ქეთა წიკლაური ჯერ კიდევ პატარა ასაკში გაიცნო ხალხმა, ის ფოლკლორული ჟანრით გახდა პოპულარული, თუმცა ნებისმიერ ჟანრს ფანტასტიურად მღერის. პატარა გოგონამ, საოცარი ხმით 2000 კაციანი დარბაზი პროექტ ,,X ფაქტორში“ ფეხზე წამოაყენა, სიმღერის დასრულებამდე ტაში და ოვაცია არ წყდებოდა, შეფასებაც უმაღლესი მიიღო – ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და სოფო ნიჟარაძის ''კი'' დაიმსახურა, ნინა სუბლატის გემოვნებაში კი ვერ ჩაჯდა. თუმცა შემდეგ ტურში გადაყვანილი მონაწილე მოულოდნელად სატელევიზიო ეთერიდან და დანარჩენი საკონკურსო დღეებიდან გააქრეს...
- ვინ გირჩიათ ,,X ფაქტორში“ მონაწილეობის მიღება?
- ვფიქრობდი ,,X ფაქტორი“ იყო ახალი გამოწვევა, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი თავის რეალიზებაში და პროფესიულ განვითარებაში.სიმართლე გითხრათ წელს, რომელიმე კონკურსში მონაწილეობას არ ვფიქრობდი, ამ პროექტში მისვლა დედის თხოვნით გადავწყვიტე და ,,ქასთინგზე“ სულ ძალით მიმიყვანა. მოვძებნე ჩემთვის საყვარელი სიმღერის მინუს ფონოგრამა ,,it’smansworld“ და გავაკეთე ჩემი ვერსია.
- კონკურსისთვის პედაგოგთან ემზადებოდით?
-არა, სახლში ვმეცადინეობდი, აკლებული მყავდა მეზობლები. ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ჩემი მიკროფონის იმიტაციას მხოლოდ ტელევიზორის ,,პულტი“ ასრულებს.
- როგორ შეარჩიეთ საკონკურსოდ სიმღერა?
- არსებობს ჩემთვის რამდენიმე გამორჩეული სიმღერა და მათ შორის ყველაზე მომგებიანი შევარჩიე... ანუ ჩემს რეპერტუარში არის სიმღერების ,,ქავერები“, რომლებიც იმღერება კონკურსებზე და არის სიმღერები, რომლებიც ამართლებს ასეთ კონკურსებზე, სწორედ ასეთი სიმღერა იყო Jamesbrown-ის ,,it’smansworld”. თუმცა მქონდა სათადარიგო სიმღერის მინუს ფონოგრამაც, რომელიც მართლაც დამჭირდა.
- როგორ შედეგს ელოდით და როგორი მიიღეთ?
- ფინალისტობას ნამდვილად არ ველოდი, რადგან ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი, მაგრამ არც იმას ველოდი, როგორც შემდგომ განვითარდა მოვლენები. იმაზე მეტად დავრჩი იმედგაცრუებული ვიდრე მეგონა. გულწრფელად გეტყვით, როგორც კი გავიგე მეოთხე მენტორი ნინა სუბლატი იქნებოდა, ძალიან არ მესიამოვნა, ალბათ გულმა მიგრძნო, რომ არას მეტყოდა.
- თქვენს მიმართ ჟიურის წევრები როგორ იყვნენ განწყობილნი?
- დანარჩენი სამი ჟიურის წევრი აფსოლუტურად პოზიტიურად იყო განწყობილი, თუმცა არ მომწონდა ის, რომ სხვების მიმართ ირონიას და დაცინვას არ იშურებდნენ. რაც უფრო ღრმად ეცნობი ,,X ფაქტორის“ შიდა სამზარეულოს, მით მეტად ხვდები, რომ ეს პროექტი ყალბი და მთლიანად შოუ ელემენტებით შეკოწიწებულია.
- გაიხსენეთ საკონკურსო პერიოდი.
- ,,ქასტინგის“ შემდეგ დამირეკეს და დავალებად მომცეს TinaTurner-ის
,,simplythebest’’ შემესრულებინა, შემდეგ ეს სიმღერაც შემიცვალეს იგივე
შემსრულებლის სიმღერით – ,,proudmery”. ქასთინგის დღემდე იყო მრავალი
გადაღება, ჩემზე გაკეთდა სიუჟეტებიც. კონკურსზე დილის 10-ის ნახევარზე დამიბარეს, ჩემი გამოსვლა კი საღამოს 9-ის ნახევარზე მოხდა, ბოლოს წინა მონაწილედ გამომიყვანეს. ამ დროის განმავლობაში იყო მღელვარება, სტრესი, ნერვიულობა და ამის მიუხედავად სცენაზე მაინც ღირსეულად გამოვედი, შესრულებაც შესაბაბისი მქონდა და ჟიურის სამი წევრისგან უმაღლესი შეფასებაც მივიღე. მხოლოდ ნინამ ვერ დაინახა ჩემს შესრულებაში განსაკუთრებული ნიჭი.
- თქვენი აზრით რატომ გითხრათ ნინა სუბლატმა უარი?
- გემოვნებაბაზე არ დაობენ, ნინას ცოტა სხვა ჟანრის შემსრულებლები მოსწონს და ვიზუალსაც დიდ ყურადღებას აქცევს, მისთვის მთავარია არაორდინალურად გამოიყურებოდეს შემსრულებელი და შეუძლია ბევრ არასწორ ბგერაზეც თვალი დახუჭოს.
- რამდენად ძლიერი კონკურენცია იყო?
- განსაკუთრებული არაფერი, თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ძლიერი კონკურსანტები, თუმცა ბევრი მათგანიც კონკურს გარეთ დარჩა.
- ხართ თუ არა თქვენი გამოსვლით კმაყოფილი?
- ჩემს თავს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ, მაგრამ იმ სიტუაციაში, როცა დილიდან საღამომდე ოთახში გამოკეტილი, სტრესის ქვეშ მყოფი, 2000 კაცის წინაშე, დიდ სცენაზე გამოვედი და უშეცდომოდ ვიმღერე, ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
- რა შეიცვალა პირველი ტურის შემდეგ, როგორ განვითარდა მოვლენები?
- პირველ ტურში გადასვლის შემდეგ ყოველ დღე, ყოველ წუთს ველოდი ზარს ,,X ფაქტორიდან“, რომ შემდეგ ტურზე ჩასაწერად გამომიძახებდნენ. ორი კვირის განმავლობაში ირეკებოდა სხვა კონკურსანტებთან, რომელთაც სიმღერებს აძლევდნენ დასამუშავებლად, ჩემი ტელეფონი კი დუმდა. ამის შემდეგ თვითონ შევეხმიანე კოორდინატორს, რომელმაც მაუწყა, რომ სიაში არ ვიყავი. იძულებული გავხდი ჩემი ინიციატივით მივსულიყავი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ში და როდესაც ვიკითხე, რატომ არ ვიყავი სიაში, ყველამ ძალიან გაიკვირვა და საბოლოოდ მივიღე ასეთი პასუხი, რადგან მოხვედი, შეგიძლია ათეულის ჩაწერის გადაღებაზე შეხვიდე და მონაწილეობა მიიღოვო. აქ უკვე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ათეულში მოხვედრაზე აღარც კი უნდა მეოცნება და ბოლოს კითხვა დავუსვი , გაუშვებდნენ თუ არა ეთერში ჩემს ნამღერს, რომელიც დარბაზში ქასთინგზე შევასრულე. პასუხად მივიღე, რომ ამის გარანტიას ვერ მომცემდნენ. ჩემი აზრით ათეულიც, ოთხეულიც და ორეულიც დიდი ხნის წინ დაკომპლექტებული ხალხისგან შემდგარი ჯგუფია. ეს კარგად ჩანდა პავილიონში გადაღებების დროს, მათ მიმართ ყველა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდა და მათზე განსაკუთრებული სიუჟეტიც მზადდებოდა, რომელიც ინტენსიურად იდებოდა ,,X ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდზე. ვერ მოვხვდი ასე რატომ მომექცნენ, იმიტომ, რომ არც ფული მქონდა და არც პატრონი მყავდა?! ნუ გვავიწყდება, რომ ეს საქართველოა, აქ ნიჭი კი არა ნეპოტიზმი ხარობს, აქ ადგილები იყიდება! ეს იყო სრული უსამართლობა, ამაზე მეტყველებს, რომ არც ჩემი ნამღერი და არც ის სიუჟეტები, სადაც მე ვმონაწილეობდი ეთერში არ გაუშვეს.
- დაახასიათეთ ქართული ,,X ფაქტორი“.
- ქარული ,,X ფაქტორი“ ეს არის უნჭოდ დადგმული სპექტაკლი, სადაც მხოლოდ მარიონეტები სჭირდებათ, სადაც ერთი კონკურსანტისთვის ნათქვამ ,,კი“-ს მეორე კონკურსანტის,, არა“-ს ტექნიკურად დამონტაჟებულს აწეპებენ, ეს არის დაჩეხილ–დამონტაჯებულ ,,გოგლი-მოგლ შოუ“. აქ უნდა გქონდეს სენტიმენტალური გამოგონილი ისტორიები, დედას უნდა ართმევდე ოთხი კვერცხის ფულს, გარდაცვლილი უნდა გყავდეს ნათესავ–მეგობრები და იყო ყოვლად უბედური ან თავხედი ადამიანი.
- თქვენი აზრით, რატომ გაგაქრეს სატელევიზიო ეთერიდან?
- ეთერიდან გამაქრეს იმის გამო, რომ ჟიურის შეფასებების შემდეგ, სულ ცოტა ათეულში მაინც უნდა მოვხვედრილიყავი. მათ კი ,,გოგონა არსაიდან'' არ ჭირდებოდათ... მე არ მომიყოლია ჩემი ოჯახის შესახებ ტრაგიკული ამბები, ვიზუალიც არ მაქვს ისეთი, რომ დამეინტერესებინა სუბლატი და მისნაირად მოაზროვნე ,,სთარები'' და არც დედა მყავს ჟურნალისტი... თავიდანვე პასუხი ასეთი იყო, რომ 150 მონაწილიდან 80-მა მიიღო დადებითი შეფასება და ყველას ვერ გაუშვებდნენ ეთერში. თუმცა იმ მდარე ხარისხსხის შოუს, რაც მათ გააკეთეს და დასცინეს ხალხს, ,,ქასთინგიდან“ გამომდინარე იცოდნენ რა შესაძლებლობის იყვნენ ისინი. სჯობდა გადასული მონაწილეები გაეშვათ ეთერში, მათ შორის ბევრი ისეთი იყო, რომ ფინალსაც კი იმსახურებდა. ჩემს თავზე არ მაქვს საუბარი, ალბათ ხუთი მონაწილეა ისეთი, ვისაც ვიცნობ.
- ახლა რას აპირებთ?
- არ გავჩერდები და ვაპირებ, ყველა მუსიკალურ კონკურსში მონაწლეობის მიღებას და იმედი მაქვს, ის შემადგენლობა, რომელიც ახლა ამ პროექტს მართავს შეიცვლება და მათ ნაცვლად ღირსეულნი მოვლენ, რომლებიც აღმოფხვრიან მსგავს პრობლემებს. იშვიათად ვტირი, ბოლო ორშაბათი ჩემთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო. ისე ჩაიარა მთელმა ჩვენებამ, რომ ჩემი ნამღერი არ გაუშვეს. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა, ეს იყო უსამართლობის განცდა.
- რას ურჩევ ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ შემდეგ ,,X ფაქტორში“ მონაწილეობის მიღებას.
- მივიდნენ, მაგრამ თუ იგივე შემადგენლობა დახვდებათ, არ აყვნენ მათ ბინძურ თამაშს.
- გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე.
- გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. დამწყები მომღერალი ვარ და ყოველდღე ახლის ძიებაში ვარ.
ჟურნალი geoelite პროექტ ,,Xფაქტორის“ პროდიუსერს ლაშა კიკვილაშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც გვიპასუხა, ეს უბრალოდ გაბოროტებული კონკურსანტის ნათქვამია, რომელსაც უნდა ჩვენს პროექტს რეპუტაცია შეულახოს, სატელევიზიო ეთერში კი იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ჩვენი იმედები არ გაამართლა და სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს რომელ კონკურსანტზეა საუბარიო...
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)