იმერეთში დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბორის გ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 15 შეკვრად დაფასოებული 1,84 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 0,644 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
სოფელ სკრაში პოლიციამ ფეთქებადი ნივთიერებები და მარიხუანა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული დავით მ. ნარკოდანაშაულისთვის და საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ სკრაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 125 საბრძოლო ვაზნა, ფეთქებადი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 6,8337 კგ ტროტილი და 10,65 გრ გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მედიისთვის სემინარი გამართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ევროკავშირის ერთობლივი ორგანიზებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გუდაურში გასვლითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ტელეკომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები: რედაქტორები, მთავარი პროდიუსერები და გადაცემების წამყვანები მონაწილეობდნენ. სემინარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ გახსნეს.
„გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი, აუცილებელია მედიის აქტიური ჩართულობა და ინფორმირება სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა თუ ადამინის უფლებების დაცვის შესახებ - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ევა პასტრანამ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და მედიას პენიტენციური სისტემის სიახლეები გააცნო.
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული სოფიო ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 29 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 11,642 გრ ნარკოტიკული საშუალება 2,441 გრ ჰეროინს შეიცავს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მსჯავრდებულთა სოციალურად დაუცველი ოჯახები უფასო გრძელვადიანი პაემნით ისარგებლებენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, იმ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უფასო გრძელვადიანი პაემნით სარგებლობა შეეძლებათ.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემანი ფასიანია და 60 ლარს შეადგენს. რადგან მსჯავრდებულთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ბევრი მათგანი პაემნისთვის საჭრო თანხის გამო ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან შეხვედრას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, _ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტი. აღნიშნული ინიციატივა ასევე დიდი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი პატიმრების ოჯახებისთვისაც. ამიტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივით, ეს შეღავათი დაწესდა.
ამავე ინიციატივის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით, არასრულწლოვანთათვის ხანგრძლივი პაემნის საფასური განახევრდა და 30 ლარს შეადგეს.
აღნიშნულ საკითხზე მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში საინფორმაციო კამპანია დაიწყება.
პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, რუსთავსა და ასპინძაში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ.
მაკა ღ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მან რეგისტრაცია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რუსთავის პრობაციის ოფისში გაიარა. პრობაციონერის რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტული დასაქმება აღმოჩნდა.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით, პირობით მსჯავრდებული, მისი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რუსთავში მოქმედ მარკეტში ტანსაცმლის სექციის კონსულტანტად დასაქმდა. პირველ ეტაპზე, მაკა ღ-ს ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარი იქნება.
სამცხე–ჯავახეთის პრობაცის ბიუროსა და ასპიძის რაიონის გამგების ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველი პრობაციონერი დავით ფ. დასაქმდა შპს „ანგში“, რომელიც ასპინძის რაიონში სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობებს აწარმოებს. პრობაციონერის ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს.
სოფელ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ოთარ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცავებმა სოფელ ფონიჭალაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკისას, ლითონის მილში დამალული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 25,5862 გრ ნარკოტიკი 0,1822 გრ ჰეროინს შეიცავს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები სასწავლო ცენტრში ტრენინგს გადიან
არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება ტარდება გარემოს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვან პატიმრებთან მომუშავე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში.
ტრენინგი 5 ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წლის 8-9 აპრილს ღონისძების პირველი ეტაპი ტარდება თემაზე „ჯგუფური მუშაობის მეთოდები“.
ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამშრომელთა ჯგუფური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და მსმენელთათვის იმ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან/პატიმრებთან ურთიერთობაში.
მონაწილეები განიხილავენ ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობასა და თავისებურებებს, მონაცემთა გამოყენების ფსიქოდიაგნოსტიკურ და ფსიქოკორექციულ ასპექტებს. ტრენინგის მანძილზე გაიმართება თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია.
აღნიშნული თემატიკით გადამზადებას 17 მონაწილე გაივლის. ტრენინგს უძღვებიან ტრენერები მაია ცირამუა და ნათია წერეთელი. ტრენინგის შემდეგი ეტაპები აპრილი-ივნისის თვეში გაიმართება.
ყოფილ მსჯავრდებულს თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარედგინა
2014 წლის 5 აპრილს, ყოფილ მსჯავრდებულს, თ.წ.-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თაღლითობა, ანუ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ფაქტზე ბრალი წარედგინა.
გამოძიების თანახმად, 2011 წლის დასაწყისში, N5-ე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული თ.წ. ასევე მსჯავრდებულ ლ.ხ.-ს დაუმეგობრდა და ნდობის მოპოვების შემდეგ დაპირდა, რომ 10 000 ლარის სანაცვლოდ, შეწყალების კომისიაზე მისი გათავისუფლების დადებითად გადაწყვეტას შესძლებდა.
ლ.ხ.-მ 2011 წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, შვილის ს.გ.-ის დახმარებით თ.წ.-ს დედის სახელზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით 9 950 ლარი გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ თ.წ. ამჟამად გათავისუფლებულია, ხოლო დაზარალებული ლ.ხ. ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 22-23 აპრილს ვიდეოპაემანი უფასო იქნება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 22-23 აპრილს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
აღნიშნულ დღეებში, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა N5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა N11 სპეციალურ დაწესებულება, ქსნის N15 დაწესებულება და რუსთავის N17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი.
ავტორი
თინათინ რეხვიაშვილი
ლაშა ჟვანია: ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა
ბატონი ლაშა ჟვანია პროფესიით დიპლომატია, ამჟამად პატრიარქის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. მისი წინაპრები სამეგრელოდან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველი კახათიდან არიან. შარშან ბებია-ბაბუის სახლში იმყოფებოდა და ამბობს, რომ ისეთივეა, როგორიც ბავშვობაში. 14 წლის იყო, როცა პირველად ისრაელს ეწვია. იქ დედის მხრიდან ბაბუა გაიცნო, რის შემდეგაც ჩანახატის სახით ფილმი გადაიღო, სახელად - ,,სტუმრად ბაბუასთან". მაშინ, 1998 წელი იყო, ყველას ეგონა ფილმი რომელიმე სოფლეში იქნებოდა გადაღებული, არადა სინამდვილეში იღებდა ადამიანს, რომელიც შორტებით თელავივის ქუჩებში დასეირნობდა
მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ილია მ. მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დიეგო ყ-ს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ზვიად ღ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დიეგო ყ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ზვიად ღ. საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).