ექსპერტების აზრით იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში ბევრ პროდუქციაზე, მათ შორის პურზე ფასის მატებას გამოიწვევს. შესაძლებელია ის 10 თეთრით გაძვირდეს. ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება კი ქართული პურის თონეებს დააწვება. პირველი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება და მეწარმეები75 თეთრის ნაცვლად 90 თეთრს გადაიხდიან.
მთავრობამ დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა 260 დევნილი ოჯახისათვის (800-მდე დევნილი) საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს.
დევნილებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ფოთში, ბათუმში, ქარელსა და წყალტუბოში დაუკანონდათ.
მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების დაკანონების პროცესი კვლავ გრძელდება და საცხოვრებელი ფართები, სადაც დევნილები კანონიერად ცხოვრობენ მათი საკუთრება გახდება.
ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალური კონფერენცია
დღეს, ბათუმში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საერთაშორისო სარკინგზო ტრანსპორტის კომიტეტის მხარდაჭერით, სასტუმრო შერატონში, ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკასიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებენ.
ორდღიან ღონისძიებას დაეწრებიან სამთავრობო უწყებების, კერძოდ, სამინისტროების, საბაჟოების, სატრანსპორტო სააგენტოების, რკინიგზებისა და ნავსადგურების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები. მონაწილე მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას რეგიონალური ვაჭრობის განვითარების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობისთვის. კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის ცნობადობის ამაღლებას, ერთი ფანჯრის მექანიზმისა და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში მიღწეული შედეგების შეფასებას.
სარეკლამო წარწერა ქართულ ენაზე სავალდებულო გახდება
საქართველოს პარლამენტში, უკვე შევიდა პროექტი, რომლის მიხედვით -,,რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებები შევა. პროექტის ინიციატორი და ავტორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. ცვლილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი აბრა, მხოლოდ ქართულ ენაზე გაავრცელონ. ეს მოთხოვნა არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა. ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება, მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე მოხდეს. ცვლილება არ გამორიცხავს, რომ წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს.