სიმაღლე: 173 სმ
წონა: 50 კგ
თმის ფერი: ყავისფრი
თვალის ფერი: მუქი ყავისფერი
ჰობი: ცეკვა
საყვარელი ფილმი: „200 ფუტიანი სილამაზე“
ცხოვრების მიზანი: მინდა ვიყო წარმატებული ადამიანი
მოდელმა ნუცა გოცირიძემ, თავისი კარიერა კონკურსებით დაიწყო... ამბობს, რომ პოდიუმზე სიარულზე მეტად ახლაც კონკურსებში მონაწილეობა იზიდავს. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ჩინეთიდან, სადაც 6 თვიანი მიწვევა ჰქონდა მანძილზე სამოდელო სფეროში.
ნუცა გოცირიძე: მოდელობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ლათინო-ამერიკულ ცეკვების სტუდიაში დავდიოდი, გვერდით კი მის მცხეთის კონკურსის ქასტინგი მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შემთხვევით დამინახა, მოვეწონე და კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. ამის მერე, მივიღე დაფინანსება გუბერნიისგან, რათა სხვა კონკურსებშიც მიმეღო მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 17 წლის ვიყავი, როდესაც მის მცხეთის დედოფალი გავხდი, მის დარბაზის სიმპატია და მის ჟიურის სიმპატია. მეორე კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო მის აფხაზეთი. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ამიტომაც ჩემთვის ეს კონკურსი მეტად მნიშვნელოვანი იყო და ამ კონკურსშიც ავიღე რამდენიმე ტიტული. შემდეგ იყო მის თბილისის თინეიჯერი. გავედი ხუთეულში და გავხდი მის თბილისის თინეიჯერი. შესაბამისად გადავედი მის საქართველოს თინეიჯერის კონკურსში და ტოპ ხუთეულში გავედი.
- ნუცა, როგორც ვიცი, ჩინეთში ექვსთვიანი მიწვევით იყავი...
- დიახ, ოთხ ქართველ გოგონასთან ერთად ექვსთვიანი მიწვევით ვიყავი ჩინეთში, რომელიც ქართველი აგენტების ორგანიზებით მოხდა. ჩინეთი საინტერესო ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ერია. ძალიან კარგად მიგვიღეს და დაგვიმეგობრდნენ. არ გვტვირთავდნენ, დღეში მხოლოდ ექვს წუთს ვმუშაობდით, მათთვის მთავარი იყო ჩვენებაზე კარგად გამოვსულიყავით.
- რა განსხვავებაა ქართველ და ჩინურ სამოდელო სააგენტოებს შორის?
- ძალიან დიდი განსხვავებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლებად ცნობილ ჩინელ მოდელებსაც მაღალი ანაზღაურება აქვთ, რაც ჩვენთან შეუძლებელია. სააგენტოებს ყოველდღე გასვლითი ჩვენებები აქვთ სხვადასხვა ქალაქებში. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვთ.
- კონკურენცია თუ იგრძნობოდა ჩინელ მოდელებთან ურთიერთობაში?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც ორი ადამიანი ერთი და იმავე სფეროში მუშაობს, მათ შორის კონკურენცია ყოველთვის იქნება და ამას ვერსად გავექცევით. მაგრამ, კონკურენციაა მხოლოდ და არა ურთიერთმტრობა... სწორედ ეს ჯანსაღი კონკურენციაა, რომელიც მაძლიერებს და სიახლისკენ მიბიძგებს.
- სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ მიწვეული მოდელები?
- არა, მოწვევა მხოლოდ საქართველოზე იყო გაკეთებული. ჩვენი ქვეყანა მათთვის მრავალმხრივ საინტერესოა.
- ხომ არ ყოფილა გაცვლითი პროგრამები, ჩინელი მოდელები რომ ჩამოეყვანათ საქართველოში?
- სურვილი აქვთ, მაგრამ ამის დამფინანსებელი საქართველოში ჯერ ვერ მოიძებნა...
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- სამომავლოდ ისევ ჩინეთში მივდივარ. სხვა სააგენტომ შემომთავაზა ერთწლიანი კონტრაქტი და მას დავთანხმდი. საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებაა და ერთგვარი აზარტითაც მივდივარ ჩემი საყვარელი საქმის საკეთებლად. ამის შემდეგ უკვე არ ვიცი, რადგან ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა...