შემოგვიერთდით facebook-ზე

პოლიციამ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ, რკინიგზის მშენებლობისთვის გაყვანილ გვირაბში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
სულ ამოღებულია: 5 ყუმბარმტყორცნი, ე.წ. "მუხა", "კალაშნიკოვი"-ს სისტემის 4 ავტომატი, ავტომატის 14 მჭიდი, ავტომატის 1047 საბრძოლო ვაზნა, ტყვიამფრქვევის 127 ვაზნა ლენტით, 1 კონტეინერი 5,45 მმ-ი კალიბრის ვაზნები, ტყვიამფრქვევ "დე-შე-კა"-ს 1 ვაზნა, "ეფ-1"-ის ტიპის 8 ხელყუმბარა და "ერ-გე-დე-5"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, 2 დეტონატორი, 1 მეტალის ზონარი ბოლოში სახრახნით, კამუფლირებული 1 ჩანთა, მჭიდების ჩასადები 1 ჟილეტი, მჭიდების მოსათავსებელი 1 ჩანთა, 1 ცალი მომწვანო ფერის ცილინდრისებური მეტალის საგანი.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

15-11-2013, 15:00

შსს-მ აჭარაში პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 14 პირი დააკავა
შსს-ს აჭარის ა/რ სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმსა და გონიოში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმსა და გონიოში მდებარე 14 სასტუმროსა და კლუბის მეპატრონეები და ადმინისტრატორები პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ.
სასტუმროებსა და კლუბებში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.
პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სულ 14 პირია დაკავებული. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

 

15-11-2013, 14:54

ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე-2 მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი – 1957 წელს დაბადებული ოლეგ ო. და 1963 წელს დაბადებული ამირან ი. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს, ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიდაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს.
სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

14-11-2013, 15:02

პოლიციამ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გივი ვ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2,6 გრ ჰეროინი.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გივი ვ. ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

25-10-2013, 16:24

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ხონის რაიონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ტრისტან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი სასროლად ვარგისია.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).

 

25-10-2013, 16:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის განიხილოს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობის საკითხი და წარუდგინოს ინიციატივები მთავრობასა და პარლამენტს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ უკვე ინიცირებულია პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტია ჯარიმის განახევრება 100-დან 50 ლარამდე უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში.
აღნიშნულ ინიციატივაში, რაც წარდგენილია პარლამენტში, უარი ითქვა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დაჯარიმებაზე და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შემოდის მართვის უფლების შეჩერების ინსტიტუტი.
როგორც ეს, ასევე სხვა ცვლილებებიც დაკავშირებულია არა ფისკალურ ეფექტთან და ბიუჯეტში თანხების მობილიზებასთან, არამედ თითოეული ადამიანის, მათ შორის სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან.
ასევე გვსურს მოგახსენოთ, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საგზაო ნიშნების შემოღებამ და ასევე გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ უზრუნველყო ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 60%-ით შემცირდა.

 

25-10-2013, 16:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების წლიური ანგარიში წარადგინა
საქართველოს შს სამინისტროს 2013 წლის ანგარიშში, დეტალურად არის აღწერილი რეფორმის ფარგლებში განხორციელებული, თუ მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება, კიბერდანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს მიერ ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
2013 წლის ანგარიშში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შს სამინისტროს დეპოლიტიზებას და რესტრუქტურიზაციას, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის ნოემბერში გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები (სოდ-ი), ხოლო მათ ნაცვლად შეიქმნა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები; ასევე, სამინისტროში შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

24-10-2013, 12:47

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

 

23-10-2013, 13:42

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1946 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 14 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა რომ, ალექსანდრე ს-მ ნარკოტიკული საშუალება რუსეთის ფედერაციიდან ამანათით მიიღო. სპეციალურ შეკვრაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ქალის ფეხსაცმელში იყო მოთავსებული.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

23-10-2013, 13:33

შსს-მ საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზაზა ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან „ჩე-ზე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის 65 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს.

16-10-2013, 15:37

თბილისში ნარკორეალიზატორები დააკავა
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მალხაზ ნ. და 1965 წელს დაბადებული გიორგი ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული ორი ათასი ლარი, შვიდასი დოლარი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“-ს შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 52 აბი და 55 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,6283 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება „ბუპრენორფინ“-ს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს ,,ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

15-10-2013, 14:05

პატრულმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა „მიცუბიში“-ს მარკის ავტომანქანა, წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო.
სამართალდამცველებმა, ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ვალტერი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) მიმდინარეობს.

15-10-2013, 14:01



მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა