თბილისში სამუშაო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN)ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნერლოვან საკითხთან ერთად, აქტიურად განიხილებოდა ცერნში (CERN) საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ოფიციალურ განაცხადს წარადგენს ცერნში (CERN) და დაიწყება პროცესი. პარლელურად, არაერთი ცერნის (CERN) წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და საქართველოდანაც ბევრი მეცნიერი ეწვევა ბირთვული კვლევის ევროპულ ცენტრს.
მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ახალი ერთობლივი პროექტების შესაძლო განხორციელებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ განიხილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობა და ცერნში (CERN) მათი ინსტალაცია, ასევე შემოთავაზებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განვითარება, ქართველ სტუდენტთა და დოქტორანტთა სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის და ადრონიდული თერაპიის პროექტების შემუშავება და სხვ.
ცერნის დელეგაციის ვიზიტს წინ უძღვოდა თამარ სანიკიძის შეხვედრები ცენრში. მაშინ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. ამ კონტექსტში, განხილული იქნა საქართველოს ცერნში ასოცირებული წევრის სტატუსით გაწევრიანების პერსპექტივებიც.
ცერნის ასოცირებული წევრის სტატუსი საქართველოს საშუალებას მისცემს არა მარტო ჩაერთოს ორგანიზაციის სამეცნიერო პროგრამებში, არამედ ქვეყანა უფლებამოსილი გახადოს მონაწილეობა მიიღოს სატრეინინგო და საგანმანათლებლო პროგრამებში, ასოცირებული წევრი სახელმწიფოს კომპანიები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და გახდნენ ცერნის კონტრაქტორები.