22 აპრილს, აგრარული უნივერსიტეტის თეატრში, სპექტაკლ ,,გაფრენას" პრემიერა გაიმართება, რომელიც ახალგაზრდა მსახიობის კახა იაკობიძის მიერაა დადგმული. ის თავს რეჟისურაში პირველად გამოცდის.
კახა იაკობიძე: უკვე ათი წელია აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის თეატრში სხვადასხვა სპექტაკლში ვთამაშობ. ეს კი ჩემი პირველი რეჟისორული ნამუშევარია და ვნერვიულობ, იმედია მაყურებელს მოეწონება. სპექტაკლი თამარ ფხაკაძის პიესის მიხედვით დაიდგა. ეს პიესა პირველად ორი წლის წინ წავიკითხე და გადავწყვიტე დამედგა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის და ჩემი რეჟისორის ბატონ გოგა გეგელიას ინიციატივა იყო, როგორც რეჟისორს თავი გამომეცადა. პიესაზე დეკემბრიდან ვმუშაობთ, მასში ძირითადად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები თამაშობენ, ასევე ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც თეატრში დარჩნენ და დღემდე ჩვენს დასში ირიცხებიან. ამ სპექტაკლში ორი პროფესიონალი მსახიობი თამაშობს: იოანე იმედაძე და მინდია ქიტიაშვილი, ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ დამთანხმდენენ და ჩვენთან არიან, სტუდენტებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა.
რაც შეეხება პიესას, თემატურად მასში ყველა ის მტკივნეული თემაა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს და გვტკივა. ეს იქნება სპექტაკლი-სარკე, სადაც მაყურებელი დაინახავს საკუთარ თავს ან თავის მეგობარს, მეზობელს, ნათესავს... ეს არ არის სპექტაკლი – ,,რაც მაგრები, ვართ ქართველები ვართ". ეს არის სპექტაკლი ჩვენს ნაკლზე, ჩვენს უარყოფით მხარეებზე, ამიტომ გადავწყვიტე ამის დადგმა და იმედია პრემიერა წარმატებით შედგება.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)