ავტორი
გიორგი გაბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე (რამდენიმე დღის წინ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და აბაშიძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა აბაშიძის მოხსენებით გაიხსნა. მან ისაუბა იმ შედეგებზე, რაც მისი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის - კარასინის შეხვედრებმა მოიტანა.
„ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოსთვის რუსული ბაზრის გახსნა, ვაკონკრეტებ, სრულად გახსნილია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზარი არის პოლიტიკური მექანიზმი და არის გარკვეული ბიზნეს რისკები, ასე რომ თვითონ უნდა გადაწყვიტონ მეწარმეებმა, უღირთ თუ არა გარისკვა“ - აღნიშნა აბაშიძემ.
აბაშიძემ ამის შემდეგ აუდიტორიის კითხვებს უპასუხა:
- ბატონო ზურაბ რამდენად ელოდებით პუტინის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დათმობებს?
- ამაზე პასუხი არც მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. ჩემი და ბატონი კარასინის შეხვედრები, საქართველოსა და რუსეთის პირველი დიპლომატიური კავშირია, 2008 წლის შემდეგ. არის თემები რაზეც ლაპარაკი არ გვქონია, მაგალითად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა. შევთანხმდით, რომ - ვერ შევთანხმდით. ასევე საზღვრის გადმოწევის საკითხიც სრულად იგნორირებულია რუსეთის მხრიდან, კარასინი პირდაპირ მიგვითითებს, რომ ველაპარაკოთ ამ საკითხზე ოსებს და არა რუსეთს, რომელიც მათივე თქმით არაფერ შუაშია.
- საქართველო 2011 წელს, დათანხდა რუსეთის გაწევრიანებას ,,WTO“-ში, მოუტანა თუ არა ამან ქვეყანას რაიმე პოლიტიკური დივიდენდები?
- სიმართლე უნდა ითქვას და სხვა გზა არც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რუსეთის ,,WTO“-ში გაწევრიანება მთელ ორგანიზაციას უნდოდა და ბუნებრივია დიდი ხანი ვერ გავაგრძელებდით უარყოფას. თუმცა ამით საქართველომაც მოიგო გარკვეულწილად. ჩვენი თანხმობის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ აფხაზეთის საზღვარზე დადგება საერთაშორისო შვეიცარული ორგანიზაციის დამკვირვებელთა ჯგუფები, რომელიც ევროსტანდარტებით გააკონტროლებენ ტერიტორიას.
- რაც შეეხება აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემას, რას აპირებს ქვეყანა ამ მიმართულებით?
- ჩვენ ვცდილობთ მთელი მსოფლიო ჩაერიოს ამ საკითში. მსოფლიოს ქვეყნები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პირისპირ ველაპარაკოთ აფხაზეთსა და ოსეთს, რაზეც ჩვენ დავთანხმდით, თუმცა შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში უნდა გამართულიყო, არც აფხაზი, არც ოსი და არც რუსი წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ. ჩემი და კარასინის შეხვედრათა ფორმატში ამ საკითხის განხილვა ვერ ხერხდება. თუმცა უნდა ითქვას ერთი რამ: რაც მე და კარასინმა დავიწყეთ შეხვედრები და არის ლაპარაკი ურთიერთობის გაუმჯობესებზე, საკმაოდ აღელდნენ აფხაზები. ისინი შიშობენ, თუ რის ხარჯზე უნდა მოხდეს ურთიერთობების დალაგება და ჰგონიათ, რომ თვითონ „გაიჭყლიტებიან“ ამ პროცესში. კარასინი ყოველი შიხვედრის შემდეგ ჩადის და „აწყნარებს“ ოსებს და აფხაზებს. თუმცა მათი შიში არც ისე უსაფუძვლოა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა. აბაშიძემ სურვილი გამოთქვა, რომ ხშირად შეხვდეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და „ანგარიში ჩააბაროს“ მათ.