ნიჭიერი ქართველი მომღერალი, მსმენელმა, ათი წლის უკან, პროექტ ,,ჯეოსტარის" საშუალებით გაიცნო. მან რამდენიმე სიმღერით შეძლო პოპულარობის მოპოვება და მსმენელის სიყვარულიც დაიმსახურა.
ნათია ქოროღლიშვილი-ყოჩაშვილი: გავიზარდე კახეთში, გურჯაანის რაიონში. მამა ლოტბარია, ჩემში სასიმღერო ნიჭიც მან აღმოაჩინა. პირველ კლასში ვიყავი, ფანდურზე დაკვრა და სიმღერა, რომ მასწავლა. მახსოვს, პირველად ზეიმზე "თუ ასე ტურფა იყავი" შევასრულე. ბავშვობაში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას კონკურსებში, ფესტივალებში საქართველოს მასშტაბით, თუ საზღვარგარეთ და მინდა სიამაყით აღვნიშნო, დამარცხება არ განმიცდია.
- თქვენი პოპულარობა ,,ჯეოსტარს" უკავშირდება?
- სატელევიზიო სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემი მასშტაბური გამოჩენაც ამ პროექტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათი წელი გავიდა, მაყურებელს ისევ ვახსოვარ და ვუყვარვარ, ამიტომ ,,ჯეოსტარის" ძალიან მადლიერი ვარ.
- რას იტყვით დღევანდელ ქართულ შოუბიზნესზე?
- რა გითხრათ, ცოტა უჭირს, მაგრამ ხელოვანი ადამიანები ჩვენსას ვცდილობთ, ვწერთ სიმღერებს და ხალხის გულამდე მიგვაქვს.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ოჯახს ვუვლი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
- როგორ ახერხებთ სიმღერას და დიასახლისობას ერთად?
- შვილები გაიზარდნენ, ამიტომ ვუთავსებ, კონცერტები იყოს და ეგ პრობლემა არ არის.
- მსემენელს ახალ სიმღერებს ხშირად სთავაზობთ?
- სიღერებს ეტაპობრივად ვწერ, არ მინდა ხალხს დავავიწყდე. რამე ახალს თუ არ გააკეთებ თავისთავად საინტერესო აღარ იქნები. ჩემი რამოდენიმე სიმღერა ხალხს ძალიან უყვარს: ნუნუ დუღაშვილის "კახეთო", დათო არჩვაძის "ნუ დამიძახებ დასაო", მიშა მდინარაძის "ლალე" და ბოლოს დროს ჩაწერილი ახალი სიმღერა - "ნეტავ მართლა გყვარებოდი".
- დაახასიათეთ თქვენი თავი, როგორი ადამიანი ხართ?
- თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ კარგი დიასახლისი და მზარეული ვარ, ძალიან თბილი და საყვარელი. ისე, ბავშვობაში ბუტია ვიყავი და მამაჩემმა გადამაჩვია. აი,ეჭვიანი კი საერთოდ არ ვარ.
- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- მეგობრებთან, ნათესავებთან სტუმრობა ან გადმოპატიჟება მიყვარს.
- ოცნებობთ?
- რა თქმა უნდა ვოცნებობ. მინდა ჩემმა შვილებმა გაბრწყინებულ საქართველოში იცხოვრონ. ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მინდა. უხაროდეთ თავის ქვეყანაში საქმის კეთება და არ ფიქრობდნენ გაქცევაზე. ჩემს თავზეც იგივეს ვნატრობ.
- გაიხსენეთ საინტერესო თავგადასავალი.
- საფრანგეთში, ქალაქ მარსელში გრანდიოზული ფესტივალი ჩატარდა, 15 წლის ვიყავი. წლები სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი და ვმღეროდი. იყო ერთი ნომერი, სადაც ორივე ერთად უნდა შემესრულებინა. სცენა წყალზე იყო, წყლის გადაღმა კი ორი ათასი მსმენელი ღია ცის ქვეშ. აკუსტიკა თავისთავად ძალიან ცუდი, მიკროფონი ვერ მომცეს და დავიწყე უმიკროფონოდ სიმღერა. მეორე დღეს ყველა ჟურნალი წერდა, როგორ შევძელი ქართული სიმღერის მიწოდება მსმენელამდე. მე, რასაკვირველია გახარებული ვიყავი.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- ჯერ-ჯერობით სიახლეები არ მაქვს. იმედს ვიტოვებ ახალი სიმღერა მექნება და ჩემს მსმენელს გავახარებ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩემით დაინტერესდით და წარმატებას ვუსურვებ თქვენს ჟურნალს.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)