შემოგვიერთდით facebook-ზე
ელზა ჯმუხაძის საჯარო მიმართვა ქალბატონ ხათუნა კალმახელიძისადმი
16-02-2013, 12:52  /  ნახვა: 2939

საჯარო მივმართვა ქალბატონ ხათუნა კალმახელიძისადმი, რომელმაც თავისი აღიარება სოციალური ქსელის საშუალებით იმით დაიწყო, რომ ამტკიცებს, თითქოსდა, არაფერი იცოდა ციხეში არსებული სიტუაციის შესახებ!

ქალბატონო ხათუნა! ყველაფრის მიუხედავად, მინდა მჯეროდეს თქვენი გულწრფელობის, რადგან ბუნებით კაცთმოყვარე ვარ და ისიც ვიცი, რომ შეუმცდარი ერთი ღმერთია, მაგრამ თქვენ, სამწუხაროდ, ისევ ცდებით მთავარ პრობლემას და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ისევ თქვენი გამოუცდელობის ბრალია: 

თქვენდამი არავის წამოუყენებია პრეტენზია იმის გამო, რომ ეგ რეფორმები საჭირო არ იყო, ან რეფორმირების პროცესი ნელა თუ ცუდად მიმდინარეობდა.

თუ გულწრფელი ხართ, თქვენი აღიარება იმით უნდა დაიწყოთ, რომ საჯაროდ განაცხადოთ, კონკრეტულად რამ და ვინ გაიძულათ სათავეში ჩადგომოდით სისტემას, რომელსაც, როგორც თავად აღიარებთ, არ იცნობდით.

ეს იქნება პირველი მართალი ნაბიჯი.

როდესაც თქვენი იურიდიული (და არა მორალური) პასუხისმგებლობის საკითხი დგება, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ციხეები იყო ნაციონალური ბანდფორმირების მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ პოლიტიკური თუ პირადი ანგარიშსწორების ადგილი.

შეუძლებელია, ამტკიცოთ, რომ ამას ვერ ხედავდით იქ, სადაც ყველა ოთახში, ტუალეტის ჩათვლით, იყო მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობა. ეს ფაქტი, ზოგადად, ყველამ იცოდა და ახლა მხოლოდ ოფიციალურად დადასტურდა!

თუ მართლა გულწრფელი ხართ, საჯაროდ აღიარეთ, რომ ამ თქვენი გულწრფელობით ისარგებლა მიშამ, "გრიშამ" და ყველა იმ ჯალათმა, ვინც თქვენს ზურგსუკან ასე იქცეოდა, ვინც არა მხოლოდ პატიმრები, სისტემის რიგითი თანამშრომელებიც და ზოგადად, მთელი ქვეყანაც ძალადობის მსხვერპლად აქცია და გააუპატიურა!

გეყოთ გამბედაობა და ახლა მაინც საჯაროდ დაასახელეთ ამ საზარელი სისტემის შემოქმედი ის კონკრეტული პირები, ვისი თანამდებობაც უფრო მაღალი იყო და არის დღესაც, ვიდრე ეს არის იუსტიციის მინისტრობა (ვგულისხმობ უკვე ბრალდებულ ადეიშვილს) და ვისი ვინაობაც ჯერ არ გახმაურებულა! 

თუ ვერ ხვდებით, ვისზე გელაპარაკებით, დაგიზუსტებთ, რომ ციხეებში ცოცხების და "დუბინკების" ტრიალის შესახებ იცოდა ვანო მერაბიშვილმაც, მიხეილ სააკაშვილმაც და მურთაზ ზოდელავამაც, რადგან ფაქტია - ყველა იმ ადამიანს, რომელიც ე.წ კაპეზეში ან მოდულში იჯდა, ემუქრებოდნენ - დაწერე, რასაც გეტყვით, თორემ რამდენიმე საათში გლდანის გზას გაგიყენებთო.

ელზა ჯმუხაძის საჯარო მიმართვა ქალბატონ ხათუნა კალმახელიძისადმი

მე, ადვოკატი, გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენებები იწერებოდა რიგითი გამომძიებლების და პროკურორების ხელით, მაგრამ ეს ჩვენებები იწერებოდა მაღალ კაბინეტებში მოკალათებული პირების საამებლად და მათი "ხუშტურების" მიხედვით.

მე იმ პერიოდში დაწერილ აღიარებით ჩვენებებს ვუწოდებ „ცოცხების შემოქმედებას"... თქვენ კი, შეგიძლიათ, შანსი გაქვთ, ახლა მაინც, საჯაროდ გაემიჯნოთ ჯალათებს, ამხილოთ ისინი და თუნდაც მორალურად დადგეთ თქვენი სისტემის რიგითი ყოფილი თანამშრომელების ვლადიმერ ბედუკაძის და ბორის ფარულავას გვერდით, რომლებიც, თურმე, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გამოუცდელი იყავით, დღეს თავის მართლების მდგომარეობაში არიან იმისდა მიუხედავად, რომ მათ თქვენგან განსხვავებით, ეყოთ გამბედაობა, ემხილებინათ ეს სიბინძურე. ფაქტია, ამ ადამიანებს, პრაქტიკულად, არ უფიქრიათ იმაზე, რა პრობლემების წინაშე დადგებოდნენ, რადგან მათთვის საქვეყნო ინტერესი აღმოჩნდა უპირატესი.

თქვენ მორალური პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი გაქვთ, რადგან არ შეუერთდით ჯალათი ადეიშვილის კიდევ ერთ დანაშაულს, რომელმაც მოინდომა ყველაფერი ვლადიმერ ბედუკაძისთვის და მისი ორი გულწრფელი მეგობრისთვის, „ბასტისთვის" (ბორის ფარულავა) და „ბუბუსთვის“ (ლევან ფხალაძე) გადაებრალებინა და ამ ბინძურ თამაშში გაეწირა სხვებიც საკუთარი ბინძური ტყავის გადასარჩენად!

გარეგნობისა არ იყოს, თქვენთვის იურიდიული განათლება არავის დაუწუნებია და ამიტომ მე ვერ გასწავლით გზას, მე უბრალოდ გირჩევთ, დადგეთ „სიმართლისთვის დევნილთა" რიგებში და მერე რა, თუ ეს ძნელია - სამაგიეროდ, „მათი არს სასუფეველი ცათა" და მათ ღირსეული ადგილი ელით ერის ისტორიაში, სწორედ იმდენად ღირსეული, რამდენად მეტ ტალახსაც შეასხამენ განსხეულებული სატანები.

იყავით ბოლომდე გულწრფელი და ამის შემდეგ იფიქრებს ქვეყანა, რომ, შეიძლება, მართლაც, თავიდენვე გულწრფელი ბრძანდებოდით!

ელზა ჯმუხაძის საჯარო მიმართვა ქალბატონ ხათუნა კალმახელიძისადმი

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა