25 სექტემბერს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პირველად გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "განათლების ელჩები: ქვეყანათშორისი შუამავლები". სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განათლების სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიყრიან თავს და იმსჯელებენ განათლების მნიშვნელობაზე კონფლიქტების პრევენციის საკითხებში, ასევე განიხილავენ განათლების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ორდღიან კონფერენციას მოწვეულ დელეგატებთან ერთად დაესწრებიან გერმანული უნივერსიტეტებიდან განათლების ექსპერტები: დოქტ. ოლივერ ჰინკელბაინი (ბრემენის დიგიტალური ცენტრის წევრი, ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია), იასონ იაკოვიდესი (ბერლინი), იონას იოახიმსი და კატარინა ლინგენაუ (ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია), ვიქტორია ნიბელი და ელენა რეში (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი), იულიან ირლენკოიზერი (ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი). საქართველოდან - ილიას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. ნინო დობორჯგინიძე.
ეს კონფერენცია თავისი ფორმატითა და კონცეფციით ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ამ პროგრამაში ჩართული 9 პარტნიორი უნივერსიტეტის განათლების ელჩები ერთობლივად შეიმუშავებენ ციფრულ სასწავლო პროგრამებს როგორც კონფლიქტის მენეჯმენტში, ტრანსკულტურულ და ინტერკულტურულ კომუნიკაციაში, ასევე განათლების მდგრადი განვითარების სფეროში.
ამ კონფერენციაზე მონაწილეები შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა "განათლების ელჩები: ქვეყანათაშორისი შუამავლები" უნიკალურია, რომელიც ორიენტირებულია გაეროს მიზანზე - "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" და მის ძირითად იდეასა და პრინციპებს ემყარება. განათლების ელჩმა ხელი უნდა შეუწყოს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებასა და ქმედებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აქტიურად დაუჭიროს მხარი საერთაშორისო თანამშრომლობას.
2018 წლის 10-11 ოქტომბერს პარტნიორი უნივერსიტეტების "საერთაშორისო დიგიტალურ უნივერსიტეტში" გაერთიანება საზეიმოდ აღინიშნება ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო დიგიტალური უნივერსიტეტი და განათლების ელჩების პროგრამა გერმანიის საგარე საქმეთა სამინისტროს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ნაწილია.
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციაში 9 უნივერსიტეტს შორს საქართველოს წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროგრამაში ასევე მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:
ბრემენის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ვირტუალური აკადემია (გერმანია); ბოხუმის რურის უნივერსიტეტი (გერმანია); ოდერის ფრანკფურტის ევროპული უნივერსიტეტი (ვიადრინა, გერმანია); ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტი (რუსეთი); ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსეთი); მოსკოვის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი "ეკონომიკის უმაღლესი სკოლა" (რუსეთი); კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა); მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა).