პოეტი თორნიკე ნაროზაული წარმოშობით ხევსურეთიდანაა, კერძოდ არხოტიდან. კომუნისტების დროს ოჯახი დედოფლის წყაროში ჩაასახლეს, ამიტომ ისიც იქ დაიბადა და გაიზარდა. ერთი წელი დედოფლის წყაროში სწავლობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ზაფხულობოთ კი სულ მთაში მიდიოდა. პროფესიით ლიტერატურათ მცოდნეა. ამბობს, რომ რაც წერა ისწავლა სულ რაღაცეებს ,,ჯღაბნიდა", ლექსი კი 17-18 წლის ასაკში დაწერა.
– თუ გახსოვთ პირველი ლექსი ვის ან რას ეძღვნებოდა?
- პირველი ლექსი ერთ სტროფიანი გარითმული შაირი იყო. გარდატეხის ასაკში უფრო ლირიკურ ლექსებს ვწერდი. ჩემი შინაგანი მდგომარეობა ფურცელზე გადმომქონდა.
– ძირითადად რაზე წერთ?
- გეტყვით იმას, რომ მუზების საერთოდ არ მჯერა, ყველაფერი შთაგონებით ხდება, სიყვარული, ტკივილი, სინანული და ა.შ. ბევრი პატრიოტული ლექსიც მაქვს. ძირითადად რაზე ვწერ არ იკვეთება ჩემს ლექსებში.
– სულ რამდენი ლექსი გაქვთ?
- არ დამითვლია ჩემი ლექსები, რადგან ძალიან ბევრია, მაგრამ აქედან, რასაც ქვია ლექსი, სულ რამოდენიმეა.
– კრებული თუ გაქვთ?
- კრებული არ მაქვს, ჯერჯერობით გაკეთებას არც ვფიქრობ. ეს თემა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, ისიც არ არის გამორიცხული, რომ სიცოცხლეში ჩემი ნებით კრებული არც კი გამოვცე.
– თქვენი საყვარელი პოეტი?
- ესეც განწყობის ამბავია, როგორც პოეზია. გამორჩეული არ მყავს, ყველაფერს ვკითხულობ, თუმცა ამ წუთას ფრანცუა ვიოლი მახსენდება, ტარიელ ხალხელაური.
– თუ არის მთის ზეგავლენა თქვენზე, როგორც პოეტზე?
- კი, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდე ქიზიყში, მაინც ხევსურულ გარემოში მიწევდა ყოფნა. ჩემი წინაპრები ყველა წერდნენ, თუ არ წერდნენ ზეპირად გამოთქვამდნენ. ჩემი მეგობარი გიორგი არაბული ამბობს: –,,მთაში ყოველი დღე ლექსია''.
– თქვენი ვაჟასადმი დამოკიდებულება?
- საყვარელ პოეტებში არ დავასახელე, რადგან ვაჟა ცალკე მყავს, როგორც რუსთაველს აქვს თავისი ადგილი, ასევე ვაჟას. მისი ლექსებიდან დავიწყე ფილოსოფიის გააზრება, ვაჟკაცობის, ადამიანობის, თავისუფალი აზროვნების. ის იყო ჩემი მასწავლებელი ყველა მხრივ.
– თქვენი დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისადმი?
- ყველა ტრადიცია, რაც გადმოგვეცა წინაპრებისგან არ არის გამართლებული. მე თვითონ ტრადიციული საზოგადოების წევრი ვარ, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან თითქოს ამას ბრმად მივყვებოდი, რაც გავიზარდე მეტად გავიაზრე და უკვე მათი ამორჩევა დავიწყე. ხევსურეთში მამას პატარა ბავშვისთვის ხელის მოკიდება არ შეეძლო. ყოფილა შემთხვევები ბანიდან ბავშვი ვარდებოდა, მამას ჯაჭვზე ფეხი ედგა და დიაცს ეძახდა ბავშვის დასახმარებლად, ეს ტრადიცია ძალიან ცუდი იყო. ქალებს შვილებად არ აღიარებდნენ, თუ შეეკითხებოდი ხევსურს რამდენი შვილი ჰყავდა, გიპასუხებდა ორი, მაშინ, როცა შეიძლებოდა სინამდვილეში ხუთი ჰყოლოდა, აქედან ორი ვაჟი და სამი ქალი. თუმცა არის ტრადიციები, რომელიც ძალიან მომწონს, მაგალითად საკართო, სტუმარს კარში დაუდგება ხევსური ქალი სასმლით ხელში, ადრე ერბოიანი ჯამითაც უდგებოდნენ. სტუმარს ამოწმებდნენ, რამდენად ნასვამი და დანაყრებული იყო. ასევე რამდენჯერაც არ უნდა გასულიყო სუფრიდან სტუმარი და უკან დაბრუნებულიყო, ბავშვიც რომ ყოფილიყო ფეხზე უდგებოდნენ და ეუბნებოდნენ, მახველ მშვიდობით, ხოლო სტუმარი პასუხობდა, დამხვდით მშვიდობით.
– რა აზრის ხართ იმაზე, რომ მთაში მსხვერპლ შეწირვა ხდებოდა?
- ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა არის აღებული ძველი რჯულიდან, უშუალო კონტაქტი ჰქონდა ხუცესს ღმერთთან, მიქაელ მთავარანგელოზთან და შემდეგ უკვე ქრისტესთან. საკლავის დაკვლა მოსეს რჯულიდან არის აღებული და ის უფალმა გააუქმა, რადგან ღრეობაში გადადიოდა. ხევსურეთში რწმენა არასწორი ფორმით აიტანეს, ხმლით, მახვილით თხოვდნენ ხევსურ კაცს რწმენის შეცვლას, გაუწყვიტეს ოჯახები და აიძულებდნენ ქრისტიანობის მიღებას. ამას პავლე მოციქულივით პოლიტიკურად მიდგომა სჭირდებოდა, ამიტომ შეერწყა ძველი და ახალი რჯული ერთმანეთს. ჩემი აზრით ღმერთს არ სჭირდება ცხვრების დაკვლა, ღმერთს გულის ,,შეწირვა" სჭირდება.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
- უზომოდ შეყვარებული ვარ, მყავს სადიაცე, ეს ადამიანი მიძლებს, ძალიან რთული ხასიათი მაქვს, უჟმური, ეგოისტი, ეჭვიანი ვარ.
– როგორი უნდა იყოს ქალი, რომ თქვენ მოგეწონოთ?
- როგორიც ვარ მე, სიყვარულში ყველაფრის მოცემა უნდა შეეძლოს, იმის იქით ნაკლებად მაინტერესებს.
– ხართ თუ არა რომანტიული?
- გამოუსწორებელ რომანტიკოსს მეძახიან, თუმცა ხანდახან პრაგმატული ადამიანიც ვხდები.
– ხშირად თქვენს თავს იხსენიებთ, როგორც დედის უღირსი შვილი და რატომ?
- დედა ცოცხალი წმინდანივით მყავს, ძალიან პატარა იყო, როცა მე გავჩნდი, ამ პატარა ცისფერთვალება ცხრამეტი წლის გოგომ მომიყვანა აქამდე. გაუძლო ბევრ სირთულეებს და დარჩა ადამიანად, ვისგანაც ვსწავლობ ყველაფერს. მე კი ვერაფრით ვერ ვუფასებ, სითბოს და სიყვარულს ნაკლებად გამოვხატავ და ეს ყველაფერი ლექსებად გადმომაქვს.
–შემოქმედებით საღამოს ხომ არ გეგმავთ?
- პირად საღამოზე არ მიფიქრია, თუმცა ვართ ოთხი პოეტი, ალექსანდრე შურღაია, ირაკლი დეისაძე და ნიკოლოზ ხახიტაშვილი, რომლებიც წელიწადში ორჯერ შემოქმედებით საღამოს ვაწყობთ, რომელსაც ,,ქაღალდის თვითმფრინავი'' ჰქვია.
– რატომ ,,ქაღალდის თვითმფრინავი"?
- სახელს დიდი დატვირთვა აქვს, ეს ჩემი ბავშვობის სიმბოლოა, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს, როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა: ,,მღვრიემდე გაგვიმარჯოსო'', ანუ ბავშვურ სუფთა სამყაროში ვბრუნდები, სანამ სული აგვემღვრევა.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
- ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი ვარ, ოფიციალურად ზედამხედველი, არაოფიციალურად მამასახლისი. სახლი, რომელსაც ვიცავ ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ხევსურული.
– რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
- სამომავლო გეგმები არ მაქვს, ერთი დღით ვცხოვრობ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)