პროექტ ,,საბაგიროს" ფარგლებში დაფინანსდნენ ხელოვანები, რომლებსაც სივრცის ასათვისებლად და საკუთარი ნამუშევრების წარმოსაჩენად შესაძლებლობა ეძლევათ. ამ თემასთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს ნათია ებრალიძეს და ლანა ჩაკვეტაძეს გავესაუბრეთ.
-როგორ გაიგეთ ამ პროექტის შესახებ?
ნათია: პროექტის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გავიგეთ. მე და ლანამ აზრები გავცვალეთ, იდეები შევიმუშავეთ და მუშაობას შევუდექით.
-როგორ მოიფიქრეთ ინსტალაცია და რატომ მოგინდათ ამ პროექტში მონაწილეობა მიგეღოთ?
ლანა: ჩვენ ვსწავლობთ არქიტექტურის ფაკულტეტზე და სხვადასხვა თემატიკაზე მაკეტებს ვაკეთებთ. ჩვენი ნამუშევრები კი უნივერსიტეტში რჩება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მაშტაბური მაკეტი გაგვეკეთებინა.
-რა დრო გქონდათ მაკეტის გასაკეთებლად და რამდენად რთული იყო ეს თქვენთვის?
ნათია: მაკეტის გასაკეთებლად ერთი თვე გვქონდა, თუმცა ეს პერიოდი იდეაზე ფიქრში გამოვიყენეთ. რაც შეეხება მაკეტს ის ერთ კვირაში გავაკეთეთ. სირთულეები იყო, რადგან პირველად შევეჭიდეთ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს, არც გამოცდილება და არც შეხება არ გვქონია ასეთ დიდ პროექტებში, რომელმაც ძალან დიდი გამოცდილება მოგვცა.
- რა ხდებოდა ღონისძიებაზე?
ლანა: პროექტი ხელოვნების რამდენიმე სფეროს აერთიანებდა: მუსიკას, არქიტექტურას, მხატვრობას. გამოფენილი იყო სხვადასხვა სტუდენტების ნახატები, მაკეტები, განათების ინსტალაციები… ღონისძიებაზე უკრავდნენ – ,,rone", ფრანგული ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც უკვე 3 საავტორო ალბომის გამოშვება მოახერხა. ,,3 SULI " ტექნოსა და ჰაუსის ჟანრში მოღვაწე ქართული პროექტი, რომლის ლაივპერფორმანსი ერთ-ერთი აღსანიშნავი აქტია ადგილობრივ (დაარამარტო) სცენაზე და ,,Vako T", ქართული თუ მეზობელი ქვეყნების სცენაზე ვაკოს ბევრი იცნობს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სეტების ავტორს.
- აღწერეთ თქვენი ინსტალაცია, რა მასალა გამოიყენეთ?
ნათია: მაკეტი ფინური კარდონისგან და ემდეეფისგან გავაკეთეთ, რომელსაც დავუმონტაჟეთ ნათურები. კირიგამი - იაპონური ხელოვნება, რომელიც მიზნად ისახავს ქაღალდებისგან სხვადასხვა დეკორატიული ნივთების დამზადებას.
-რა მოგიტანათ პროექტმა?
ლანა: ცოტა ხნის უკან გავიგეთ, რომ ჩვენს ინსტალაციას მოწონება დაუმსახურებია და შემდეგ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გუდაურში ჩატარდება. ეს ჩვენთვის დიდი სტიმული. პროექტ "საბაგირომ"დიდი გამოცდილება მოგვიტანა, რომელსაც შემდგომ უფრო დიდ პროექტებში გამოვიყენებთ. ასევე მოგვცა საშუალება ჩვენი ნამუშევრები წარგვედგინა.
-ინსტალაციის გარდა სხვა ნამუშევრები თუ გქონდათ წარდგენილი?
ნათია: წარდგენილი მქონდა სხვადასხვა კომპოზიციის ნახატები.
ლანა: მე კი ერთგვარი კომპოზიციის მაკეტი და გამხმარი მცენარეებისგან შექმნილი ნახატები წარვადგინე, რომელსაც კედელზე ჩამოსაკიდებელი "ჰანდმანდე" ჰქვია.
-სხვა რა პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
ნათია: პროექტ ,,თბილისურ გაზაფხულში" მივიღე მონაწილეობა, სადაც პასტელებით მომზადებული ძველი თბილისი წარვადგინე , ასევე მონაწილეობა მივიღე ,,red dull" –ის კონკურსში, რომელსაც ჯღაბნის ხელოვნება ერქვა და ოცეულში მოვხვდი. უნივერსიტეტის თითქმის ყველა პროექტში კლაუზურასა და ვორქშოფებში ვმონაწილეობ.
ლანა: ,,startup nest"-ში ვმონაწილეობდი, რომელიც პირველი სტუდენტური ბიზნეს კრეათონი იყო.
-ქალისთვის რამდენად რთული პროფესია გაქვთ?
ლანა: ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესიაა და შესაბამისად სირთულეს არ წარმოადგენს.
ნათია: ძალიან საინტერესო პროფესიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, სირთულეები მეტ-ნაკლებად ყველა პროფესიაშია.
- გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე?
ნათია: ახლა მეოთხე კურსზე ვარ და ბაკალავრიატს ვამთავრებ. ჩემი სამომავლო გეგმები მაგისტრატურაზე ჩაბარებაა. როგორც კი საშუალება მომეცემა, ასეთ პროექტებშ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ
ლანა: უახლოეს მომავალში მინდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყო. პირველი ნაბიჯი სწორედ საბაგიროა, სადაც ძირითადად გამოყენებული მექნება სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეები, ე.წ ჰერბარიუმი, რომელთა მეშვეობით შევქმნი სხვადასხვა კომპოზიციურ ნივთებს, როგორც დეკორატიულს, ასევე აქსესუარებს. ახლახანს სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი შევქმენი, სადაც პროდუქცციის სახელწოდებაა – ,,ArchOasis".
თიკო ბეკოშვილი ( სპეციალურად საიტისთვის)