შემოგვიერთდით facebook-ზე
თემურ არაბული: მუზების არ მჯერა, ჩემთვის მთავარი შთაგონებაა
31-07-2015, 16:48  /  ნახვა: 5494

შეიძლება, რამდენიმე თვე ისე გავიდეს, ლექსი ვერ დაწეროს, მთაში ერთი კვირით ასულს კი ზოგჯერ ათი ლექსიც ჩამოაქვს. ოცდაერთი წლის ასაკში ასობით ლექსის ავტორია. უკვე ძალინ წარმატებულს და ხალხისთვის საყვარელ პოეტს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი ჟურნალი ,,Geoelite.Ge" მისი ცხოვრებით დაინტერესდა და გავესაუბრეთ.
თემურ არაბული: ბავშვობიდან მახსოვს, დედა კაფიებს წერდა. მეზობლებზე, ნათესავებზე, ახლობლებზე სხვადასხვა ხუმრობებს რითმავდა. მაშინ, ჯერ კიდევ მთაში ვცხოვრობდით. ჩვენთან ასეთი წესი იყო: ვისზეც დაწერდა, ისინი სხვადასხვა საჩუქრებით ჩვენთან მოდიოდნენ, მე ეს ძალიან მომწონდა, მინდოდა, მეც დამეწერა და საჩუქრები ჩემთანაც მოეტანათ.
-როდის დაწერეთ პირველი ლექსი?
- მერვე კლასში ვიყავი, როცა ლექსი დავწერე. ქართულის გაკვეთილზე დავალებად გვქონდა დასაწერი თემა - " სჯობს მონობაში დაცემულს თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი "". მასწავლებელს ვთხოვე და თემა ლექსად დავწერე. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსი იყო გამოცხადებული, სადაც გავიმარჯვე.თემურ არაბული: მუზების არ მჯერა, ჩემთვის მთავარი შთაგონებაა
- როდის გაიცნო ხალხმა თემო არაბული, როგორც პოეტი?
- ხევსურეთში ტაძარი შენდებოდა და საქველმოქმედო ღონისძიება გაკეთდა, სადაც მონაწილეობა მივიღე. ჩემი ლექსები დაახლოებით ხუთას კაციან დარბაზში წავიკითხე.
-ძირითადად როდის წერ?
-ღამით ვწერ, თუმცა ყოფილა შემთხვევა ლექსი ხალხმრავლობაში, ტრანსპორტში, დღისითაც დამიწერია. ახლაც შემიძლია ლექსი დავწერო, თუმცა ასეთ სიტუაციაში დაწერილ ლექსსა და სიწყნარეში დაწერილს შორის დიდი სხვაობაა. მუზების არ მჯერა, ჩემთვის მთავარი შთაგონებაა. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მთა ახდენს, ჩემი ხევსურეთი. ლექსების უმეტესობაში მთა მაქვს ნახსენები.
-ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი?
- ვაჟა ფშაველა.
-კრებული თუ გაქვთ გამოცემული?
-ინდივიდუალური კრებული გამოცემული არ მაქვს, თუმცა იყო შემოთავაზებები. ჯერ პატარა ვარ, გუშინდელ ლექსს დღევანდელი ლექსი მირჩევნია, ამიტომ მინდა, რომ პირველ კრებულში საუკეთესო ლექსები იყოს შეტანილი. საერთო კრებული "სიმშვიდიანი", სადაც შვიდი პოეტის ლექსებია შეტანილი, მათ შორის ჩემი თოთხმეტი ლექსიც არის.თემურ არაბული: მუზების არ მჯერა, ჩემთვის მთავარი შთაგონებაა
-საკუთარი ლექსი თუ დაგიხევია?
-კი, დამიწერია, არ მომწონებია და დამიხევია, ყოფილა შემთხვევა, ლექსი რაღაც ისტორიას ასახავდა, რისი დავიწყებაც მინდოდა და ამის გამოც დამიხევია. ასევე ბევრი ლექსი მაქვს დაკარგული, რაზეც გული მწყდება, ბევრი მათგანი ძალიან მიყვარდა, თუმცა იშვიათია ჩემი ლექსი მიყვარდეს.
-რომელია თქვენი საყვარელი ლექსი?
-საყვარელს ვერ დავარქმევ, უფრო ამოჩემებული, რომელსაც "მე როგორც ცოტათი პოეტი" ჰქვია.
-როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენს ლექსებზე არაერთი სიმღერა იქმნება, პირველად ვინ აამღერა თემო არაბულის რითმები?
-ანსამბლ ,,დები გოგოჭურების" ერთ-ერთმა წევრმა, თამარმა პატარა ისტორია მომიყვა და მთხოვა, რომ სიმღერისთვის ლექსი დამეწერა, სიმღერას "ასე ღიღინში" ჰქვია, რომელიც ჩემს ტექსტზეა შექმნილი. მას შემდეგ სხვადასხვა შემსრულებლებმაც მოინდომეს ჩემი ლექსების ამღერება.
-გარდა იმისა, რომ ხართ პეოტი, სხვას რას საქმიანობთ?
-ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სადაც ჩემს თავს ვერ ვხედავ, თან ვმუშაობ...
-რატომ ვერ ხედავთ საკუთარ თავს თქვენს არჩეულ პროფესიაში?
-არ ვიცი, ძალიან მინდა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყო. კერძოდ რეჟისურა მხიბლავს, ალბათ საბუთებს გადავიტან. მინდა, რომ საკუთარი თავი ამ სფეროშიც გამოვცადო, ხელოვნება ჩემთან უფრო ახლოსაა.
-როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ბავშვობა ხევსურეთში გაქვთ გატარებული, როგორ შეეგუეთ მთიდან ბარად ჩამოსვლას?
-ჩემთვის მთა ყველაფერია, ხევსურეთზე მეტად არაფერი მიხარია, არაფერი მტკივა და არაფერი მინდა. საშუალება რომ მქონდეს, ერთი წამით არ გავჩერდებოდი ქალაქში. ყველაზე მეტად ჩემი შთაბეჭდილების წყარო ხევსურეთია, ყოველ ასვლაზე, რაღაც ახალს ვპოულობ.
-რა არის თქვენი ჰობი?
-ხეზე კვეთა, ძალიან მომწონს ეს საქმე, ვაკეთებდი ჯვრებს, ხატებს, ბოლო დროს, მოუცლელობის გამო ვეღარ ვახერხებ ამ საქმის კეთებას.
-რა არის თქვენი ოცნება, როგორც პოეტის?
-ქუჩაში რომ გავალ, ადამიანების, მხოლოდ მომღიმარ სახეებს ვხედავდე, ქართველებს ერთმანეთის სიყვარული, გვერდში დგომა, პატივისცემა შეგვეძლოს.
-ამჟამად რას საქმიანობთ?
-ვიღებ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვინმეს ვეხმარები.
-რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
-ჩემი სამომავლო გეგმა მხოლოდ და მხოლოდ სწავლაა.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

კომენტარები

მოგწონთ განახლებული დიზაინი

კი
არა