პანკისში წმ. გიორგის ტაძრის ვანდალიზმის ფაქტი პოლიციას ისევ არ გაუხსნია
|
ახმეტის რაიონის მოსახლეობამ, ერთი კვირის უკან, საპროტესტო აქცია მოაწყო. შემდეგ, სოფელ მატანთან პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს, რის შესაძლებლობაც პოლიციამ არ მისცათ. ახალგაზრდები ქისტების გასახლებას მოითხოვდნენ... მაშინ პოლიცია მომიტინგეებს, დაშლის სანაცვლოდ დაპირდათ, რომ დამნაშავეებს, რამდენიმე დღეში დაიჭერდნენ და სათანადოდ დასჯიდნენ. აქცია, 16 აპრილს მომხდარ ფაქტს ეხებოდა, როდესაც აღდგომის ღამეს, სოფელ ჯოყოლოში მშენებარე წმინდა გიორგის ტაძარი მიწასთან გაასწორეს. ამ ადგილას ძველი ადრეფეოდალური ხანის ნამოსახლარი არსებობს, სადაც შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ნატაძრალი. ამ ადგილზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა მაყვალა ცისკარიშვილმა, საკუთარი სახსრებით წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა. ტაძრის კედლები გარკვეულ სიმაღლემდე იქნა აშენებული, თუმცა აღდგომის ღამეს ბოროტმოქმედებმა ვანდალურად დაანგრიეს. დილას, სალოცავად მისულ ქრისტიანებს, მშენებარე ტაძარი მიწასთან გასწორებული დახვდათ. ამბობენ, ცისკარიშვილს, რომელიც ტაძარს აშენებდა, ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით დაემუქრნენო. ამ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, 28 აპრილს ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებმა და ალავერდის ეპარქიის მრევლმა, საპროტესტო აქცია მოაწყეს, პოლიციას დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართვა გაუგზავნეს. სადაც აღნიშნული იყო, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტები, ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ, რომელიც ახმეტის მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს, უფრო და უფრო ღრმავდება. მათი დაუსჯელობა კი ხელს უწყობს მოსახლეობის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას. როგორც ჩანს, ახლაც დაპირება დაპირებად რჩება და პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰყავს დამნაშავეები დაკავებული. რადგან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187 მუხლის მე–2 ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.
უკან დაბრუნება |