რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა
ერთხელ მე და პაპა-ჩემი
ერთ ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარ: - პაპა-ჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენი ქვეყნის იმედი, -
რა ვაკეთეთ, რას ვშვებოდით?
- შენი მტერი!... პირღიადა
დავრჩით და ცას შევყუროდით.
მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
ვწეწდით და ვიწეწებოდით.
მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულება
ჩვენი ურცხვად გავუძვირეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რუსეთისკენ სახვეწნელად
გავრბოდით და გამოვრბოდით.
მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად,
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენი ქვეყნის დასახსნელად, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მადლიერნი მუთაქაზედ
ვიწექით და ვნებივრობდით.
მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეუფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
რა ვეკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ლამაზად სულყველასა
თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ შინ გაიგდო, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხოს ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენნი მოგვაწბილა,
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- შერცხვენილნი და დამწვარნი
აქა-იქა ვჩურჩულობდით.
მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს, თუ შეგვამცნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ფერმიხდილნი ბეზღობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდან ავიცდინეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მოვყევით და სიხარულით
ყოველ-დღე ვბედოვლათობდით.
მერე, როს ბედოვლათობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ერთმანეთს უსინიდისოდ
მამულებს ვეცილებოდით.
მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.
მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშჰვრებოდით?
- თვით შევსხედით მაღლა თაროს,
დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
მერე, როცა ეს ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზობითაც თითქო შესწყდნენ, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგვიყუჩდა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- რაღაც ბანკი მოვიგონეთ
და მასზედ ვლაზღანდარობდით
მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
- „Наплечо“ - ბა გვასწავლეო,
მთავრობას ვეხვეწებოდით.
მერე როცა... - კიდევ როცა! ... -
აქ გამიწყრა პაპა-ჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა,“ დამეხსენი.
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
უსაქმოდ ვეხეტებოდით.
ილია ჭავჭავაძე. 24 აგვისტო. 1871 წ.