2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში“, გადაცემა „ბარიერში“ მონაწილეობას იღებდნენ - ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წარმომადგენლები. თემა ირაკლი დეისაძის წიგნი „საიდუმლო სირობა“ იყო. ერთამანეთის პირისპირ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და წიგნის დამცველები აღმოჩნდნენ. სტუდიაში დებატები იმდენად ცხარე აღმოჩნდა, რომ გადაცემის დასასრულს, ტელეკომპანიასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და რამდენიმე ადამიანი; დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე და ჯაბა გურჩიანი დააკავეს.
დაკავებული რვა პიროვნების მიმართ პროკურატურამ საქმე 154-ე მუხლის II ნაწილით აღძრა. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში ედებოდათ. ახლახანს, ისინი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
მათი ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს საქმის ვითარებას: „გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ის უსამართლო რეალობა, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იდგა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ტელეკომპანია „კავკასიაში“ განხორციელებული პროვოკაცია გახლავთ, სადაც ძალისმიერად, მიზანმიმართულად დაიჭირეს ადამიანები. ამ საქმის გარშემო სხვადასხვა აზრი მუსირებს, ზოგი ცდილობს, რომ ისინი, როგორც ხულიგნები, ისე წარმოადგინონ.
მაშინ, ტელეკომპანია „კავკასიაში“ მართმადიდებლური მრწამსის ახალგაზრდები, აპროტესტებდნენ ერთ რეალობას, რომელსაც - „ნებელონის გამოხატვა“ ერქვა. მანამდე, ილიას უნივერსიტეტში ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. მაშინ, სტუდენტების ნაწილმა, ამავე უნივერსიტეტის ხელძღვანელობას სთხოვა, საეკლესიო კუთხე მოწყობილიყო და ამ წიგნის, ფართოდ აფიშირება არ განხორციელებულიყო. რასაც რექტორატისგან გარკვეული პროტესტი მოჰყვა.
ნინო ჯანგირაშვილის გადაცემა „ბარიერში“ მიწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სერგო რატიანი, რომელიც მაშინ, ილიას უნივერსიტეტში ერთ-ერთი თანამდებობის პირი იყო, ასევე, ბექა მინდიაშვილი და ქეთი ხატიაშვილი. მეორე მხარეს კი ნანა დევდარიანი, ლევან ჩაჩუა და სხვები წარმოადგენდნენ. გადაცემაში, სტუმრის სტატუსით იყო მალხაზ გულაშვილი. ხოლო, დარბაზში მოწვევის გარეშე იმყოფებოდნენ ვინმე რატი, ავთანდილი და რამდენიმე ახალგაზრდა.
მალხაზ გულაშვილმა, ბექა მინდიაშვილს მიმართა, რომ ის იყო ერთ-ერთი ორდერის წევრი... რაზეც მინდიაშვილმა თავისი დამოკიდებულება აგრესიული ტონით გამოხატა. მან ღია ეთერში, პირდაპირ განაცხადა, რომ ეს არის პროვოცირება და ეს ხალხი ფაშისტები არიანო. შემდეგ კი მათ დასაკავებლად პოლიციას მოუხმო. შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ტელევიზიასთან, პროვოცირებულად დაკავებულ რვა ახალგაზრდას, ბრალდების მხარე ხულიგნობას და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას ედავებოდა. მტკიცებულებად კი ოც წუთიანი, უსაფუძვლო კადრები ჰქონდათ.
მალე ჩვენი სიმართლით, წარვდგებით საზოგადოების წინაშე. 32 მოწმე ამბობდა, რომ დაინახეს, თითქოს ეს ბიჭები, როგორ ხულიგნობდნენ, შეურაცხყოფდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას. არაერთხელ გვინახავს მსგავსი კადრები, უარესიც, ჟურნალისტების დევნა, შეურაცყოფა, ფიზიკური ანგარიშსწორება... ჩვენს შემთხვევაში კი, მსგავსს ადგილი არ ჰქონია. არადა, ბრალდებამ საქმეში დაზარალებულად წარმოადგინა ორი პირი, დავით აქუბარდია და ტელევიზიის ოპერატორი - გეგეჭკორი. მაგრამ აქუბარდია, სანამ ტელეკომპანიაში შემოვიდოდა, სარეკლამო კვეთისას, მასზე სულ სხვა პირთა ჯგუფმა იძალადა... სხვა დაზარალებული პირი ამ საქმეში არ ყოფილა. ორივე დაზარალებული, სასამართლო ინსტანციებში, ამბობდა, რომ დაკავებულები არ წარმოადგენენ იმ პირებს, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამას აცხადებდა მათი ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილიც. მაგრამ სასამართლომ დაუმსახურებელი ბრალით ახალგაზრდები ციხეში მაინც გამოამწყვდია.
დღეს, ვაპირებთ ამ საქმის გადახედვას, სამართლებრივ ჩარჩოში მოყვანას და ყველა იმ პირზე პასუხისმგებლობის მოთხოვნას, ვინც უსაფუძვლოდ ბიჭები ციხეში გამოკეტა. სამწუხაროდ ამ ახალგაზრდებს უწევთ მტკიცება, რომ ისინი არა მოძალადეები და ხულიგნები, არამედ პოლიტპატიმრები არიან. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ამ ახალგაზრდებს, კვლავ ხულიგნებად და დამარბევლებად მოიხსენიებს. ამბობენ, თითქოს მათი გამოშვება საზოგადოებისთვის საშიშია.
პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუა:
„ციხეში რვაჯერ იყვნენ მოსული და გვთხოვდნენ, პრეზიდენტის შეწყალებაზე ხელი მოგვეწერა, გვპირდებოდნენ, რომ შეგვიწყალებდნენ და ვადაზე ადრე გაგვათავლისუფლებდნენ, რაზეც უარს ვამბობდით. დღეს მუსირებს აზრი, თითქოს ჩვენ არ უნდა გავთავისუფლებულიყავით საპატიმროდან და დამნაშავეები ვიყავით. იმ შემთხვევაში, თუ ხელს აღიარებით ჩვენებას და შეწყალებას მოვაწერდით, მაშინ შეიძლებოდა ჩვენი გარეთ გამოშვება და ახლა არა?! მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ესაა მათი გაღიზიანების მიზეზი... პირდაპირ ეთერში გახლდით, როგორც რესპოდენტი, კადრებში იყო დაფიქსირებული, ადგილიდან არც კი გავნძრეულვარ, არანაირი მოქმედება არ ჩამიდენია. „კავკასიის“ ჟურნალისტებიც ამტკიცებდნენ სასამართლოზე, რომ ეს ადამიანი მოვიწვიეთ და მას ჩვენი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლიაო. მიუხედავად ამისა მოსამართლემ4 წელი და 6 თვე პატიმრობა მოგვისაჯა“.
პოლიტპატიმარი ავთანდილ ზუმბაძე:
„ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ერთგავრი დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიაში“ მოახდინეს. ეგრეთ წოდებული სექსუალური უმცირესობების თემაზე. მათ უზნეო მოთხოვნებზე, ჟურნალისტიც მიკერძოებული იყო და ყველანაირად ცდილობდა სიტუაციის დაძაბვას. აქვე იყო ის საკითხი, რომელიც საკმაოდ დიდ აჟიოტაჟს იწვევდა საზოგადოებაში, დეისაძის წიგნი, რასაც მართმადიდებელი მრევლის ქმედითი ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა. ეკლესიის მრევლი ვარ და ჩემში დიდი აღშფოთება გამოიწვია, ჩვენ გვთავაზობდნენ, გავჩერებულიყავით. თქვენი ორგანიზაცია, თუ შეწყვეტს მოქმედებას (აქ საუბარი იყო მშობელ-მართმადიდებელთა კავშირზე და ჩვენ სარწმუნოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობაზე), მაშინ გაგათავისუფლებთ, თქვენგან არაფერი გვინდა, მხოლოდ გაჩერდითო. მათ სურდათ - მართული ეკლესია“.
პოლიტპატიმარი რატი მაისურაძე:
„ჩვენი დაკავება, თავისუფლების ინსტიტუტის კედლებში გადაწყდა, იმიტომ რომ სჭირდებოდათ ყოფილიყო რელიგიური ექსტრემისტების ჯგუფი და ეს იარლიყი ჩვენ შეგვხვდა... გაღიზიანებულნი იყნვენ ჩიორა თაქთაქიშვილი, სერგო რატიანი და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები, რადგან არ უნდოდათ მიგვეღო პოლიტიკური სტატუსი და სურდათ გამოვჩენილიყავით რელიგიურ ექსტრემისტებად...
ჩვენ ვიყავით დაკავებული „კავკასიის“ ტელევიზიაში, სრულიად უსამართლოდ 4 წელი და ექვსი თვე გვქონდა მისჯილი, ხოლო ორი წელი მოსამართლემ, მხოლოდ იმის გამო დაგვიმატა, რომ არავის მივეცით უფლება, შეურაცხყოფა მიეყენებინა ღვთისმშობლისთვის, მართლმადიდებლებისთვის და ჩვენი რელიგიისთვის...“
პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა:
„უნივერსიტეტთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სტუდენტი ვიყავი, რომელმაც ილიას უნივერსიტეტში სალოცავი კუთხის გაკეთება მოვითხოვე. სერგო რატიანმა ამაზე გვიპასუხა, ეგ კუთხე ტუალეტში გახსენითო. ამ ფაქტმა სტუდენტები აღგვაშფოთა და აქცია გავმართეთ, რასაც მეორე დღეს დეისაძის წიგნის პრეზენტაცია დაემატა. ამან აქცია უფრო მასშტაბური გახადა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ ყველაფერს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სარჩული შეუქმნეს. „კავკასიაში“ კი ამ თემის განსახილველად მიწვეულებს პროვოკაცია მოგვიწყვეს...“