შემოგვიერთდით facebook-ზე
ზურაბ როსტიაშვილი: სასამართლოზე გამომძიებელმა არასწორი ოქმის შედგენა გამოუცდელობით ახსნა
18-02-2013, 21:04  /  ნახვა: 3334

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი ცოფურიშვილის ბრალდების საქმე განიხილა. ბრალის მიხედვით; ცოფურიშვილმა, 2009 წლის 11 მაისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მანქანაში მჯდომ იჯრან ჯალილოვას, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომანქანას მართავდა, (საცობში მოძრაობისას) ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯა. დაზარალებულის ზიანი 670 ლარით განისაზღვრა.

ცოფურიშვილი დაამპატიმრეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ სცნობდა. მოწმე, დაზარალებულის ქალიშვილი, ნაირა მეხტიევა, რომელიც ძარცვისას, მანქანაში იმყოფებოდა დაკავებულს ადანაშაულებდა. ბრალდებულის პირველმა ადვოკატმა, მარიამ ბერიძემ გიორგი დაარწმუნა, რომ ერთადერთი გამოსავალი დანაშაულის აღიარება იყო. მალე მან აღიარებითი ჩვენება მისცა და ამბობადა: დანაშაული გაჭირვებამ ჩამადენინა და მომხდარს ძალიან ვნანობო. ამასთან უთითებდა,  თითქოს  ნაძარცვი ვაგზალზე 70 ლარად გაყიდა.

ბრალდებულის ახლანდელი ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი დამცველად სასამართლო განხილვისას ჩაერთო. „მსაჯულთან“ საუბრისას ის განმარტავს, რომ ბრალდებულის ცრუ აღიარება, ყოფილი ადვოკატის მითითებით მოხდა, რომელიც ყოფილი პროკურორია. ახლა ცოფურიშვილი ამტკიცებს, რომ სრულიად უდანაშაულოა და წინასწარი გამოძიებისას არასწორი ჩვენების მიცემაზე მარიამ ბერიძემ დაარწმუნა. იმ მიზეზით, რომ თითქოს სხვა გამოსავალი არ არსებობდა.  

ერთადერთი მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ ქურდის სახე დაინახა მძღოლის ქალიშვილი ნაირა მეხტიევა იყო. თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, მეხტიევამ ფოტოსურათით დაკავებული ვერ ამოიცნო. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ მეხტიევამ იგი ცხვირის მოყვანილობით ამოიცნო. თუმცა წინა ჩვენებებში მეხტიევა არსად ამბობს, როგორი ცხვირი ჰქონდა მძარცველს და რომ მის ამოცნობას ამ ნიშნით შეძლებდა.  თანაც მეხტიევამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მძარცველს დამახასიათებელი ცხვირი არ ჰქონია. Aამიტომ ის ვერ შეძლებდა ცოფურიშვილის ამოცნობას ცხვირის მოყვანილობით.

გარდა ამისა, ცოფურიშვილს აქვს სწორი თმა, მეხტიევას აღწერით კი მძარცველს ხვეული, ხუჭუჭი თმა ჰქონდა. რაც შეეხება პიროვნების ამოცნობის ოქმს, ისიც სრულიად დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ამოსაცნობად წარდგენილ პირებს შორის მკვეთრად განსხვავებული ასაკობრივი სხვაობა იყო. კერძოდ თანაამოსაცნობი პირები დაბადებულნი არიან: 1985, 1975, 1958 და 1987 წლებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეს ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. რის შემდეგაც ბრალდება, იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ამოცნობის ოქმში, ამოსაცნობ პირთა შორის დაფიქსირებული მერაბ ხელაშვილი, რომელიც 30 წლით უფროსია ცოფურიშვილზე, არ მონაწილეობდა ამოცნობაში და მისი მონაცემები მექანიკურად იქნა გადატანილი ოქმში. გამოდის, რომ ცოფურიშვილი მოწმისათვის არანაკლებ სამ პიროვნებასთან კი არა, არამედ ორ პიროვნებასთან წარუდგენიათ, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი ალექსანდრე ნატრიაშვილი. მისი განმარტებით; ცოფურიშვიულის საქმე მისთვის პირველი იყო და გამოუცდელობის გამო, ამოსაცნობი პირების მონაცემები ფურცელზე ჩაიწერა, ხოლო შემდეგ განყოფილების ერთ-ერთი ნიმუშით სარგებლობდა, წინ ედო ნიმუში და ინსტიქტურად გადაიწერა ხელაშვილის მონაცემები. ნატრიაშვილის განმარტებით, ამოცნობის ოქმის შედგენის დროს სხვა ნიმუშით ისარგებლა. საინტერესოა, გამომძიებელი თუ მიხვდა შეცდომას, ამოცნობის ჩატარებისთანავე, რატომ არ გამოასწორა შეცდომა?" - ამბობს ადვოკატი.

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროკურორი ნატრიაშვილის მოწმედ მოყვანის შემდეგ, შეეცადა გამოესწორებინა დაშვებული შეცდომა, რაც მდგომარეობდა ამოსაცნობად ასაკით მკვეთრად განსხვავებული პირის წარდგენით. შეიმუშავა ვერსია, თითქოს ნიმუშიდან ინსტიქტურად გადაიწერა ხელაშვილის მონაცემები და შეეშალათ, ხელაშვილი კი თითქოს, იქ არც ყოფილა. ამიტომ ჩნდება კითხვები; ამოსაცნობად წარდგენილი ოქმის ბოლოს, სადაც ამოსაცნობად წარდგენილ პირთა ხელმოწერაა, სიაში, ხელაშვილის ხელმოწერა და გვარია. თუკი ხელაშვილი იქ არ იმყოფებოდა  და დავუშვათ იმყოფებოდა სხვა პიროვნება, მაშინ ხელაშვილის გვარით რატომ მოაწერა ხელი და არა თავისი გვარით? და თუ სხვაც არ იმყოფებოდა, ხელაშვილის გვარის გასწვრივ ხელი ვინ მოაწერა? გამოდის, რომ ხელაშვილის გვარის გასწვრივ, ხელი ნატრიაშვილმა მოაწერა, რითაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

მკვეთრი სხვაობები იყო დამნაშავის სიმაღლის მონაცემების მხრივაც. ამოსაცნობ პირებში, მძარცველის სიმაღლე დაახლოებით 190 სანტიმეტრია მითითებული, ხოლო ცოფურიშვილის სიმაღლე 170 სანტიმეტრია.

გიორგი ცფურიშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სრულიად უდანაშაულოა და შემთხვევის დროს აღმაშებნებლის გამზირზე არ ყოფილა. დაკავებისას კი, მოწმის სახით დაკითხეს, რაც  ადვოკატის გარეშე მოხდა. თავდაპირველად, ჩვენებაში დაწერა სიმართლე, რომ შემთხვევის დროს აღმაშენებლის გამზირზე არ ყოფილა და არც ძარცვა ჩაუდენია. ცოფურიშვილის სატელეფონო საუბრებიც მოწმობს, რომ ის ძარცვის დროს აღმაშენებლი გამზირიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ფონიჭალაში იმყოფებოდა.

არადამაჯერებელი ჩვენებების მიუხედავად, სასამართლომ იგი დამნაშავედ მაინც სცნო, მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გასაჩივრებას სტრასბურგში ვაპირებთ და უდანაშაულო წლების ციხეში გატარებისთვის, სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვთხოვთ“, - ამბობს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა