რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა
|
რა ვაკეთეთ რას ვშვრებოდით, ანუ... საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა ერთხელ მე და პაპა-ჩემი ერთ ადგილს შევიყარენით; ჯერ, როგორც მოგეხსენებათ, მრავალჯერ დავამთქნარევით. მერე ვუთხარ: - პაპა-ჩემო! უწინდელი რამ გვაუწყეთ: რით ვიდიდეთ თავი ჩვენი, სახელი რით მოვიხვეჭეთ? მაგალითებრ, მაშინ, როცა მიიწურა ქართლის ბედი, როცა მოგვიკვდა ერეკლე, ის ჩვენი ქვეყნის იმედი, - რა ვაკეთეთ, რას ვშვებოდით? - შენი მტერი!... პირღიადა დავრჩით და ცას შევყუროდით. მერე, როს მეფე გიორგი დაჯდა შერყეულსა ტახტზედ, შინ თვისტომნი აუჯანყდნენ, წამოასხდნენ მტრადა თავზედ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ ვწეწდით და ვიწეწებოდით. მერე, როცა ემაგ წეწვით მეფეს საქმე გავუჭირეთ და ქვეყანას ერთგულება ჩვენი ურცხვად გავუძვირეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რუსეთისკენ სახვეწნელად გავრბოდით და გამოვრბოდით. მერე, როცა საწყალ მეფემ დაგვიყენა ლეკნი მცველად, თვის ქონება სრულად დასდვა ჩვენი ქვეყნის დასახსნელად, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მადლიერნი მუთაქაზედ ვიწექით და ვნებივრობდით. მერე, როცა მოკვდა მეფე, აიშალნენ მეუფეთ ძენი და ერთმანეთის შურითა სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, - რა ვეკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ლამაზად სულყველასა თვითო-თვითოდ ვღალატობდით. მერე, როცა დაქსაქსულნი უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო, ქართვლის ბედი ბურთსავითა სათამაშოდ შინ გაიგდო, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად ვჯირითობდით, ვბურთაობდით! მერე, როცა გაგვიჭირდა ყოფნა უცხოს ხალხის ხელში, როს საშველად მოწვეულმა წაგვიჭირა თოკი ყელში, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაშინ მივხვდით, რომ ყველანი ერთს ტაფაში ვიწვებოდით. მერე, როცა ამ წვა-დაგვამ დღენი ჩვენნი მოგვაწბილა, ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ, სინიდისმაც გაგვამხილა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - შერცხვენილნი და დამწვარნი აქა-იქა ვჩურჩულობდით. მერე, როცა ეგ ჩურჩული შეგვიტყვეს, თუ შეგვამცნიეს, როცა ცხვრისა ფარასავით მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ფერმიხდილნი ბეზღობაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. მერე, როცა მაგ ბეზღობით ზოგმა თავი გადვირჩინეთ, ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი ჩვენ თავიდან ავიცდინეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მოვყევით და სიხარულით ყოველ-დღე ვბედოვლათობდით. მერე, როს ბედოვლათობით საქმე ხელთ არ მოდიოდა, რაც რამ გვქონდა სულ გავფლანგეთ, არარა შემოგვდიოდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ერთმანეთს უსინიდისოდ მამულებს ვეცილებოდით. მერე, როცა მაგ ცილობით ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ, ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ ვისხედით და ხელს ვითბობდით. მერე, როს ხელთ სათბობადაც ჩვენი სახლი აღარ ვარგდა, როცა დიდი და პატარა გაღარიბდა, გაღატაკდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშჰვრებოდით? - თვით შევსხედით მაღლა თაროს, დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით. მერე, როცა ეს ყმებიცა დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ და ცხოვრების ჩვენის წყარო მაგ გზობითაც თითქო შესწყდნენ, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ... ვტიროდით, ვიხოცებოდით!.. მერე, როცა მაგ ტირილით ყმები აღარ დაგვიბრუნდა და ყმებისა მოშორების გულს ტკივილი დაგვიყუჩდა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - რაღაც ბანკი მოვიგონეთ და მასზედ ვლაზღანდარობდით მერე, როს საშვილიშვილოს ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა: ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო, არ მომცაო შვილი ღმერთმა, - რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? - „Наплечо“ - ბა გვასწავლეო, მთავრობას ვეხვეწებოდით. მერე როცა... - კიდევ როცა! ... - აქ გამიწყრა პაპა-ჩვენი: - შემაწუხე ამდენ კითხვით, „პოჟოლუსტა,“ დამეხსენი. რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით? მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით უსაქმოდ ვეხეტებოდით.
ილია ჭავჭავაძე. 24 აგვისტო. 1871 წ. უკან დაბრუნება |