გოეთეს ინსტიტუტში 26-27 სექტემბერს 10 საათიდან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ბერნადეტ ვერეში ქართველი პედაგოგებისთვის სემინარებს გამართავს გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების თემაზე. თითოეული სემინარი, რომელიც 16 გაკვეთილს მოიცავს და 8 საათი გრძელდება, მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის ფარგლებში „Vernetzt für Nachhaltigkeit“ „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ ხორციელდება. სემინარის მიზანი გახლავთ CLIL-ის (Content and Language Integrated Learning) სწავლების მეთოდის დანერგვა თანამედროვე და სკოლაზე ორიენტირებულ უცხო ენის გაკვეთილზე, ანუ ეს კონცეფცია სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებას ახდენს. ასე მაგალითად, სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარკვეული თემატიკის სწავლება შესაძლებელია მოხდეს სამიზნე უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს. სწორედ გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტთან ერთად მდგრადი განათლების კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს CLIL- ის (Content and Language Integrated Learning) მეთოდი საქართველოში აქტიურად დაინერგოს და ასეთი მიდგომებით აჩვენოს, რომ სწავლა პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა უნდა იყოს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება.
ამ ორდღიან სემინარზე წარმოდგენილი იქნება კატალოგი, რომელშიც გაწერილი იქნება დიდაქტიკა და გაკვეთილის იდეები, რომელსაც ყველა მასწავლებელი მიიღებს. აქვე გაიმართება დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე პედაგოგიკაზე, გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, ე.წ. CLIL-ზე, განიხილავენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ინტერესთა კონფლიქტებს და ყურადღებას მიაპყრობენ არსებულ წინააღმდეგობებს, ამბივალენტურ დამოკიდებულებებსა და კომპრომისების საჭიროებას. ამიერკავკასიაში ისევე, როგორც ევროპაში ეს საკითხები აქტულურია და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ უფრო ხშირად იკვეთება საკუთარი ინიციატივით მომავლის შეცვლის მოტივაცია და სურვილი.
როგორც ამ სემინარის, ასევე მთლიანად პროექტის მიზანი არის ის, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი. შესაბამისად პროექტის სტატეგია მოიცავს ვორქშოპების სერიას აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. ეს სემინარები, რომელშიც მნიშნელიოვანი და არსებითია მასწავლებელთა ჩართულობა, ემსახურება სკოლის მასწავლებლების პროექტების დაგეგმვას მდგრადი განვითარების თემაზე და ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, - ბუნება როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება. პროექტების ფარგლებში მასწავლებლებს პროექტების მომზადებაში დაეხმარებიან ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც სპეციალურად იქნებიან ჩამოსული.
რას ნიშნავს მდგრადი განვითარება? - მდგრადი განვითარება, პირველ რიგში არის, იდეა,მენტალური მოდელი, იგი მოითხოვს ინოვაციებს და შემოქმედებას,უნარს თანამშრომლობისათვის.მდგრადი განვითარება და მდგრადი აზროვნება ჩვენს ცხოვრებაში დიდ, მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ეკონომიკისა და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.
პროექტი "Vernetzt für Nachhaltigkeit"(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) მასშტაბურია, თავისი სტრუქტურითა და შინაარსით მოიცავს კონფერენციას, სემინარებს, სასკოლო პროექტებს, საზაფხულო ბანაკს და სოლიდური სახელმძღვანელო მეთოდოლოგიური წიგნის გამოცემას. შესაბამისად, პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 11 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტში დიდი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, KFW ბანკის წარმომადგენლებმა. გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ 6 ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან. მათ ამ კონცერენციაზე თავის მოხსენებები წაიკითხეს და ასევე საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მონაწილე პედაგოგებისთვის სემინარებიც ჩაატარეს.
ქალბატონ ბერნადეტ ვერეშის ორდღიანი სემინარის შემდეგ, რომელსაც ქართველი პედაგოგები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, უკვე იგეგმება სასკოლო პროექტების მომზადება და საბოლოოდ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო წიგნის გამოშვება, რასაც პედაგოგების მომავალი თაობა გამოიყენებს. სწორედ გოეთეს ინტიტუტი გამოაქვეყნებს მონაწილე მასწავლებლების პროექტთა ამ კრებულს, ანუ სოლიდურ სახელმძღვანელოს, რომელიც შედგენილი იქნება სწავლების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან. მასში ასახული იქნება საწავლო პროცესისათვის გამოსადეგი კონკრეტული მეთოდები და აღწერილი იქნება პროექტში ჩართული სკოლების გამოცდილებები.
საერთაშორისო პროექტის"Vernetzt fürNachhaltigkeit"(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) დასკვნით-შემაჯამებელ კონფერენცია დეკემბერში გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, ასევე განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები.
საერთაშორისო პროქტი „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ პროექტის მიზანია საქართველოში სხვადასხვა ფორმის თანამშრომლობების ხელშეწყობა მდგრადი განათლების სფეროში.