შემოგვიერთდით facebook-ზე
პოპულარულმა უცხოურმა სააგენტომ არჩევანი ქეთი გომართელზე გააკეთა
25-03-2017, 21:28  /  ნახვა: 4467

ქეთი გომართელი: - დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მიყვარს მუსიკა, ჩემი მეგობრები და ოჯახი, ვარ კაცთმოყვარე და მაღიზიანებს ბრიყვი, ეგოისტი ადამიანები. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც "რონდოში"ჩემი სოლო საესტრადო კარიერა დაიწყო. პირველი სერიოზული გამოსვლა ეგვიპტის საერთაშორისო კონკურსზე მქონდა, ამას მოჰყვა იუნესკოს საერთაშორისო პროექტი - ,,Юность Планеты" და ერთთვიანი მასტერ-კლასები რუსეთში, სადაც საქართველოს ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში მე წარვადგენდი და საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. მახსოვს აეროპორტში ჟურნალისტების დიდი ჯგუფი დამხვდა და ეს ამბავი ფართოდ გაშუქდა ქართულ მედიაში. შემდეგ იყო ერევნის საესტრადო სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, ასევე წარმატებული და ბოლოს "რონდოს" სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ქართველი მსმენელისთვის დიდი სცენიდან პირველად ვიმღერე. ორი პროფესია მაქვს: დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ტელე წამყვანის სპეციალობით და სამუსიკო სასწავლებელი, ესტრადის მომღერლის სპეციალობით.
- გაიხსენეთ ის დრო, როცა პოპულარული გახდით...
- პოპულარობა ძალიან სწრაფად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ეს ერთბაშად, მოულოდნელად მოსული შეგრძნება ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. იყო ტურნეები სხვადასხვა ქალაქებში, თვეების განმავლობაში გადავდიოდით ერთი ქალაქიდან მეორეში, არ გვბეზრდებოდა, არც ვიღლებოდით. იყო დღეები, როცა ორი-სამი კონცერტიც კი იყო დღის განმავლობაში. მახსოვს პირველი სერიოზული ფოტოსესია ირმა შარიქაძესთან და პირველი სინგლი, რომელიც სტუდია ,,თბილისმა" გამოუშვა. ვიდეო რგოლი, რომელიც კიკალამ გადაიღო ბენდთან ერთად წელამდე წყალში, პირველი წყალქვეშა კადრებით; პირველი ჰიტი ავთო ბადუაშვილის სიმღერაზე, ბექა ნიკოლაიშვილის ფანტასტიური არანჟირებით, რომელიც თვების განბავლობაში არ ჩამოდიოდა ჩარტების ათეულების სასტარტო ადგილებიდან. ეს პერიოდი იმდენად ხმაურიანად და უცებ დადგა ჩემს ცხოვრებაში, რომ დღემდე ამ ინერციით მოვდივარ. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ზუსტად იმ ადამიანებთან მიწევდა თანამშრომლობა, ვგულისხმობ კომპოზიტორებს, რეჟისორებს, ჟურნალისტებს, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს პოპულარობაში.
– რას იტყვით ქართულ შოუ–ბიზნესზე, ვითარდება თუ არა ის დღეს?პოპულარულმა უცხოურმა სააგენტომ არჩევანი ქეთი გომართელზე გააკეთა
– კარგი იქნებოდა, არსებობდეს მუსიკალური არხი, ან რამდენიმე მუსიკალური გადაცემა, როგორც ეს ადრე იყო, თუ გახსოვთ, ცნობილი ტოპ–ათეულები, ,,მეალომანია" პირველზე, თეა გვასალიას "ამბობენ", სტუდია მაესტრო და ასე შემდეგ. ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემა "ოსკარი" ნოდარიკო მელაძის რედაქტორობით, ბესოს "ვარსკვლავები", ასევე უამრავი რადიო გადაცემა , ეს ყველაფერი ზუსტად შოუ-ბიზნესს ემსახურებოდა, მის განვითარებას უწყობდა ხელს. ეს იყო ერთგვარი სტიმული, მოტივაცია - აკეთებდი, წერდი ახალ სიმღერას, იღებდი კლიპს, აწყობდი პრეზენტაციას და ზუსტად იცოდი, შენი ყველა სიახლე მივიდოდა შენს მსმენელამდე, შენი გულშემატკივარი აუცილებლად მოგისმენდა, გნახავდა და წაიკითხავდა შენს შესახებ. ახლა, სამწუხაროდ, ამგვარი მედია მხარდაჭერა მინიმუმამდეა დასული ან ფორმალურია, რაც პირდაპირ კავშირშია სფეროს განვითარებასთან.
– გარდა იმისა რომ მღერი, სხვას რას საქმიანობთ?
– რამდენიმე წელი ვმსახურობდი საჯარო სამსახურში, ჯერ თიანეთის, შემდეგ სამგორის რაიონის გამგეობაში და ამბობდნენ, რომ შესანიშნავად ვართმევდი თავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას. სხვათაშორის, უმაღლესი ქულებით ჩავაბარე გამოცდები, რაც განსაკუთრებით მახარებს. ამჟამად ხელოვანთა კავშირში ვმუშაობ და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით და მენეჯმენტით ვარ დაკავებული. 12 მაისს მივფრინავთ იტალიაში , პეზაროში, საერთაშორისო ფესტივალზე. ამ ეტაპზე, ასევე მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა კონცერტებში, მაგალითად - ბაირამობის მარნეულში ვმღერი სადღესასწაულო კონცერტზე, მარტის ბოლოს მიმყავს "მომავლის ვარსკვლავების" რესპუბლიკური ფესტივალის შესარჩევი ტურები და ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე, ზაფხულში ვემზადები გასტროლებისთვის.
– რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
– თავისუფალ დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემს მეგობრებთან ერთად სეირნობა მანიჭებს, საყიდლებზე სიარული, ქალაქგარეთ გასვლა ბაკურიანში ჩემს აგარაკზე, გარუჯვა, კინოში შესვლა და უამრავი სხვა რამ, თუმცა ამ ყველაფრის ფუფუნება ხშირად არ მაქვს, სამწუხაროდ. თუმცა ვცდილობ შაბათ-კვირას განტვირთვაზე უარი არ ვთქვა. ზოგჯერ გარემოს შეცვლა თუნდაც ორიოდე საათით ხანგრძლივ და სრულფასოვან დასვენებას უდრის.
– საკუთარ თავზე გამაღიზიანებელი ჭორი თუ გსმენია?
- ჭორებზე დიდად არ ვრეაგირებ. ზუსტად ვიცი, ერთი-ორი დღე გაერთობიან, იჭორავებენ, გულს მოიოხებენ და დაავიწყდებათ. შესაბამისად, ნერვების აშლა ორდღიანი ვირუსული ჭორის გამო, არ ღირს. უბრალოდ, მინდა ვისარგებლო შემთხვევვით და ყველას ვთხოვო, არა კონკრეტულად ჩემზე, ზოგადად ჩემს კოლეგებზე, ნაცნობებზე, უცნობებზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე - ნუ იქნებით ბოროტები, ისეთ ჭორს ნუ ააგორებთ, რომელიც აპრიორშივე ზუსტად იცით, რომ გაანადგურებს ადამიანს, თანაც სრული სიცრუეა.
– როგორი დიასახლისი ხართ?
– შიმშილით არ მოვკვდები, რაღაცას მოვამზადებ. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამის კეთება მეხერხება და გამომდის, ბევრის - არა, მთავარია, რასაც ვაკეთებ, გულმოდგინედ ვაკეთებ, არ მიყვარს მიფუჩეჩება და ამიტომ გემრიელიც გამოდის.
– თქვენი ჰობი?
– ამ ბოლო დროს ვარჯიში, იოგა და კრივის გაკვეთილები. უკანასკნელი რამდენიმე თვეა ინტენსიურად დავდივარ ფიტნეს დარბაზში, ვვარჯიშობ და ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, მიკვირს, აქამდე რატომ ვამბობდი უარს ამაზე. ჩემი მწვრთნელი აღნიშნავს , რომ საუკეთესო შედეგები მაქვს. ეს სასიამოვნოა სასარგებლოსთან ერთად.
– პირადში რა ხდება?

- არც არაფერი. სრულიად არავინაა ჩემთვის საინტერესო, თუ არ ჩავთვლით მომაბეზრებელ, სტაბილურ და უიმედო თაყვანისმცემლებს, რომელიც წლების მანძილზე ბედს არ ურიგდებიან და მომაბეზრებლად ირჯებიან.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ მოგეწონოთ?

- ჩემთვის საინტერესო მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი, საკუთარ თავსა და ძალებში სრულიად დარწმუნებული, აუცილებლად განათლებული, ერთგული და მზრუნველი. მის გვერდით საინტერესო, დაცული და მრავალფეროვანი უნდა იყოს ცხოვრება. არ უნდა იყოს მერყევი, სუსტი და უნდა ჰქონდეს მიზანი, რომელიც მისთვის სულერთი არ იქნება.

– რას ვერ აპატიებთ საყვარელ ადამიანს?

- ალბათ ღალატს და ტყუილს. სხვა დანარჩენი შეცდომაა და შესაბამისად , პატიებადია, ღალატი და ტყუილი კი უკვე დანაშაულია და მისი პატიება შეუძლებელია.

– დაახასიათეთ თქვენი თავი, რთული ხასიათი გაქვთ?

- საკმაოდ რთული, ყოველ შემთხვევაში მარტივი ნამდვილად არ მაქვს, ზედაპირულ ადამიანებთან ურთიერთობა ცოტა მიჭირს და ყველაზე მეტად ეგოიზმი მაღიზიანებს.

– განსაკუთრებული საჩუქარი თუ მიგიღიათ, რაც არასდროს დაგავიწყდებათ?
- ჩემთვის საჩუქარი მაშინაა განსაკუთრებული, როდესაც მას ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი მჩუქნის. მისგან მიღებული ნებისმიერი ყურადღების გამოხატულება, ნივთიერი იქნება ის, თუ სიმბოლური დატვირთვის, ყველა შემთხვევაში სასიამოვნოა. განსაკუთრებულ საჩუქრებს ჩემი და მჩუქნის ხშირად.
– კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით კონცერტის დროს?
- უამრავია, რა ჩამოთვლის. ყოფილა შემთხვევა, სხვა ქალაქში ვყოფილვარ და სცენიდან სხვა ქალაქის მაყურებელს მივსალმებივარ ომახიანად. ახალი წლის ღამეს ქალაქიდან ქალაქში სირბილის დროს ორჯერ ავარიაში მოვყოლილვარ და თითქმის დამთავრებული კონცერტისთვის ბოლო წამს ჩამისწრია. ერთხელ რეგიონში, რომელიღაც ქალაქის სადღესასწაულო კონცერტზე, სცენაზე შამფურებით ამომაკითხეს, მწვადი მიირთვით, სანამ გაცივდაო, მაძალებდნენ შუა სიმღერის დროს... ერთ ქალაქში მერიის კონცერტი უნდა გამეხსნა და იქაური საპატრულო არ მიშვებდა, რადგან იმ პერიოდში მართვის მოწმობა ჯერ არ მქონდა აღებული. დასახმარებლად სამი კაცი მოვიდა: გიორგი სუხიტაშვილი, ჩელე, დიტო ლაგვილავა და აღმოჩნდა, რომ ამ სამიდან არცერთს არ ჰქონდა მართვის მოწმობა და ისინიც დაიტოვეს. კონცერტი იწყებოდა და მომღერლები პატრულს ჰყავდა მძევლად. მერე, სანამ ქალაქის მერი არ მოვიდა წასაყვანად, არ გაგვიშვეს. ბოლოს, კონცერტზე კი მოვიდა მთელი ქალაქის საპატრულო მოსასმენად და ესკორტით გამოგვაცილეს თბილისამდე.
– თქვენს ცხოვრებაში რამეს შეცვლიდით?
- ალბათ, მეტ დროს და ყურადღებას იმ ადამიანებს დავუთმობდი, ვინც ამას იმსახურებს და ნაკლებ ენერგიას დავხარჯავდი მათზე, ვინც ამის ღირსი არ არის.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სერიოზული პროექტისთვის ვემზადები, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გახმაურება აკრძალული მაქვს, ვინაიდან სარეკლამო კამპანია საქართველოში არ იგეგმება და შესაბამისად, ადგილობრივ მედიაში ჯერ არ უნდა გაჟღერდეს. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა მიიღო შეთავაზება ძალიან რეიტინგული და პოპულარული უცხოელი მომღერლის სააგენტოდან, რომელიც ეხებოდა თანამშრომლობას ქართველ მომღერალთან. პროექტი გულისხმობს რამდენიმე დუეტის ჩაწერას მის სტუდიაში, ვიდეო რგოლის გადაღებას, ახალი ალბომის გამოცემას და ალბომის მხარდასაჭერ საკონცერტო ტურნეს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. სააგენტომ მოითხოვა რამდენიმე ქართველი მომღერლის საკონცერტო ჩანაწერის გადაგზავნა, რის შედეგადაც საბოლოოდ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. რაც ძალიან მახარებს, ასე რომ ვემზადები გასამგზავრებლად უახლოეს მომავალში და უდიდესი პასუხისმგებლობით ვარ განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. ჯერჯერობით ამ ინფორმაციით შემოვიფარგლები, მეტის თქმის უფლება არ მაქვს, სამწუხაროდ, მწარედ დამსჯიან.

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 

 

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა