ავტორი
თიკო ბეკოშვილი
თოთხმეტი წლის ასაკში შესრულებულმა სიმღერამ - ,,მაგნოლია“, პოპულარობა და ხალხის დიდი სიყვარული მოუტანა. ერთ დროს თავადაც ემიგრანტი, ახლა უკვე ემიგრანტების საყვარელი მომღერალია. როგორ მოახერხა, ამ პატარა გოგონამ საზოგადოებაში ასე სწრაფად დამკვიდრება, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანა მალაზონია: მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე, სამი წლიდან იქ ვმღეროდი, ამიტომ სიმღერების შესრულება, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე მიწევდა.
- ფოლკლორს როდიდან მღერი?
- ფოლკლორის შესრულება სამი წლის წინ დავიწყე, როცა თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები მოვისმინე, ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და გადავწყვიტე ბედი ამ ჟანრში მეცადა.
- ამ ჟანრში რომელია შენი პირველი სიმღერა?
- ჩემი პირველი სიმღერა ,,მაგნოლიაა“, რომელიც რუსეთიდან დაბრუნებისას ჩავწერე. ამ სიმღერამ დიდი წარმატება და ხალხის სიყვარული მომიტანა ემიგრანტების საყვარელი სიმღერა გახლავთ, რაც ძალიან მახარებს.
- პირველად როდის გამოხვედი სცენაზე?
- სამი წლის ასაკიდან, ეს იყო მოსკოვში, ქართული კულტურის დღეებზე.
- კონკურსებში მონაწილეობას იღებდი?
- კი, ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მოსკოვში ხშირად იმართებოდა ქართული სათვისტომოს მიერ ღონისძიებები, რომლებშიც, აქტიურად ვიყავი ჩართული. ყოველწლიურად ტარდებოდა საოჯახო კონკურსები, სადაც რამდენიმე ნომერი სრულდებოდა. ერთ-ერთ ასეთ კონკურსში პირველი ადგილი მალაზონიებმა ავიღეთ.
- მოსკოვში ქართულ სიმღერებს რა შეფასება ჰქონდა?
- ქართულ სიმღერებს იქ ხშირად ვმღეროდი და დადებითი შეფასება ჰქონდა...
- ქართული სულ რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
- ხუთი, მათ შორის გელა დაიაურთან ერთად შესრულებული დუეტი, რომელსაც თეონა და გელა ასრულებდნენ, შემდეგ კი ჩვენ ჩავწერეთ.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- ახალ სიმღერას ვწერ, თუმცა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ და გპირდებით, როცა დრო მოვა, ამას პირველად თქვენი ჟურნალი გაიგებს. გარდა ამისა, ვმუშაობ ალბომზე, რომელიც შემოდგომაზე გამოვა და მასში ათი სიმღერა შევა.
- გარდა სიმღერისა რას საქმიანობ?
- მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ, რამდენიმე საგანში ვემზადები, დავდივარ ვოკალზე და ცეკვაზე.
- ხომ არ აპირებ მოსკოვში დაბრუნებას და სად გირჩევია ცხოვრება?
- ჯერ წასვლას არსად ვაპირებ, ახლა საქართველოში ყოფნა მირჩევია.