თერთმეტი წელია, რაც რადიო ,,არ დაიდარდო'' არსებობს და გახსნის დღიდან რეიტინგებით პირველ ადგილზეა, წელსაც პირველობა არცერთ FM– ს დაუთმო. ჟურნალი geoelite.ge რადიოს ჰოლდინგის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი მშვენიერაძეს გაესაუბრა. იგი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ამ განხრით არასდროს უმუშავია. რადიოში პირველად 1996 წელს, როდესაც რადიო ,,საქართველოს ხმა'' გაიხსნა, წამყვანად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა და დღემდე ამ სფეროში მუშაობს.
– რამდენი ხანია რაც რადიო ,,არ დაიდარდოში'' ხართ?
– 2004 წლიდან, ანუ გახსნის დღიდან. რადიო ,,არ დაიდარდო" ჩემი ხელმძღვანელობით გაიხსნა. თავიდან რადიო ,,საქართველო" ერქვა. ჰოლდინგში გაერთიანებული იყო რადიო ,,ფორტუნა'' და ,,ფორტუნა+'', შემდეგ დაემატა ,,არ დაიდარდო'' და ,,ავტო რადიო''. ჰოლდინგში, ასევე გაერთიანებულია ტელევიზია – ,,MUSIC BOX""–ი.
– რადიოს როგორი სამუშაო რეჟიმი აქვს?
– ყოველდღიურად გვიწევს პროგრამების გაკეთება, სპონსორებთან შეხვედრები, მომღერლებთან ურთიერთობა, სიმღერის პრემიერები, რამდენიმე წელია ინტერნეტ სივრცეშიც სხვადასხვა საიტებითაც გავაქტიურდით. ასევე ბევრი მუშაობა გვიწევს შემსრულებლებთან, რადგან ყოველ ახალ სიმღერას საფუძველი ჩვენთან ეყრება და ძირითადად ჩვენი რადიოთი ხდება ახალბედა მომღერლის პოპულარობა. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ შოუ–ბიზნესი ჩვენით ცოცხლობს.
–თქვენი აზრით საქართველოში შოუ–ბიზნესი არსებობს?
– ჩვენი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს. ჩვენთან არსებობს ჩამწერი სტუდია – ,,ფორტუნა რეკორდსი'', სადაც სიმღერები თითქმის ყოველდღიურად იწერება, ზოგჯერ კვირაში ხუთი სიმღერის პრემიერა გვაქვს.
– რა კრიტერიუმით არჩევთ სიმღერებს?
– კომპოზიცია, ანუ რა ჟანრის სიმღერაა, როგორი ტექსტია, შემსრულებლის მანერას და არანჟირებას დიდი ყურადღება ექცევა.
– კონკრეტულად, როგორი ტექსტი არ უნდა იყოს სიმღერაში?
– ჟარგონები, უცენზურო სიტყვები, არ გააღიზიანოს მსმენელი და აპოლიტიკური უნდა იყოს.
– სიმღერის მოტანა ყველას შეუძლია?
– დიახ, არ აქვს მნიშვნელობა დამწყები იქნება, თუ დიდი ხნის მომღერალი. იმ შემთხვევაში, თუ სიმღერა ჩვენს ფორმატში არ ჯდება, შემსრულებელს რჩევებს ვაძლევთ და ვეხმარებით შეცდომების გამოსწორებაში. რადიო ჰოლდინგ ,,არ დაიდარდოს'' უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოუჩენია.
– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
– ჩვენ სიახლეები ყოველთვის გვაქვს, სხვადასხვა რუბრიკები, გათამაშებები. შარშან ჰოლდინგმა კონკურსი ,,ოქროს ტალღა'' დაარსა. ყოველწლიურად გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ვაჯილდოვებთ. მთავარი ნომინაცია წლის სიმღერა გახლავთ, მისი შემსრულებელი, კომპოზიტორი, ყველა ის ხალხი, ვინც ამ სიმღერის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. საუკეთესო ჯგუფი, კაცი შემსრულებელი, ქალი შემსრულებელი, საუკეთესო დუეტი, ანსამბლი და წლის აღმოჩენა. ჰოლდინგის თითოეული რადიო ცალ-ცალკე ნომინანტებს აჯილდოვებს. პირველი დაჯილდოება ახალ წელს იყო, რასაც ყოველწლიურად გავაგრძელებთ.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)