ავტორი
თინათინ ბეკოშვილი
როგორც სტანისლავსკი იტყოდა „ჩვენი ხელოვნების მიზანია, არა მარტო როლის სულიერი ცხოვრების შექმნა, არამედ ამ ცხოვრების გარეგნული სახის შექმნა მხატვრულ ფორმაში. ამიტომ მსახიობმა არამარტრო შინაგანად უნდა უნდა განიცადოს როლი, არამედ განცდილი გარეგნულადაც უნდა განასხეულოს." ამრიგად მსახიობი თავის თავში აერთიანებს მოქანდაკესაც და მარმარილოსაც, აგრეთვე მხტვარს, მის ტილოსა და ფერებს. ქართული კინოს ერთერთი ასეთი თვალსაჩინო მოქანდაკე გახლავთ ზაზა კოლელიშვილი. მკითხველისთვის საინტერესოა გაეცნოს ბატონი ზაზას შემოქმედებითი ცხოვრების რამდენიმე ასპექტს.
ზაზა კოლელიშვილი: მესამე კლასიდან ვთამაშობდი თელავის თეატრში, ფაქტიურად ბავშვობიდან ვარტისტობ.
- თეატრში ასეთი პატარა როგორ მოხვდით, მესამე კლასელი ბავშვისთვის არ არის ადვილი სცენაზე დგომა?
- გარემო, სადაც მე ვიზრდებოდი, იყო სრულიად თეატრალური, დედის მხრიდან მე ვარ მეშვიდე თაობა, ვინც მსხიობი გახდა. ჩემმა დიდმა პაპამ ვიქტორ მატარაძემ ლადო ალექსიძესთან ერთად ქუთაისის თეატრი ჩამოაყალიბა. ლადო მესხიშვილი თუ თამაშობდა ოტელოს, ვიქტორი ასახიერებდა იაგოს, როცა ბატონი ლადო ჰამლეტს თამაშობდა, ეს ლაერტი იყო. ასე რომ, დიდებული პიროვნება გახლდათ.
- მოგვიყევით ბატონი ვიქტორის შესახებ.
- სამწუხაროდ, მივიწყებულია და არც მე ვარ კარგი შვილიშვილი ამ კუთხით, მაგრამ იცით რა არის? ყველაფერი განადგურებულია... შემდეგ იყო გია მატარაძე, რომელიც ჩემი ნათლიაა ჩემს სამსახიობო კარიერაში. გია მატარაძე თამაშობდა საუკეთესო ფილმებში - „ბანდიტი აგურის ქარხნიდან", „ბოლა", „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“.
- ანუ ფაქტიურად ზეგავლენა მან მოახდინა თქვენზე.
- კი, ნამდვილად ასე იყო, რადგან ბიძაჩემი რუსთაველისა და შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახლდათ. ბავშვობიდან მიწევდა ამ თეატრებში სიარული და შიდა სამზარეულოს და თეატრის სამყაროს კარგად ვიცნობდი.
- ანუ მსახიობობა ბავშვობიდან გადაწყვეტილი გქონდათ?
- თქვენ წარმოიდგინეთ - არა, გადაწყვეტილი მქონდა მოქანდაკე გავმხდარიყავი და სხვათაშორის დიდი წარმატებები მქონდა გრაფიკაში და ქანდაკებაში.
- რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?
- სამხატვრო აკადემიიდან გამომრიცხეს.
- რატომ?
- გარკვეული მიზეზის გამო, არ მინდა ამაზე საუბარი.
- სამხატვრო აკადემიიდან გამორიცხვის შემდეგ თეატრალურში ჩააბარეთ?
- არა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე სამსახიობოზე, დავამთავრე სამსახიობო, ჩავაბარე კინო სარეჟისოროზე და დავამთავრე. ხუმრობით ვთქვი ახლა კინო საპროდიუსეროზე უნდა ჩავაბარო თქო და ცხონებულმა ეთერ გუგუშვილმა მითხრა, სანამ მე ვარ ცოცხალი კოლელიშვილი გვარი აღარ დავინახო თეატრალურშიო.
- თქვენი აზრით რა არის პოპულარობისთვის საჭირო?
- ნიჭიერება არის ოცი-ოცდახუთი პროცენტი, დანარჩენი კი შრომა და პრაქტიკა, რომ ადამიანი პროფესიონალი გახდეს.
- მოდით, „ნატვრის ხეზე" ვისაუბროთ: როგორ აღმოჩნდით ამ გენიალურ ფილმში ასეთი პატარა?
- თვრამეტი წლის ვიყავი როდესაც ამ ფილმში ვითამაშე. მივედი საცდელ გადაღებაზე, ის სცენა თუ გახსოვთ მე და ლიკა ქავჟარადძე რომ ვართ ოთახში და ყველაფერს რომ ვამტვრევ, ვლეწავ? ეგ სცენა ორჯერ გადავიღეთ, თენგიზ აბულაძეს არ მოეწონა, ისე ვერ ვთამაშობდი ალბათ, მას როგორც უნდოდა, გაბრაზდა და იყვირა: „ძეცკისად!“ გამაფრთხილა, რომ ბოლო დუბლს იღებდა და თუ არ მოეწონებოდა საერთოდ ამოიღებდა ამ სცენას, მე უკვე ჩემს თავზე გავბრაზდი და ხედავთ როგორი მონდომებითაც ვითამაშე. ამ სცენაში, სინამდვილეში, საწყალ, ცოცხალ თუთიყუშს თავი გავაგლიჯე.
- შეცვალა თუ არა რამე თქვენთვის „შეთეს როლმა"?
- ნატვრის ხის შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ნატვრის ხე რომ არა, შეიძლება მე დღეს სხვა პროფესიის ვყოფილიყავი.
- და მაინც, ხედავთ ზაზა კოლელიშვილს სხვა პროფესიაში?
- არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ უკეთესად სხვა საქმეს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. იმდენად ნიჭიერ ხალხთან მომიწია მუშაობა, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა ცუდად გამეკეთებინა რამე.
- რას გვეტყვით მურტალოს როლზე?
- მურტალოს როლი ოცდაორი წლის ასაკისთვის ძალიან წარმატებული იყო, თუმცა ამას ნაწარმოები იძლეოდა და ის ფორმატი, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით. მას შემდეგ, რაც მურტალო ვითამაშე, ოცდათხუთმეტი წელი გავიდა და მაინც პოპულარობას არ კარგავს, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი გმირია, ხალხში მაინც დადებით ემოციებს იწვევს.
- უამრავი როლიდან, ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევთ?
- ფილმი „ათოვდა ზამთრის ბაღებს", რომელიც, შეიძლება, არ გქონდეთ ნანახი, სადაც „გიჟ აჩიკოს" ვთამაშობ. მე რჩეული როლები არ მაქვს, ყველა მიყვარს... ეს ხალხმა უნდა შეაფასოს, რომელია ჩემთვის ყველაზე წარმატებული და მათთვის - საყვარელი.
- რას იტყვით „გარიგბაზე"? ხალხში მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილებაა, რომ არ უნდა გადაღებულიყო „გარიგება ორი".
- ზუსტად იმიტომ უნდა გადაგებულიყო, რომ მითქმა-მოთქმა ამტყდარიყო - არ უნდა გადაღებულიყოვო! ზაზა კოლელიშვილმა თქვა თავისი სათქმელი? ზაზა კოლელიშვილს უნდოდა ეთქვა, მაგრამ არ ათქმევინეს, როცა დაიწყო გადაღება ფილმისა „ომი და ქორწილი“...
- ამჟამად რას საქიანობთ?
- არაფერს. თოთხმეტი სცენარი მაქვს მზად. დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, საშუალება რომ იყოს...
- ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე?
- სულ მინდა გადავიღო სამი ფილმი, რომლითაც ვიტყვი ჩემს სათქმელს, ხოლო დანარჩენს, რასაც გადავიღებ, ეს იქნება - „გავერთოთ, გავიცინოთ და ცოტა ფული გავაკეთოთ" - კომედია იძლევა ამის საშუალბას.
- და ბოლოს, რა არის თქვენი ოცნება?
- მე მინდა შეიქმნას ალტერნატიული ფონდი, რომელიც მოემსახურება ქართული კინოს განვითარებას, რომ დებიუტანტები არ დაიკარგონ...