შემოგვიერთდით facebook-ზე
პანკისში წმ. გიორგის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტი პოლიციას ისევ არ გაუხსნია
3-05-2017, 13:41  /  ნახვა: 3000

ახმეტის რაიონის მოსახლეობამ, ერთი კვირის უკან, საპროტესტო აქცია მოაწყო. შემდეგ, სოფელ მატანთან პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს, რის შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცათ. ახალგაზრდები ქისტების გასახლებას მოითხოვდნენ... მაშინ პოლიცია მომიტინგეებს, დაშლის სანაცვლოდ დაპირდათ, რომ დამნაშავეებს, რამდენიმე დღეში დაიჭერდნენ და სათანადოდ დასჯიდნენ. აქცია, 16 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხებოდა, როდესაც აღდგომის ღამეს, სოფელ ჯოყოლოში მშენებარე წმინდა გიორგის ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ამ ადგილას ძველი ადრეფეოდალური ხანის ნამოსახლარი არსებობს, სადაც შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ნატაძრალი. ამ ადგილზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა მაყვალა ცისკარიშვილმა, საკუთარი სახსრებით წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა. ტაძრის კედლები გარკვეულ სიმაღლემდე იქნა აშენებული, თუმცა აღდგომის ღამეს ბოროტმოქმედებმა ვანდალურად დაანგრიეს. დილას, სალოცავად მისულ ქრისტიანებს, მშენებარე ტაძარი მიწასთან გასწორებული დახვდათ.პანკისში წმ. გიორგის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტი პოლიციას ისევ არ გაუხსნია ამბობენ, ცისკარიშვილს, რომელიც ტაძარს აშენებდა, ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით დაემუქრნენო. ამ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, 28 აპრილს ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებმა და ალავერდის ეპარქიის მრევლმა, საპროტესტო აქცია მოაწყეს, პოლიციას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართვა გაუგზავნეს. სადაც აღნიშნული იყო, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტები, ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ, რომელიც ახმეტის მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს, უფრო და უფრო ღრმავდება. მათი დაუსჯელობა კი ხელს უწყობს მოსახლეობის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას. როგორც ჩანს, ახლაც დაპირება დაპირებად რჩება და პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰყავს დამნაშავეები დაკავებული. რადგან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187 მუხლის მე–2 ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.
პანკისის ხეობაში, ძირძველ ქართულ მიწაზე, სადაც ამჯერად მუსლიმთა უმეტესობა, ეთნიკური ქისტები და ჩეჩნები ცხოვრობენ, მსგავსი ვანდალური ფაქტი პირველი არ არის. პანკისის ხეობა სავსეა სხვადასხვა ისტორიული ეპოქის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. არადა, ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აქ არსებული ქრისტიანული სარწმუნოებისა და მისი სიმბოლოების მიმართ, პანკისის ხეობის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან, უდიერმა დამოკიდებულებამ იჩინა თავი. ყველას ახსოვს 2002 წელს ,,ბოევიკების" მიერ, სწორედ ამ წმინდა გიორგის ტაძრის სიახლოვეს, ,,კვირაცხოვლის" ბაზილიკური ტაძრის აფეთქების ფაქტი, რა დროსაც არავინ დასჯილა. ასევე, რამდენიმე წლის წინ, ტბათანას ტყეში აღმართულ ჯვარს ბოროტმოქმედებმა, როგორ დაუბეს მანქანა და მოგლიჯეს. სოფელ ჯოყოლოში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარს კი ფანჯრის მინები ჩაუმტვრიეს, რომელსაც უფრო ადრე ჯვარი ჩამოხსნეს სამრეკლოდან და გადააგდეს. შემდეგ ბალთაგორის კოშკიდან, მზის სიმბოლოს ბორჯღალის ჩუქურთმა და ბოლნური ჯვარი გაქრა.
ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიერ მიცემულ პირობას დღემდე ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ისინი მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარ თავზე აიღებენ... არსებობს საშიშროება იმისა, რომ პროცესები უფრო შორს წავიდეს და მოსახლეობის მხრიდან უკონტროლო ქმედებები მოჰყვეს. ალბად, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის აძლევს ხელს საქართველოს ძირძველ კუთხეში, პანკისის ხეობაში ქრისტიანული ტაძრების და კვალის გაქრობა! ან რა საფრთხეები შეიძლება მოუტანოს საქართველოს, მსგავსმა ფაქტებმა და მით უმეტეს დამნაშავეების დაუსჯელობამ?!
ლელა მანველიძ (სპეციალურად საიტისთვის)

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა