შემოგვიერთდით facebook-ზე
ვის გამოუცხადა უნდობლობა რუსუდან შარაძემ და რატომ გადაიგზავნა გურამ შარაძის მკვლელობის საქმე მთავარ პროკურატურაში?!
31-08-2015, 14:27  /  ნახვა: 2712

გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ მოითხოვა მამის მკვლელობის საქმე ქალაქის პროკურატურის ნაცვლად მთავარ პროკურატურას გადასცემოდა, მიზეზს კი ის თავის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს: ,,ახლა უკვე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ერთი კვირის წინ, მამაჩემის მკვლელობის საქმე თბილისის პროკურატურიდან მთავარ პროკურატურაში წამოვიღე. გამოძიებას ახალი ჯგუფი გააგრძელებს. ძველმა ჯგუფმა საკმაო სამუშაოები გასწია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა საკმარისი, მეტია საჭირო. თითქოს, გამომძიებელი ვახტანგ ჭიბალაშვილიც არ ჩანს ცუდი, მაგრამ არაა ის, ვინც ამ საქმისთვის ზედგამოჭრილად მიმაჩნია.
თუმცა, საქმის წამოღების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახლახანს გავიგე - თბილისის პროკურორის პირველი მოადგილე - გიორგი ქევხიშვილი, რომელთანაც ინტენსიურად ვთანამშრომლობ, თავის დროზე, ყოფილა სერგო თეთრაძის საქმის პროკურორი და ერთ-ერთი გამყალბებელი. ხელში მაქვს დოკუმენტები და სანამ ისინი არ მოვიპოვე, ეს ინფორმაცია არც საჯაროდ და არც პროკურატურაში არ მითქვამს. გულწრფელად მჯერა ხოლმე სავლეს პავლედ გადაქცევის. შეიძლება, ქევხიშვილისნაირი წარსულის მქონე ადამიანები დღეს ყველაფერს აკეთებენ და სხვაზე მეტადაც ინდომებენ, მაგრამ ჩვენს შორის დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი - ნდობის მომენტი და თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლებლად მივიჩნიე.
გავიგე თუ არა ეს ამბავი, ირაკლი შოთაძეს ვთხოვე რეაგირება. მეორე დღესვე, მან გამაცნო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე და შევთანხმდით, რომ საქმეს ახალი ჯგუფი გადაიბარებს. ეს კარგიც არის იმ მხრივ, რომ ახალი გამომძიებლები, ახალი თვალით შეხედავენ და გააგრძელებენ საქმეს. კიდევ არის გეგმები და დეტალებს სხვა დროს გაგანდობთ. ვშიშობ, საქმე არ დავაზიანო.
არ ვნანობ, რომ მთელი ნდობითა და გულწრფელობით ვეკიდებოდი და ვეკიდები საქმეს. თუ არ ვითანამშრომლე, საიდან გავიგო, თუ რა ხდება, ვინ ვინ არის და ვის რა დამოკიდებულება აქვს გურამ შარაძის მკვლელობის მიმართ? ვისაც გული შეტკივა, დავამშვიდებ, რომ ქვების და ტალახის სროლაც არაა უცხო და მძიმე შესასრულებელი, პირიქით, ბევრად იოლია. მითუმეტეს, რომ სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში, ლანძღვა-გინებით უფრო ხდები "სახელოვანი" და "საქმის გამკეთებელი", ვიდრე ნებისყოფითა და ამათუიმ საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულებით. სააკაშვილის მაგალითი რად ღირს, ყველას ახსოვს, თუ როგორ გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის ლანძღვა-გინებით (სინამდვილეში, მშობელ მამას არ გაუკეთებია მისთვის იმდენი, რაც შევარდნაძემ გაუკეთა) და როგორ ხბოს აღტაცებაში მოჰყავდა ამას ხალხი!!!
ყველა გზა უნდა იყოს მოსინჯული და ამოწურული.
დარწმუნებული ვარ, მამაჩემის მკვლელობის საქმე გაიხსნება. მზად ვიყავი და ვარ ურთულესი გზისთვის!"

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა