თაკო მელიქიშვილი: ბავშვობიდან ვმღერი და ვცეკვავ. პირველი სასიმღერო ნომერი ცეკვასთან ერთად, ცამეტი წლის ასაკში წარმოვადგინე. ფანტასტიური შოუ იყო, მაშინ კი არა, დღესაც ქართული შოუ ბიზნესი ასეთ ნომრებს მოკლებულია. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ცამეტი წელია, რაც რადიო ,,არდაიდარდო" გაიხსნა და გახსნის დღიდან აქ ვმუშაობ.
- რადიოში მუშაობის გარდა სხვას რას საქმიანობთ?
- რესტორანში ვმღერი, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ სამსახურით ვცხოვრობ. ასევე ვმონაწილეობ კონცერტებში.
- ქართულ შოუ ბიზნესს როგორ დაახასიათებთ?
- ქართული შოუბიზნესი მეტ-ნაკლებად არსებობს, თუმცა ამ სფეროში საარსებო წყაროდ, დღეს რესტორნის სცენა ითვლება. რადგან კონცერტები ისეთი სიხშირით არ იმართება, რომ ეს შემოსავლის წყაროდ ჩავთვალო. ამ კუთხით საქართველოში სხვა არაფერი ხდება, თავი რომ გაიტანო.
- უცხოეთიდან მიწვევები გაქვთ?
- საზღვარგარეთ ემიგრანტების თხოვნით, საკმაოდ ხშირად დავდივარ. ისინი, ძალიან თბილ დახვედრას გვიწყობენ. ძირითადად იზრაელში და ბაქოში მიწევს გამგზავრება. ახლახანს ამერიკაში გამგზავრებაც დავგეგმე.
- ამჟამად რაზე მუშაობთ?
- მე და გიორგი დათიაშვილმა დუეტი ჩავწერეთ. მალე სხვა ახალი სიმღერებიც მექნება.
- ასეთი გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად როგორი დიასახლისი ხართ?
- კარგ დიასახლისობას ვერ დავიბრალებ, ამას ვერ ვახერხებ. თუმცა კარგი დედა ვარ. ორი შვილი მყავს და მაქსიმალურად ვცდილობ, დროის უქონლობის მიუხედავად, მაინც მათთან ვიყო. მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის და არ მეზარება არასდროს არც შრომა, არც მუშაობა.
- შვილები ახსენეთ, როგორც ვიცი სულ ცოტახნის წინ შეგეძინათ მეორე შვილი და იყო მითქმა-მოთქმა, თითქოს ორსულობას მალავდით...
- ჩემი ორსულობა ნამდვილად არ დამიმალავს. უბრალოდ მუცელი არ მეტყობოდა და ბევრი ვერ მამჩნევდა. ყველა ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა იცოდა. ნადმვილად ვერ გამოვიდოდი და ჩემს ორსულობას აფიშირებას ვერ გავუკეთებდი. გამიჩნდა ბიჭი, რომელსაც რატი დავარქვი.
- სახელი როგორ შეურჩიეთ?
- პირველ დღეს დემეტრე დავარქვი, მეორე დღეს კი ჩემს დაქალს დავურეკე და ვუთხარი, ახლა რატი დავარქვათ-თქო. ვფიქრობდი მათეზე, ნიკოლოზზე, მაგრამ საბოლოოდ რატი დავტოვეთ. ალბად ძალიან ბევრი შვილი უნდა მყავდეს, რომ ის, რაც სახელები მიყვარს ყველა დავარქვა.
- საახალწლო ტრადიცია რა გაქვთ?
-არ ვიცი, ეს ტრადიციათ ითვლება თუ არა, მაგრამ, როგორც ამბობენ კარგი ფეხი მაქვს და ახლობლები მეკვლედ მეპატიჟებიან ხოლმე. ძირითადად ახალწელს გარეთ, კონცერტზე ვხვდები. ვიდრე თორმეტი საათი გახდება, ათვლის პროცესში მე და მიკროფონი ერთად ვხვდებით თორმეტ საათს. მონაწილეობას ვიღებ ნაძვის ხის მორთვაში, თუმცა გასულ წელს, ისეთი ნაძვის ხე ვიყიდე, რომ მორთვა არ სჭირდება.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
-ძალიან მალე ჩემი და გიორგი დათიაშვილის სიმღერის სატელევიზიო პრემიერა იქნება, სადაც ჩვენი შოუ პროგრამით, მოცეკვავეებით გავალთ. ასევე იგეგმება, რამოდენიმე გასვლა საზღვარგარეთ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)