ჩვენი რესპოდენტი ,,მისტერ ვალენტინი" ლევან სოლოღაშვილია. geoelite.ge მისი ცხოვრებით დაინტერესდა. მაშინ, ის კონკურსის გამო, დიდ სკანდალში გაეხვა და დღესაც ბევრისთვის უპასუხო კითხვად რჩება - გადაუხადა თუ არა მან ხუთიათასი დოლარი შოთა სიხარულიძეს ,,Like"-ბის მოსაგროვებლად, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა და ,,მისტერ ვალენტინი" ემიგრანტებში აღებული ხმების შედეგად გახდა?!
ლევან სოლოღაშვილი: შოთა სიხარულიძეს საერთოდ არ ვიცნობდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი გაპიარება მოუნდა. შეიძლება ითქვას, იმ დროს ჩემთვის უცხო ადამიანი, მფარველ ანგელოზად გამომეცხადა, თუმცა ახლა დავმეგობრდით. მაშინ მისი წყალობით ყველზე მეტი ხმა მოვაგროვე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვე. თანხაზე საუბარი სისულელეა, მისთვის არაფერი გადამიხდია.
- არც ის იცოდით, რომ შოთა სიხარულიძე თქვენს პიარს აპირებდა?
- რა თქმა უნდა არა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბად, უბრალოდ მისი რჩეული ვიყავი. მინდა ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მივმართო, მადლობა მათ ყველაფრისთვის.
- რატომ მიატოვეთ სამოდელო კარიერა და რას საქმიანობთ დღეს?
- სტუდენტი ვარ, ვსწავლობ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში. რაც შეეხება სამოდელო კარიერას, მას საბოლოოდ დავემშვიდობე. ეს სფერო ვერ მოვირგე. თავის დროზე, ,,მისტერ ვალენტინში" მონაწილეობაზე დედის თხოვნას დავთანხმდი. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა ბოლოს მაინც დამითანხმა. საბედნიეროდ გავიმარჯვე კიდეც. ეს იყო ჩემი კარიერის საფეხური, ამით რა თქმა უნდა გარკვეული პოპულარობაც მოვიპოვე. ახლა კი მირჩევია სწავლას და განათლებას მივხედო, ვიდრე ვიზუალით შემოვიფარგლო.
- ახლა თქვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ.
- ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ პირადში არაფერი ხდებოდა, ახლა კი მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად არის. გამოჩნდა პიროვნება, რომელსაც გვერდი ვერ ავუარე...
- ვინ არის და რით მოგხიბლათ?
- ამას ჯერ-ჯერობით არ ვიტყვი, საიდუმლოდ დავტოვებ. მასში ყველაფრით მოვიხიბლე, თუმცა მანდილოსნებში უპირველესად განათლებას ვაფასებ.
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ და რა არის თქვენი გატაცება?
- სიმართლე გითხრათ თავისუფალი დრო არ მაქვს, რადგან ძალიან აქტიურად ვარ სწავლით დაკავებული. ჩემი გატაცება ფეხბურთი და ცურვაა, ადრე მოცურავე ვიყავი...
- ხალხი თუ გცნობთ, ყურადღების ცენტრში ხართ?
- როდესაც კონკურსში გავიმარჯვე, ერთ კვირაში, პოლონეთიდან სამოდელო სფეროში შემოთავაზება მქონდა, მაგრამ დროის უქონლობის გამო უარი განვაცხადე. ყურადღების ცენტრში ვარ, თუმცა გადავწყვიტე, შოუ ბიზნესიდან გავმქრალიყავი. არ მინდა ერთი და იგივე ადგილი ვტკეპნო.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)