რა მოხდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში? რას გეგმავდნენ ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები, დაუმორჩილებლობას თუ სახელმწიფო გადატრიალებას? ვინ მართავდა პროცესებს? ამ კითხვებზე პასუხი წლების შემდეგაც ბუნდოვანია.
მუხროვანის ამბოხის საქმეზე გასამართლებულ, ბექა გრიგალაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა 2009 წლის 5 მაისს, დღის 12 საათზე, როცა ყველა ცენტრალური ტელეარხის საინფორმაციო გამოშვება დაიწყო, ცნობით, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხებაა...
დაუზუსტებელი ცნობებით, ამბოხში, სულ მცირე 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით, იმავე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამბოხებულები ჩაბარდნენ. მეამბოხეთა ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, დააპატიმრეს, სხვებმა გაქცევა მოახერხეს. სატალევიზიო მიმართვის დასრულებისთანავე პრეზიდენტი სამხედრო ბაზაზე მიდის, თუმცა ამბოხება, ფაქტობრივად, ისე ჩაიშალა, რომ არც კი დაწყებულა.
მალე გავრცელდა ამბოხების მიზნის ოფიციალური ვერსია; სახელმწიფო გადატრიალება და 6 მაისს საქართველოში დაგეგმილი ,,ნატო"-ს სამხედრო წვრთნების ჩაშლა. პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლისას, ამბოხში, რუსეთი დაადანაშაულა: "ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გაასამმაგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ძალის რაოდენობა, პრაქტიკულად, მთელი შავი ზღვის ფლოტი საქართველოს აკვატორიაში განალაგა. გათვლა იყო, რომ საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები, ან რაიმე სახის ძალადობა განხორციელდებოდა და შემდეგ, განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ...".
მაშინდელმა ოპოზიციამ მუხროვანის ამბოხებას ,,სპექტაკლი" უწოდა.
სასამართლო განხილვისას, ორმოცდაერთი ბრალდებულიდან ოცდაერთმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და დანაშაული ნაწილობრივ, ან მთლიანად აღიარა. დაიკითხა ასზე მეტი მოწმე, ხოლო სხვადასხვა მუხლით თავისუფლების აღკვეთა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. სასამართლოს ბოლო სხდომაზე, კი დარბაზიდან, მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს.
ბექა გრიგალაშვილი: "ყველაფერი მიშას პიარზე იყო აგებული, არანაირი ამბოხი არ მომხდარა, მიზეზი ის იყო, რომ მეთაურმა შოთა გორგიაშვილმა, მუხროვანის ბატალიონის მეთაურმა, აღლუმში მონაწილეობაზე პროტესტი გამოხატა. ამ პერიოდში საპროტესტო გამოსვლები და მიტინგები მიმდინარეობდა. ჯარში კი წაგებული ომის გამო (თუ როგორ მოიქცა მთავარსარდალი), უკმაყოფილება იყო. გორში, რა "გმირობაც" ჩაიდინა ეს ყველამ იცის. პრეზიდენტმა ამით ორი კურდღელი დაიჭირა. ასე ჯარს დაანახა, რომ აქ მე ვარ ძლიერი და ვერავინ გაბედავს პროტესტის გამოხატვასო. მთვარსარდალმა, რომელმაც ომის დროს მანქანის ქვეშ ,,იფორთხა", ჯარისკაცების დაშინება მოინდომა და მიაღწია კიდეც. შემდეგ, თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დანიშნა, რომელმაც ჯარისკაცების ცემასთან ერთად, ბევრი სხვა დანაშაული ჩაიდინა.
მეგობართან მივდიოდი, როცა დამიჭირეს. ვერაფერი მოიგონეს, ამიტომ იარაღის შენახვის მცდელობის მუხლი წამიყენეს, ასეთი მუხლი კანონით არ არსებობს. მეორე ბრალდება კი დაუმორჩილებაში დახმარება იყო. დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში გადამიყვანეს, სადაც შუადღის სამი საათიდან ღამის პირველ საათამდე მცემდნენ. რის შედეგადაც ჰემატომა განმივითარდა, ცეჰეპატიტი დამემართა, ხერხემალი დამიზიანეს, ნაღვლის ბუშტი კი საოპერაციო მაქვს. გარდა ამისა, მეუღლისა და შვილის დაჭერით მემუქრებოდნენ. საშინელი ზეწოლა იყო, ფაქტიურად სიკვდილს გადავურჩი. მთხოვდნენ, მეღიარებინდა ამბოხი და ხელი დამედო კონკრეტული ადამიანებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, არაფერი მიღიარებია. შემდეგ ერთი მოწმე იპოვეს, რომელმაც ამბოხებაში ყოფნა დამაბრალა, მან სასამართლოზე ვერც კი ამომიცნო. კავშირი ვერავისთან დამიდგინეს, ჩემზე არანაირი ჩანაწერები და მტკიცებუკებები არ აქვთ, ჯარშიც კი არ მიმსახურია. სტრასბურგში გავასაჩივრე და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მომისაჯა, გლდანის მე-8 საპყრობილეში 3 წელი და 8 თვე გავატარე. 13 იანვარს, ამნისტიით, პოლიტპატიმრის სტატუსით, გამომიშვეს.
მიხეილ სააკაშვილი, მხოლოდ ტყუილს ლაპარაკობს, მისგან სიმართლე არასოდეს გამოგონია. ჩემი დაკავება მისი პიარის გამო მოხდა, ამისათვის უამრავი მოქალაქე და ჯარისკაცი დააპატიმრა. დამერწმუნეთ, იქ რომ ამბოხი ყოფილიყო დაგეგმილი ბიჭები შეასრულებდნენ. ნაწილში 60 ერთეული ტანკი და ბეტეერი იყო, თუმცა არცერთი ადგილიდან არ დაძრულა. შესაბამისად, როცა არაფერი მოქმედებაში არ არის, ესე იგი არც არაფერს აპირებ. უბრალოდ, პროტესტი გამოითქვა, რომ 26 მაისს აღლუმზე არ გასულიყვნენ, რადგან აგვისტოს ომში უამრავი ჯარისკაცი დაგვეხოცა.
ჩემი სიმართლე, უნდა დავამტკიცო. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის ხალხი, ვინც უსამართლოდ დამადანაშაულა და 4 წლის განმავლობაში, არაფრის გამო, სრულიად უდანაშაულო, ციხეში მამყოფა."
ბექა გრიგალაშვილის ადვოკატმა, იურისტმა ზურაბ ნეფარიძემ, რომელიც, ასევე პოლიტპატიმრის სტატუსითაა გათავისუფლებული, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ: "ბექას დაკავება სამართლებრივად ტყუილზე იყო აგებული, რაც მას წაუყენეს ბრალდების სახით, ასეთი რამ კანონში არ წერია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებად იარაღიც კი არაა ამოღებული. ცხადია, ეს არის შეთითხნილი მუხლი. ასე აწყობდა მიშას, რომელსაც პრეზიდენტს ვეღარ ვუწოდებ, ის აღარაა ჩვენი პრეზიდენტი. ძნელი გასაგებია, კიდევ რას გეგმავდნენ ადეიშვილი, უგულავა და მათი გუნდის სხვა წევრები. მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული კი ფაქტად რჩება, სწორედ ამის გამო გააკეთა არჩევანი ხალხმა 1 ოქტომბერს. ამ საქმეს ვასაჩივრებთ, გრიგალაშვილი მოითხოვს კონპენსაციას და იმ ხალხის დასჯას, ვინც მის მიმართ უკანონობა ჩაიდინა. 190 პატიმარი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული, ამ ხალხმა, როგორმე ჯანმრთელობა უნდა აღიდგინონ, რაც სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ კარგი იქნება ხეისუფლებამ იფიქროს ამაზე, მათ დროულად გაუკეთდეთ გამოკვლევა და დაიგეგმოს მკურნალობა. მე ვიცი, რომ გრიგალაშვილის მსგავსად, ბევრი დაავადმყოფდა ციხეში, ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს გარდაიცვალა. უნდა გატარდეს ბოლომდე რეაბილიტაციის კურსი და ყველა ხარჯი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს. მიშამ ხალხისთვის წართმეული ფული ამოიღოს ჯიბიდან და ამ ხალხს უმკურნალოს. ყველა მოსამართლე,Uგამომძიებელი, თუUპროკურორი, ვინც ამ კრიმინალურ გარიგებაში მონაწილებდა და ტყუილად აპატიმრებდა ხალხს, უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. ბევრ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეა უკვე აღძრული, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მინიმუმ 10 წლით უნდა შეუწყდეთ საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებამოსილება. აღიარონ რაც დააშავეს და ვისი მითითებით მოქმედებდნენ."