შემოგვიერთდით facebook-ზე
ლალი მოროშკინა: ამ ყველაფრის უკან პალიკო კუბლაშვილი დგას
14-02-2013, 13:13  /  ნახვა: 3518

 

ციხეში განვითარებული მოვლენები და გავრცელებული კადრები დღემდე არ კარგავენ პოპულარობას და საზოგადოების  შემაძრწუნებელ ტკივილად რჩება. ხელისუფლების შეცვლამ ხალხს იმედი ჩაუსახა და მოუთმენლად ელიან სამართლიანობას... ხალხმა ირწმუნა, რომ მათზე გამოცდილი, პროფესიონალი სახალხო დამცველებიზრუნავენ, რომელთაც კარგად იციან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შიგნით არსებული პრობლემების შესახებ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში უამრავი კითხვა გამოიწვია და მათი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მივმართეთ სახალხო დამცველის პირველ მრჩეველს ლალი მოროშკინას. ქალს, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მრჩეველის სავარძელში აღმოჩნდა... სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნის გავლით.

- ქალბატონო ლალი, როგორ მოხდა  ლალი მოროშკინა თავისთვის  უჩვეულო სამსახურში და გარემოში?

-  იმის გათვალისწინებით რომ 2003 წლამდე ვიყავი განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხშირად მიწევდა ყოფნა კონფლიქტურ სიტუაციებში, რაც შემდგომში ჩემი სტიქია აღმოჩნდა.

- დიდი ხანია, რაც პატიმრების საკითხით დაინტერესდით?

- უკვე 12 წელია ამ თემით ვარ დაკავებული. 2003 წლამდე უწყებრივად ვმუშაობდი ამ თემაზე, რადგან ცხინვალის და გალის ციხეებში მიწევდა გადაადგილება და ჩვენი პატიმრების გაცვლა, განთავისუფლება. შემდეგ უკვე მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასევე ეთნიკური უმცირესობის პროგრამით იყო დაკავებული, მათ შორის იმ ადამიანებით რომლებიც გისოსებს მიღმა იყვნენ.

- 2006 წელს პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული ნულოვანი ტოლერანტობა  იყო თუ არა გამართლებული?

- 2006 წლის მერე, რაც პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, მე უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ჩემს პოზიციაში, არც პოლიტიკურად, არც იურიდიულდ და არც ჰუმანურად არ იყო გამართლებული ნულოვანი ტოლერანტობა. სწორედ იმ პერიოდში 80-მდე ბიჭი იყო დახვრეტილი შუა ქუჩაში, სწორედ მაშინ დავიწყე ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც გაგრძელდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

- როგორ გებულობდით საკნებში არსებულ სიტუაციებს?

- მე პატიმრებთან მიმოწერა მაქვს, ისინი თავის ტკივილს მიზიარებენ და მენდობიან, ვიცნობ მათი ოჯახის წევრებს. მე ვიცოდი რა ხდებოდა ამ საშინელ სისტემაში და  წერილების მეშვეობით კიდევ უფრო ბევრ ინფორმაციას ვიგებდი ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ვცდილობდი დავხმარებოდი პატიმრებს და მათ ოჯახებს პრობლემების მოგვარებაში.

- თქვენ მაისში გამოეცით წიგნი „გისოსებს მიღმა საქართველოა“ რამ გიბიძგათ ამ წიგნის გამოცემა და რა ფაქტებზეა საუბარი?

- სწორედ იმ ფაქტებზეა ლაპარაკი ჩემს წიგნში, რომლებიც საქართველოს ციხეებში ხდებოდა. მახსოვს პირველად წიგნი რომ გამოვიდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა: რომ ეს შენი, როგორც მწერლის ფანტაზია ხომ არ არისო.. იმდენად დაუჯერებელი და გამაოგნებელი იყო რეალობაზე დაფუძვნებული წიგნში მოცემული ამბები. სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვიქნებოდი ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაწილი რომ ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს რეალობაა. შემდეგში უკვე ბევრმა იხილა კადრები, გამოვიდნენ პოლიტპატიმრები, გამოვიდა ათასობით ადამიანი  და ახალი მთავრობის დახმარებით  თავი დააღწიეს იმ საშინელ ადგილს.

- და მაინც, ამ სამინისტროში თქვენი მოსვლა რამ განაპირობა?

- სულ ვამბობ, რომ აქ თავად პატიმრებმა მომიყვანეს, ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები მათი წარმომადგენელი, მათი უფლებების დამცველი, რომელთა ოჯახებთანაც უშუალო კონტაქტი მაქვს. პატიმრებს დღეს კვლავ სჭრდებათ დახმარება და რეაბილიტაცია, რადგან მათ უკვალო წნეხს ტყუილად არ ჩაუვლია. ზოგიერთი პატიმარი ფსიქიკურად შეიშალა და  სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. პირველი რაც ამ ადამიანებს სჭირდებათ  არის სოციალიზაცია, გვერდში დგომა და იმ ტკივილის გაყუჩება, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

- როდესაც ბატონმა სოზარ სუბარმა  საკუთარ მრჩევლად დაგნიშნათ, პირველად რა ურჩიეთ?   

- პირველი რჩევა ნორა კვიციანის განთავისუფლება იყო, მადლობელი ვარ, რომ  ეს რჩევა გაითვალისწინა, რადგან ნორა  ამ რეჟიმის აბსოლიტური მძევალი იყო.  ვფიქრობ, მამაკაცისთვის გისოსებს მიღმა ყოფნა რთულია,  ქალისთვის კი - ათმაგად აუტანელი. დედობის მომენტი სხვა არის, რთულია როდესაც შვილების მონატრება და სიყვარული გაკლია. 

- რა შეგიძლიათ გვითხრათ თავად სოზარ სუბარზე?

- ბატონი სოზარ სუბარი თავადაც სახალხო დამცველი იყო, ამიტომ იცის ადამიანის ფსიქოლოგია, არაერთი საშინელების მათ შორის ციხის ბუნტისმონაწილეა, ასე რომ რჩევები არ სჭირდება, კარგია როცა ერთი ადამიანი ფიქრობს , მაგრამ როდესაც რამოდენიმე მრჩეველი მრავალგვარ რჩევას აძლევს, ვფიქრობ ეს უკეთესია როგორც მისთვის, ასევე ქართველი საზოგადოებისთვისაც.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ შეკრებითობის პრინციპის გაუქმებაზე, რამდენად შეეხებათ იმ პატიმრებს რომლებიც იმყოფებიან დღეს პატიმრობაში და მათ ვისაც შეკრებითობის პრინციპით მიესაჯათ სასჯელი?

 - შეკრებითობის პრინციპის გაუქმება დროულად უნდა მოხდეს. ჩემი აზრით ლობიოს ქურდობაზე უგუნურება იყო ამ კანონის მიღება. გადმოვიღეთ ამერიკული მოდელი თუმცა, ამერიკაში ეს ყველაფერი სხვანაირად აღესრულება, იქ ხშირია ამნისტიები და პატიმრები რომლებიც იმყოფებიან ციხეებში აღნიშნული სასჯელით ხშირ შემთხვევაში დროზე ადრე თავისუფლდებიან, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს მაგალითზე. ჩვენთან ადამიანი გენოციდის მსხვერპლი ხდება, ახალგაზრდა ბიჭებს 30-40 წელი აქვთ მისჯილი, აქვე დავამატებ, რომ თითქმის ყველას ოჯახი დაენგრა.როდესაც  სასამართლო დარბაზში ახალგაზრდა კაცს გამოუცხადებენ, რომ  ის 30 წლით არის იზოლირებული, ცხადია მისი ოჯახი ავტომატურად ინგრევა. მინდა ვთქვა რომ შეკრებითობის პრინციპის მოხსნაზე იყო ოცნების საარჩევნო დოკუმენტში საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ   პარლამენტში ამის ინიცირება ძალიან  მალე  მოხდება. 

- დავუბრუნდეთ ბოლო სკანდალს მოსამართლესთან დაკავშირებით, გთხოვთ კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ  თუ რა მოხდა სინამდვილეში, რადგან საზოგადოებას   სწორი და ოფიციალური ინფორმაცია მივაწოდოთ...

- ასეთი მექანიზმია: სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა  ყველა პირადი საქმე  შესაბამის სასამართლოებს გადასცა, მათ მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, რომ აიღონ ამნისტირებულთა დოკუმენტები და შესაბამისობაში მოიყვანონ. ფაქტიურად,  ყველა რაიონი კარგად მუშაობს, ერთადერთი  მცხეთა-მთიანეთია, საიდანაც დოკუმენტაცია არ მოდის... კანონით დაშვებულია, რომ 2 თვის ვადაში მათ შეუძლიათ გადმოაგზავნონ ეს დოკუმენტაცია, მაგრამ როდესაც იცი, რომ ადამიანი სისხლით იცლება, ლამის ჭკუიდან არის შეშლილი იმიტომ, რომ არასამართლიანი სასჯელი აქვს მისჯილი, ხომ შეიძლება ეს პროცესი  ცოტა მაინც დააჩქარონ. მაგალითად საქალაქო სასამართლო, მართლა ძალიან კარგად მუშაობს. ჩემი მხრიდან ეს იყო უბრალო შეკითხვა, რადგან ჩემთან მოვიდნენ მცხეთა-მთიანეთში მისჯილების მშობლები, ახლობლები, მეუღლეები, შვილები... თქვეს, რომ აპირებენ მივიდნენ მცხეთის სასამართლოსთან დავწვან მოსამართლეების ფიტულები და გამართონ საპროტესტო აქციები, რადგან მათი ოჯახის წევრების საქმეები გაჭიანურდა...

- თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ პროცესის შესაჩერებლად, რომ მათ მუქარა  არ შეესრულებინათ?

- ჩვენ ავუხსენით, რომ სასჯელაღსრულება აღასრულებს მხოლოდ სასამართლო ნებას, განაჩენს. ჩვენ სასამართლოზე ვართ დამოკიდებულნი, როდესაც გადმოგვცემს მასალებს ზუსტად მითითებულ დროს, დაუყოვნებლივ განთავისუფლდება მათი ნათესავი - პატიმარი. აქ უკვე აგრესია წავიდა სასამართლოს მიმართ,  ხალხი აპირებდა ხმაურიანი აქციის მოწყობას.  ვფიქრობ, კონკრეტულ მოსამართლეს ძალიან კარგი საქმე გავუკეთე, რომ არ მიუვარდნენ სახლთან. დავურეკე და მხოლოდ ერთი შეკითხვა დავუსვი, წამოვიდა თუ არა კორესპონდენცია... იმ დროისთვის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  2  მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი მყავდა. ერთს ჩანგალი ჰქონდა გადაყლაპული, მეორეს კი - ვენები გადაჭრილი,  რადგან ისინი ამნისტიის მოლოდინში იყვნენ ფსიქოზურად დაავადებულები. პატიმარს, რომელიც 10 წელი და გნებავთ ორი თვეა იცდის, რთულია მისთვის ასეთი მდგომარეობის ატანა. ფსიქიკურად ეს ყველაფერი ძნელი გადასატანია. როდესაც მე დავრეკე, ზუსტად იმ კვირაში გავიდა ნათია მიქიაშვილის გადაცემა, რომელშიც ამ კონკრეტულ მოსამართლეზე (ლობჟანიძე გიორგი)  იყო  საუბარი, რომელიც  ყველაზე პირსისხლიან  მოსამართლედ დაასახელეს. ამას დაემთხვა თეა წულუკიანის გამოსვლა, რომ მოსამართლეები ოპოზიციაში გვიდგანან.  შემდეგ 1 კვირაში დამირეკეს, სასამართლოში დამიბარეს და მითხრეს, რომ  მოსამართლემ მიჩივლა. სატელეფონო საუბარის გარდა  არანაირი შეტყობინება არ ყოფილა. 

- ხომ არ იცით, რამ განაპირობა მათი ასეთი ქმედება

 - დარეკვიდან  ერთი  კვირის მანძილზე გამოხმაურება არ ყოფილა. ალბათ,  როდესაც თეა წულუკიანის კომენტარი მოისმინეს და ნათიას გაკეთებული სიუჟეტი ნახეს, ანერვიულდნენ და ამ ამბავში მე მოვყევი.

- იცოდით თქვენ რისთვის გიბარებდნენ?

- მეგონა, მადლობის სათქმელად, რეალურად ავაცილე სასამართლოს საშიშროება, თავმჯდომარე მოსამართლემ კი მითხრა: „კონფედეციალურად დარჩეს ეს სასამართლო პროცესიო“.

- ფიქრობთ, რომ რაიმეში ხართ დამნაშავე?

- არა, რადგან, არანაირი ბრალი არ  მიმიძღვის. ვიფიქრე, ალბათ რაღაცას მკითხავენ, მიხვდებიან, რომ მე არ მეხებოდა და გამათავისუფლებენ... ამიტომ ამ საქმეში, არც იურისტები ჩავრიე, არც ადვოკატისთვის არ მიკითხავს არაფერი. სინამდვილეში, ვფიქრობ  რეალური სიტუაცია  მოსამართლე თავმჯდომარემაც არ იცოდა... როდესაც ყველაფერი ავუხსენი უკვე გვიანი იყო, აზრი აღარ ჰქონდა არაფერს... გამზადებული ედო 2500 ლარიანი ჯარიმა, ყოველგვარი სასამართლოს ან, თუნდაც ფორმალობის გარეშე...

- რატომ არ ჩართეთ თავიდანვე აღნიშნულ საქმეში  თქვენი ადვოკატები?

- თავიდან უბრალო ამბავი მეგონა, თუმცა, როგორც კი მივხვდი რა ხდებოდა, ჩავრთე ჩემი ადვოკატები და  მათ აღარ გაუჭირდათ და ძალიან მარტივად ამოიკითხეს კანონში: თუ მხარე არ ხარ, ე.ი. ჩარევა არ არის. მე მხოლოდ კორსპონდეციის გამოგზავნაზე ვესაუბრე მოსამართლეს. ეს არ არის კომუნიკაციის დარღვევა. დარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მე ვეტყოდი - რომელიმე კონკრეტულ საქმეზე, რომ იქნებ ცოტა დაუკლოთ ან განაჩენი შეცვალოთ და მსგავსი რამ. ჩემს  საუბარში კი მსგავსი არაფერი ყოფილა. მთხოვეს ამ სასამართლო პროცესის  გასაიდუმლოება თუმცა აღნიშნმაცულმა ინფორმაცია, ისევ თავად,  საქართველოს უზენაესი საბჭოს საიტით გამოაქვეყნეს თან ისე, რომ ჩემი სახელი და გვარი სრულად გამოაქვეყნეს. მიუხედავად იმისა, რომ  ესეთ საქმეებზე მხოლოდ ინიციალებს აწერენ ხოლმე.

- და ბოლოს, ქალბატონო ლალი, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან, პალიკო კუბლაშვილი დგას, რომელიც დღეს   სასამართლო სისტემას მართავს. მათ იფიქრეს ერთი კვირა, შემდეგ  გამწარდნენ იუსტიციის მინისტრზე და ცდილობენ პატარ-პატარა შურისძიებით მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ, მაგრამ ამ ქმედებებსაც დრო მალე გაუვა.

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა