რა სურპრიზს ჰპირდება ანა მალაზონია მსმენელს?!

ავტორი

თიკო ბეკოშვილი

თოთხმეტი წლის ასაკში შესრულებულმა სიმღერამ - ,,მაგნოლია“,  პოპულარობა და ხალხის დიდი სიყვარული მოუტანა. ერთ დროს თავადაც ემიგრანტი, ახლა უკვე ემიგრანტების საყვარელი მომღერალია. როგორ მოახერხა, ამ პატარა გოგონამ საზოგადოებაში ასე სწრაფად დამკვიდრება, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ანა მალაზონია: მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე, სამი წლიდან იქ ვმღეროდი, ამიტომ  სიმღერების შესრულება, როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე მიწევდა. 

- ფოლკლორს როდიდან მღერი?

- ფოლკლორის შესრულება სამი წლის წინ დავიწყე, როცა თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები მოვისმინე, ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და გადავწყვიტე ბედი ამ ჟანრში მეცადა. 

- ამ ჟანრში რომელია შენი პირველი სიმღერა?

- ჩემი პირველი სიმღერა ,,მაგნოლიაა“, რომელიც რუსეთიდან დაბრუნებისას ჩავწერე.  ამ სიმღერამ დიდი წარმატება და ხალხის სიყვარული მომიტანა ემიგრანტების საყვარელი სიმღერა გახლავთ, რაც ძალიან მახარებს.

- პირველად როდის გამოხვედი სცენაზე?

- სამი წლის ასაკიდან, ეს იყო მოსკოვში, ქართული კულტურის დღეებზე.

რა სურპრიზს ჰპირდება ანა მალაზონია მსმენელს?!

- კონკურსებში მონაწილეობას იღებდი?

- კი, ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მოსკოვში ხშირად იმართებოდა ქართული სათვისტომოს მიერ ღონისძიებები, რომლებშიც, აქტიურად ვიყავი ჩართული. ყოველწლიურად ტარდებოდა საოჯახო კონკურსები, სადაც რამდენიმე ნომერი სრულდებოდა. ერთ-ერთ ასეთ კონკურსში პირველი ადგილი მალაზონიებმა ავიღეთ.

- მოსკოვში ქართულ სიმღერებს რა შეფასება ჰქონდა?

- ქართულ სიმღერებს იქ ხშირად ვმღეროდი და დადებითი შეფასება ჰქონდა...  

- ქართული სულ რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?

- ხუთი, მათ შორის გელა დაიაურთან ერთად შესრულებული დუეტი, რომელსაც თეონა და გელა ასრულებდნენ,   შემდეგ კი ჩვენ ჩავწერეთ.

- ამჟამად რაზე მუშაობ?

- ახალ სიმღერას ვწერ, თუმცა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ და გპირდებით, როცა დრო მოვა, ამას პირველად თქვენი ჟურნალი გაიგებს. გარდა ამისა, ვმუშაობ ალბომზე, რომელიც შემოდგომაზე გამოვა და მასში ათი სიმღერა შევა.  

- გარდა სიმღერისა რას საქმიანობ?

- მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ, რამდენიმე საგანში ვემზადები, დავდივარ ვოკალზე და ცეკვაზე.

- ხომ არ აპირებ მოსკოვში დაბრუნებას და სად გირჩევია ცხოვრება? 

- ჯერ წასვლას არსად ვაპირებ, ახლა საქართველოში ყოფნა მირჩევია.  

 


უკან დაბრუნება