შემოგვიერთდით facebook-ზე

სოფელ ფონიჭალაში  ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ოთარ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცავებმა სოფელ ფონიჭალაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკისას, ლითონის მილში დამალული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 25,5862 გრ ნარკოტიკი 0,1822 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

10-04-2014, 17:49

მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს 

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ილია მ. მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დიეგო ყ-ს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ზვიად ღ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დიეგო ყ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ზვიად ღ. საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).

 

2-04-2014, 15:36

გურჯაანში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ნელი ხ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნელი ხ. გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი ბინის ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდა. იგი ასევე ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში.

სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით ოთხი ქალბატონი დაკითხეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

 

13-03-2014, 14:50

პოლიციამ იმერეთში საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1984 დაბადებული გიგა მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ პირველ ობჩაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 134 ცალი საბრძოლო ვაზნა და „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 1 ცალი ხელყუმბარა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

13-03-2014, 12:25

რუსთავში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი დავით ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებულია 91,81 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 7,1201 გრ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

13-03-2014, 12:21

გურჯაანში ორი პირი ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმას გეგმავდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კობა ზ. და 1968 წელს დაბადებული გივი ნ. ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გურჯაანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალაქ გურჯაანში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი ჯავშანმანქანის მოძრაობის განრიგი და მარშრუტი.

12-03-2014, 15:49

თბილისის აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნიკოლოზ გ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ გ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ეგვიპტიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მისი პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 22 აბი ,,ტრამადოლი“, 2,52 გრ კანაფის ფისი და 1,79 გრ ოპიუმი.

11-03-2014, 17:43

შსს-მ ძებნილი დააკავა

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2010 წლის 10 თებერვლიდან ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ლაშა ვ. დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში დააკავეს.

ლაშა ვ-მ 2009 წლის 7 მაისს მოქალაქეს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 4 თებერვალს ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლი), ცივი იარაღის ტარების (238-ე პრიმა მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (117-ე მუხლი) ფაქტებზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

11-03-2014, 17:36

ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავეს

შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და ანტიკორუფციული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალციხეში, ქრთამის აღების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ადიგენის სატყეო უბნის ტყისმცველი მამუკა ე. და სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის ტყისმცველი შალვა გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამუკა ე. და შალვა გ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ტყის უკანონოდ გაჩეხვის უფლებას აძლევდნენ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

10-03-2014, 17:02

შსს-მ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ალექსანდრე ე. ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თამბაქოს სავაჭრო ჯიხურში ყალბი კუპიურის გასაღებას ცდილობდა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ყალბი 556 ათასი რუსული რუბლი (17 850 ლარის ეკვივალენტი) და 2 ცალი ყალბი 10-ლარიანი კუპიურა, ხოლო მისი ავტომანქანის ჩხრეკისას ფერადი პრინტერი ამოიღეს.

ალექსანდრე ე. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

10-03-2014, 16:38

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ლევან ნ. და 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ვ. ჯანმრთელობის განზრახ  დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტს, 1965 წელს დაბადებულ ჯიმშერ ოსიაშვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

19-02-2014, 15:48

აჭარაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა გ, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ორჯერ ნასამართლევი ზვიად ქ, 1987 წელს დაბადებული არჩილ შ. და 1992 წელს დაბადებული ჯაბა ზ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს:  გლუვლულიანი გადაჭრილი თოფი, „ეფ-1“-ის ტიპის ერთი ხელყუმბარა,  ცეცხლსასროლი პისტოლეტი და  საფანტის პისტოლეტი. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 15 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

 

 

18-02-2014, 12:56



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა