო, დანარჩენი დროთა განმავლობაში გამოვლინდება: ექსპოზიციის გასწორება, დიაფრაგმის დაყენება და ა.შ.. ფოტოგრაფი გამორჩეული ხედვის ადამიანია.
- დავალება, რომელიც გაგიძნელდათ?
- როდესაც ომის კადრებს ვიღებდი, მუშაობა ნამდვილად მიმძიმდა.
- არის ადამინი, რომლის აზრს ყოველთვის ითვალისწინებთ თქვენს შემოქმედებაში?
- ვცდილობ, ნებისმიერი ადამიანის აზრი გავითვალისწინო, ვინც ჩემ გარშემოა, მათთან ერთად ყოველთვის ანალიზს ვაკეთებ, თუმცა ჩემი ხედვა მაქვს და გადაღების პროცესში ის ხასიათი, რასაც ავსახავ.
- რამდენი წელია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?
- დაახლოებით ოცი წელი იქნება.
- თქვენი ხედვით რა არის საჭირო, კარგი ფოტოგრაფი რომ იყო?
- კარგი ფოტოაპარატი, ლინზები, განათება, ტექნიკის სწორი მართვა და განწყობა. ადამიანი რომ კადრს წამიერად შეაჩერებს, ის პროფესიონალურად გადაღებულია.
- თქვენთვის მისაბაძი ფოტოგრაფი?
- რობერტ კაპა, ერთ-ერთი შესანიშნავი ფოტორეპორტიორი, რომელიც პროფესიას შეეწირა, მაგრამ საკუთარ ნამუშევრებში უკვდავება დატოვა. სამხედრო თემატიკაზე მუშაობდა, ის განსაკუთრებული იყო. საქართველოშიც ძალიან ბევრია, ვინც ქართველ ფოტოგრაფთა ისტორიაში არიან შესულნი.
- ხშირად ხართ კრიტიკის ობიექტი? როგორ იღებთ კრიტიკას?
- კი არ გვაკრიტიკებდნენ, გვიჭერდნენ და გვაბრალებდნენ ჯაშუშობას, გვილეწავდნენ აპარატურას, გვცემდნენ, გვარბევდნენ. ზოგი გვიკრძალავს გადაღებას, მაინც ვიღებთ და ცხოვრებას ვაგრძელებთ! ეს პროფესია სიგიჟემდე მიყვარს და შიშის ფაქტორი არ მაქვს. მოვლენასა და სიტუაციას, როგორც ვხედავ და აღვიქვამ ისე ვიღებ.
- რას იტყვით, საქართველოში ფოტოგრაფია განვითარებულია?
- დღეს, ინტერნეტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრები ვიხილოთ, რომელსაც უამრავი შემფასებელი ჰყავს. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. საქართველოში ძლიერი ფოტოგრაფები გვყავს, ეს პროფესია უფრო წინ წავა.
- რა გეგმები და სურვილები გაქვთ?
- მსურს ისეთი კადრების გადაღება, სიამოვნებას რომ მომანიჭებს. ჩემს ქვეყანაში მინდა ამ ყველაფრის გაკეთება: სიმშვიდის , სილამაზის ასახვა, რასაც დავინახავ, დაინახონ და შეაფასონ.
იცით, ფოტოგრაფს ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება დაემართოს დაბრმავებაა, აპარატი ჩემი თვალებია, ამიტომ ის სულ ჩემთანაა. მომავალში, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კადრი მაქვს გადასაღები!